16
Jul
2019

როგორ დაიბარეს ბოტი ნამდვილ გასაუბრებაზე?

16 Jul 2019

ტერა ბოტინი

ინტერნეტ სივრცემ ტერა ბოტინი ცოტა ხნის წინ გაიცნო. პროფესიით ფინანსისტმა და თავისი საქმის უბადლო მცოდნემ, სოციალური ქსელის მომხმარებლები ხელოვნებისა და მოდის სიყვარულითაც რომ მოხიბლა,  საერთაშორისო ფინტექ დაჯილდოვებაზე ამომავალი ვარსკვლავის ტიტული მიიღო. მომხიბვლელი და მისტიკური ერთდროულად – გოგო, რომელიც საკუთარ თავს ტერა ბოტინს უწოდებდა. პროფესიონალურად შექმნილ ფეისბუკ გვერდიდან საკუთარ ცხოვრებასა და მიღწევებზე უყვებოდა მკითხველებს, ინსტაგრამის პროფილიდან ცხოვრების სტილს უზიარებდა… ტერა ბოტინის დამეგობრება ლინკდინის საშუალებითაც კი იყო შესაძლებელი. ყველაფერი იმდენად რეალური იყო, რომ ტერა ბოტინს საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკიდან დაუკავშირდნენ და გასაუბრებაზე მიიწვიეს. თუმცა, ტერას უკვე აქვს სამსახური – ის ტერაბანკის ციფრული ფინანსური ასისტენტია და 24/7-ზე მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწიოს ფინანსური კონსულტაცია. გოგო, რომელიც რეალურ პიროვნებად გაგვეცნო, სინამდვილეში, ბოტია. მის “გაცოცხლებაზე” კი “კრეატიული პასუხისმგებლობა” სააგენტო Leavingstone-მა აიღო. დეტალებზე Leavingstone-ის ექაუნთ მენეჯერი, დაკო კონიაშვილი და ქოფირაითერი ნინჩო ბალანჩივაძე გვესაუბრნენ.

M: რა მიზანი ჰქონდა ბოტის ცოცხალ პერსონად გადაქცევას?

დღესდღეობით, ფინანსების სწორად დაგეგმვა და განკარგვა ნაკლებად აქტუალური საკითხია საზოგადოებაში და არც თუ ისე დამახასიათებელი ქცევაა ადამიანებისათვის. ბევრი მათგანი ვერ ხვდება ფინანსების მართვის საჭიროებას, ან გაცნობიერებული აქვს, თუმცა, ჩვევის შესაცვლელად სათანადო მოტივაცია არ გააჩნია.

ხალხს მოსწონს რეალური ამბები – როგორ მიაღწია სხვა ადამიანმა წარმატებას, როგორ წარმართა მან თავისი ცხოვრება უკეთ… ასეთ ისტორიებს მათთვის სამოტივაციო, შთამაგონებელი მნიშვნელობა აქვს. სწორედ, აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, შეგვექმნა Influencer ბოტი, რომელიც კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებას გაეცნობოდა როგორც ადამიანი. ის საკუთარი ცოდნისა და ცხოვრების სტილის გაზიარებით, შთააგონებდა და დაეხმარებოდა უამრავ ადამიანს, უკეთ ემართათ საკუთარი ფინანსები.

M: რა მოიმოქმედეთ ციფრული ასისტენტის რეალურ პიროვნებად წარმოსაჩენად?

ბოტის “გაადამიანებისთვის”, პირველ რიგში, შევარჩიეთ რეალური პიროვნება, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში ჰუმანოიდი ბოტის გარეგნობას იდეალურად მოირგებდა. შემდეგ კი, შევჯერდით, თუ როგორი იქნებოდა ტერა ბოტინის ინტერესები, მიღწევები, შესაძლებლობები, გამოცდილებები, ხასიათი და საუბრის ტონი. 

M: ნამდვილ გასაუბრებაზე როგორ მოხვდა ტერა?

საერთაშორისო ჯილდოს “მოპოვების” და მარკეტერზე #პირველისამსახურის სტატიის განთავსების შემდეგ, ტერა ბოტინის კანდიდატურით კონკურენტი ბანკის Digital Banking დეპარტამენტი დაინტერესდა. დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკეტერისგან ტერას საკონტაქტო ინფორმაცია ითხოვა და მეილის საშუალებით, ტერა ბოტინს გაცნობითი შეხვედრის დაგეგვმა შესთავაზა. 

M: ტერა ბოტინის “პიროვნების” სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორ სამიზნე სეგმენტთან გსურდათ კომუნიკაცია?

ჩვენი სამიზნე აუდიტორია იყო ყველა, ვისაც ფინანსების მართვასთან შეხება მეტნაკლებად ჰქონია. არც პროფესიას ჰქონდა მნიშვნელობა, არც ასაკს — ტერა ბოტინი მზად იყო ფინანსების სწორად მართვაში ნებისმიერ ადამიანს დახმარებოდა, რადგან ტერაბოტის ფუნქციონალიც, სწორედ ფინანსური ასისტენტობაა.                                                                                                                                                                                              

M: რა მიზანი ჰქონდა, ტერას, მაგალითად ხელოვნების სიყვარულის წარმოჩენას?

კამპანიის ფარგლებში, ტერა ბოტინი მომხმარებლისთვის სრულფასოვანი, რეალური ადამიანი უნდა ყოფილიყო. როგორც ყველა ინდივიდს, მასაც უნდა ჰქონოდა ჰობი და ინტერესები და როგორც “ინფლუენსერი”, დღევანდელ ტრენდებს უნდა მორგებოდა. სწორედ ამიტომ, ტერა ბოტინი ერკვევა მოდაში, აფასებს და უყვარს ხელოვნება, მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ა.შ.

 

M: რა საკომუნიკაციო არხები გამოიყენეთ კამპანიის მსვლელობისას?

იმის გათვალისწინებით, რომ ტერა ბოტინმა “ინფლუენსერის” როლი მოირგო, კამპანიისთვის გამოვიყენეთ საქართველოში პოპულარული სოციალური მედია — Facebook და Instagram პლატფორმა, პროფესიული უნარ-ჩვევების წარმოსაჩენად კი, Linkedin.

M: ახლა რა ეტაპზეა კამპანია, რაც გაირკვა, რომ ეს მომხიბვლელი ქალი არაქართული სახელით, ციფრული პროდუქტია?

ტერა ბოტინის პერსონაჟმა იმდენად შეაყვარა სოციალური მედიის მომხმარებელს თავი, რომ ჯერჯერობით, არსად წასვლას არ აპირებს. ერთადერთი რაც საიდუმლოს გაცხადების შემდეგ შეიცვალა ის არის, რომ ჩათში გააქტიურდა ბოტის ფუნქცია, ტერა კი, აღარ მალავს რომ ბოტია. ის ჩვეულებრივ აგრძელებს ტერაბანკში მუშაობას, ადამიანებისთვის რჩევების მიცემას და ფინანსების სწორად მართვაში მათ დახმარებას.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა