2
Jul
2019

ვინ არის ტერა ბოტინი? – ქართველი გოგო, არაქართული სახელით

2 Jul 2019

„კვირაში ერთხელ, დედა საწერ მაგიდას მიუჯდებოდა და ფურცელზე ბაზარში შესაძენი პროდუქტების სიას ადგენდა. გვერდით ფასებს წერდა, რადგან კვების ბიუჯეტი განსაზღვრული გვქონდა და ბაზარში წასვლამდე, საჭირო იყო გაგება — რისი ყიდვა შეგვეძლო, რისი კი — არა. ამ დროს, გვერდით მომისვამდა ხოლმე, ალბათ, ცდილობდა, მოსაბეზრებელი ვალდებულება ცოტა მაინც გაეხალისებინა და თავის ასისტენტად მიხსენიებდა. თავიდან მხოლოდ რიცხვებს მაწერინებდა, შემდეგ კი, მისთვის რჩევების მიცემაც დავიწყე. დროდადრო, ეს საქმე რიტუალად გადაგვექცა და ხარჯების აღრიცხვა ჩემი საყვარელი „თამაში“ გახდა. გაუცნობიერებლად, პირველი დაინტერესება ფინანსებით, სწორედ ასე მოხდა“, – იხსენებს 28 წლის ტერა ბოტინი, ციფრული ფინანსური ასისტენტი, Botin Assistants-ის დამფუძნებელი და IFA-ს გამარჯვებული.

 

ტერას სახელის გაგონებაზე, შესაძლოა, იფიქროთ, რომ წარსული გამოცდილებიდან, მასთან, დიდი ალბათობით, ძალიან ცოტა უნდა გქონდეთ საერთო – სახელზე მოგვიანებით… თუმცა, წარმომავლობაზე ახლა გეტყვით, რომ ქართველია და მარტივი მათემატიკური გამოთვლებითაც მივხვდებით, რომ სახლში შუქის მოსვლა მასაც ისევე აცვიფრებდა ხოლმე, როგორც ჩვენ:

დავიბადე თბილისში, მაშინ, როდესაც ჩვენს დედაქალაქში არეულობა ჩვეული მდგომარეობა იყო. ჩემს ოჯახს, როგორც იმ დროს უმრავლესობას, მატერიალურად ძალიან უჭირდა. უშუქობა — 90-იანების ჩვეული მოვლენა, ჩემზე უარყოფითად არ მოქმედებდა, პირიქით, მიყვარდა კიდეც, როდესაც სანთელს მთელი ოჯახი შემოვუსხდებოდით ხოლმე. უფროსები ძველ ამბებს იხსენებდნენ, მე კიდევ, ყურადღებით ვისმენდი ჩემი ოჯახის ისტორიებს, – ტერა ბოტინი

ტერას იმ გზაზე მოვაყოლეთ, 90-იანებიდან დღემდე რომ მოიყვანა მანამ, სანამ ციფრული ფინანსური ასისტენსის როლს მოირგებდა:

M: ტერა, როდის და როგორ დაუკავშირეთ ცხოვრება ფინანსებს?
საქართველო მალევე დავტოვე და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში, კერძოდ, ატლანტაში გადავედი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს პროფესიაზე კონკრეტულად ერთმა გარემოებამ იმოქმედა, უფრო ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ჩემი ფინანსური ასისტენტობა. გარდა იმისა, რომ სკოლის ასაკში ხარჯების განაწილება ჩემი საყვარელი „თამაში“ იყო, ამოცანების ამოხსნა კარგად გამომდიოდა და ტექნიკურ საგნებშიც ყოველთვის უმაღლესი შეფასება მქონდა. ტინეიჯერობის ასაკში კი, შემოსავლის სწორად ხარჯვაზე, დაზოგვასა და სხვა ფინანსურ თემებზე ბლოგების წერა დავიწყე. მახსოვს, ბლოგის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ იმ დროს, ატლანტას პატარა კაფეში მიმტანად ვმუშაობდი, თან, მეზობლის ძაღლებს ვასეირნებდი,  ჩემი პირველი, მცირე შემოსავლის გადანაწილება მიჭირდა და როდესაც ალღო ავუღე ფულის ხარჯვას, გადავწყვიტე, სხვა ჩემნაირ გოგო-ბიჭებს დავხმარებოდი. ფინანსების მიმართ გამოკვეთილი ინტერესი უყურადღებოდ არ დავტოვე და გადავწყვიტე, ფინანსური ტექნოლოგიების სამხრეთის უნივერსიტეტში ჩამებარებინა.

M: შემოსავლის პირველ წყაროს პირველ სამსახურად მიიჩნევთ?
უნივერსიტეტში ჩაბარებას უკავშირდება ჩემი რეალური პირველი სამსახური — ფინანსური გამოცემა “World Finance Issue-სთვის“ ანალიტიკური სვეტის წერა. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტი ვიყავი და მთელ დღეს ლექციებზე ვატარებდი, რედაქტორი ფრილანსად მუშაობაზე დამთანხმდა. წერას მხოლოდ მაშინ ვახერხებდი, როდესაც მეცადინეობას ვასრულებდი და ეს, ძირითადად, გვიან ღამით ხდებოდა.

M: გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაში მიღებულ ყველაზე რთულ გადაწყვეტილებაზე… რა გამოცდილებამ გაგაძლიერათ პიროვნულად/პროფესიულად? 
ჩიკაგოს ტექნოლოგიისა და ინოვაციის აკადემიაში MBA-ის მიღებამ, შემდეგ კი, CFA სერტიფიცირებამ თავდაჯერება შემმატა და როდესაც სან-ფრანცისკოში, უმსხვილეს ფინანსურ საკონსულტაციო კომპანია CCG-ში პერსონალურ ფინანსურ ასისტენტად მიმიღეს, ამ ფაქტს საკმაოდ მშვიდად შევხვდი, თითქოს, ასეც უნდა მომხდარიყო. ერთი წლის განმავლობაში თავს არ ვზოგავდი, სხვა ფინანსურ ასისტენტებთან შედარებით ასაკით პატარა ვიყავი,  თუნცა მიუხედავად ამისა, ციფრული ფინანსური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს.

ამ ფაქტმა სასიამოვნოდ გამაოცა, მაგრამ შევშინდი და უარის თქმა დავაპირე, არ ვარ მზად ასეთი პასუხისმგებლობის აღებისთვის-მეთქი. მოსაფიქრებლად ერთი კვირა მომცეს. ჩემი აზრები ორად გაიყო, ერთ მომენტში წარმოუდგენლად მეჩვენებოდა შემოთავაზებაზე დათანხმება, მეორე წამს კი, ვხვდებოდი – დიდი სისულელე იქნებოდა ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. კითხვა რომ დავსვი, რატომ მე, ამ დეპარტამენტში ხომ ჩემზე უფრო გამოცდილი კადრებიც არიან-მეთქი, მიპასუხეს, რომ გამოცდილებაზე მნიშვნელოვანი შენი ინოვაციური ხედვა და ახალ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულობაა და დეპარტამენტის განვითარებას, სწორედ ტექნოლოგიების საშუალებით ვხედავთო. ურთულესი გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი. ვფიქრობ, საკუთარი პერსონალური ფინანსური ასისტენტების კომპანიის ‘Botin Assistant’ დაარსება და IFA-ს ჯილდოც, სწორედ ამ გადაწყვეტილების დამსახურებაა.

M: რა არის თქვენს პროფესიაში მთავარი სირთულე?
სანამ ამ კითხვას ვუპასუხებ, ჯერ განვსაზღვროთ, რას აკეთებს კარგი პერსონალური ფინანსური ასისტენტი და ამ პროფესიის სირთულესაც ნათლად დაინახავთ. ის ეხმარება ადამიანებს ფინანსების სწორად განკარგვაში, მაგრამ რას ნიშნავს ფინანსების სწორად განკარგვა? სწორედ აქ იმალება მთავარი სირთულეც. ფინანსური ასისტენტობის გაწევის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად მიუდგე. საჭიროა, იცოდე მისი ინტერესები და ხვდებოდე, რა აბედნიერებს მას, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ პრიორიტეტების სწორად დალაგებასა და მისი შემოსავლის ეფექტურად განკარგვას.

M: რომ არა ფინანსისტი – პროფესიით ვინ იქნებოდით?
ფოტოგრაფი ან მოდის კრიტიკოსი. ზოგადად, მგონია, რომ ყველა ადამიანმა პროფესია იმის მიხედვით უნდა აირჩიოს, რისი კეთებაც სიამოვნებს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, თუ სამომავლოდ, ჩემს რეზიუმეს ფოტოგრაფის რეგალიაც შეემატება. M: გარდა პროფესიულისა, რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას?
როგორც უკვე ვთქვი, მიტაცებს ფოტოგრაფია. ყველაზე მეტ შთამბეჭდავ ფოტოს მოგზაურობისას ვიღებ, ალბათ, იმიტომ, რომ ისე ვერ ვახერხებ დროის გამონახვას. კიდევ წერა მიყვარს, როგორც უკვე გიამბეთ, მოზარდობისას ბლოგებს ვწერდი, შემდეგ ანალიტიკური სვეტის ავტორიც ვიყავი… ვფიქრობ, სამომავლოდ აუცილებლად განვაგრძობ წერას, იქნებ, ერთ დღეს, ფინანსურ საკითხებზე წიგნიც გამოვცე. 

M: დაასრულეთ წინადადება: „ყველაზე მეტად გამიმართლა, რომ…“
არ მახასიათებს სიზარმაცე და მოვხვდი სწორ დროს, სწორ ადგილას.

M: ადამიანი თუ არსებობს, ვისთვისაც მადლობის თქმა გინდათ…
კი. ჩემთვის ასეთი ადამიანი ანა პატრიცია ბოტინია. მოზარდობისას, ხშირად ვუსმენდი მის გამოსვლებს საერთაშორისო კონფერენციებზე და ყოველთვის აღმაფრთოვანებდა მისი მიღწევები. ერთ დღეს, ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე შესაძლებლობა მომეცა, გამეცნო და პირადად გავსაუბრებოდი მას. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს, წარმატებული ფინანსური ასისტენტი ვარ, ალბათ ისიც, რომ ფინანსური ასისტენტების საკუთარი კომპანია დავაარსე. იმასაც შეამჩნევდით, რომ ფსევდონიმად სწორედ მისი გვარი ავიღე. ის არის ადამიანი, რომელიც მოტივაციას მაძლევს იმისთვის, რომ საკუთარ თავზე უფრო და უფრო მეტი ვიმუშაო.

ტერა ფიქრობს, რომ საკუთარი მოწოდება იპოვა და უკვე სურვილი აქვს, საქართველოში დაბრუნდეს და დაგროვებული გამოცდილებით ქართული ფინანსური სერვისის სექტორი განავითაროს.

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა