21
Oct
2019

ბოტია-ადამიანი? – ტერაბანკის ორბუნებოვანი ინფლუენსერი

21 Oct 2019

„ფილმის გადაღებები ჩაშლის საშიშროების ქვეშაა, როდესაც მსახიობი, რომელსაც მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, გადაღებებზე უარს განაცხადებს. რეჟისორი მის შეცვლას ციფრული მსახიობი სიმონათი გადაწყვეტს, რომელიც კომპიუტერის დახმარებითაა შექმნილი. თუმცა, ციფრულ გოგონას საზოგადოება, როგორც ნამდვილს, ისე მიიღებს“, – ეს ენდრიუ ნიკოლის მიერ, 2002 წელს გადაღებული ფილმის „სიმონა“ ანოტაციაა… ფილმის, რომელმაც ბავშვობისას, ალბათ, ბევრ ჩვენგანზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

17 წლის შემდეგ, ანალოგიური განცდა მქონდა, როდესაც პროფაილს ვწერდი ქართველ გოგოზე, არაქართული სახელით – 28 წლის ციფრულ ფინანსურ ასისტენტზე, Botin Assistants-ის დამფუძნებელსა და IFA-ს გამარჯვებულ ტერა ბოტინზე, სადაც ის მიყვებოდა:

დავიბადე თბილისში… მაშინ, როდესაც ჩვენს დედაქალაქში არეულობა ჩვეული მდგომარეობა იყო. ჩემს ოჯახს, როგორც იმ დროს უმრავლესობას, მატერიალურად ძალიან უჭირდა. უშუქობა — 90-იანების ჩვეული მოვლენა, ჩემზე უარყოფითად არ მოქმედებდა, პირიქით, მიყვარდა კიდეც, როდესაც სანთელს მთელი ოჯახი შემოვუსხდებოდით ხოლმე. უფროსები ძველ ამბებს იხსენებდნენ, მე კიდევ, ყურადღებით ვისმენდი ჩემი ოჯახის ისტორიებს, – ტერა ბოტინი.

ყველა დეტალი განსაკუთრებულად ნაფიქრი და ზედმიწევნით შერჩეული იყო – ტერა ბოტინის ინტერესები, მიღწევები, შესაძლებლობები, გამოცდილება, ხასიათი თუ საუბრის ტონი.

როდესაც „ლივინგსტონმა“, რომელიც საკომუნიკაციო კამპანიაზე მუშაობდა, ტერა ბოტის ადამიანად წარმოჩენა შემოგვთავაზა, მალევე დავთანხმდით. თუმცა, დეტალებზე, ფორმაზე ბევრს ვმსჯელობდით და გულწრფელად რომ ვთქვა, ვღელავდით კიდეც, რადგან არ ვიცოდით, საზოგადოება ტერა ბოტინის პერსონაჟს როგორ მიიღებდა. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა, – ნინა აბდუშელიშვილი, ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერი.  

ტერა ბოტინის შექმნის პროცესი ძალიან ცოცხალი იყო. ჩვენ მის პიროვნებას ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებდით. ბოტის „გაადამიანებისთვის“, პირველ რიგში, რეალური პიროვნება შევარჩიეთ, რომელიც ჩვენს წარმოდგენაში ჰუმანოიდი ბოტის გარეგნობას იდეალურად მოირგებდა. შემდეგ კი, მის პიროვნულ და პროფესიულ მახასიათებლებზე შევჯერდით, – ლივინგსტონის“ გუნდი

სტატიას ტერა ბოტინზე კი კომენტარები მოჰყვა, მაგალითად, ასეთი:

„მიხარია, როდესაც თქვენნაირ ახალგაზრდებს აღმოვაჩენ ხოლმე, რა თქმა უნდა, ქართველები მყავს მხედველობაში. წარმატებას გისურვებ, ჭკვიანო და ლამაზო გოგო!

„თუ დაბრუნდებით და ცოდნას მოახმართ თქვენს სამშობლოს, ამაზე კარგი რა იქნება“.

„რა მნიშვნელობა აქვს, ხალხნო, რა ჰქვია, ან რა გვარია. ქართველია და წარმატებულია. უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ“.

იყო ასეთებიც:

„აუფჰ… ეს რობოტი რომაა, მგონი აქ არავინ იცის…“

„მადლობა ტერაბანკს, რომ ასე გულიანად მაცინა კომენტარებზე“.

მოკლედ, ზოგმა დაიჯერა, რომ ტერა ბოტინი წარმატებული ქართველი გოგო იყო, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობდა, ზოგმა არ დაიჯერა და საჯაროდ წერდა, რომ ის ტერაბანკის ბოტი იყო.

კამპანიის დაწყების იდეაზე, მის ამოცანებსა და შედეგებზე მარკეტერი ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერ ნინა აბდუშელიშვილს ესაუბრა:

M: ნინა, გვიამბეთ ტერა ბოტინის კამპანიაზე… რა გქონდათ სათქმელი აუდიტორიისთვის, როცა კომუნიკაციას იწყებდით?
კამპანიის დაწყების ინსპირაციად ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი – ტერა ბოტი იქცა. ზოგადად, ტერაბანკისთვის ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზება პრიორიტეტია, თუმცა წელს, მის განსახორციელებლად დისტანციური მომსახურების ტრენდი – ხელოვნური ინტელექტი შევარჩიეთ და ბოტის შექმნა გადავწყვიტეთ.

ტერა ბოტის ფუნქციონალსა და ტექნიკურ მხარეზე კომპანია „ოპტიოსთან“ ერთად ვმუშაობდით. პროცესში მარტივი ბოტი კიდევ უფრო დაიხვეწა და მის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური მოდული — პერსონალური ფინანსური ასისტენტი შეიქმნა. რადგან პროდუქტი განსხვავებული აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, მისი გამოჩენა ეფექტური ყოფილიყო და ტერა ბოტი საზოგადოებისთვის საინტერესო კამპანიით წარგვედგინა.

M: საკომუნიკაციო ციფრული პერსონაჟი როგორ შეირჩა? 
აუდიტორიას ნამდვილი ამბები მოსწონს: როგორ მიაღწია კონკრეტულმა პირმა წარმატებას, როგორ შეძლო მან ცხოვრების უკეთ წარმართვა — ამ ისტორიების მოსმენა სხვებისთვის მართლაც ინსპირაციული შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბოტი საზოგადოებას რეალურ ადამიანად გავაცანით, რომელიც მას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა; ბევრ ადამიანს შთააგონებდა და მათ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვაში ეხმარებოდა. 

M: რა ამოცანა უნდა შეესრულებინა ტერა ბოტინს?
ფინანსების სწორად დაგეგმვა, დღეს, ნაკლებად აქტუალური საკითხია. მისი საჭიროება ადამიანებს არც ისე კარგად აქვთ გაცნობიერებული, ან ხვდებიან, მაგრამ შესაბამისი ჩვევის შესაცვლელად მოტივაცია არ აქვთ. ვიფიქრეთ, რომ კამპანიით სწორედ ეს დამოკიდებულება შეგვეცვალა: მათი ნაწილისთვის ფინანსების სწორად მართვის მნიშვნელობა გვეჩვენებინა, ნაწილისთვის კი მოტავიცია მიგვეცა.

M: და როგორ ფიქრობთ, დასახულ მიზანს მიაღწია წარმატებულმა ქართველმა გოგომ – ტერა ბოტინმა?
ჩვენი მხრიდან, ყოველგვარი ზედმეტი მხარდაჭერის გარეშე, ტერა ბოტინს მედიის წარმომადგენლები სწერდნენ, ეთერში იწვევდნენ, „ლინკდინზე“ კი მას სამსახურსაც სთავაზობდნენ. სხვათა შორის, ასეთი წინადადება მან კონკურენტი ბანკისგანაც მიიღო. თანდათან ეს ინტერესი დადებით დამოკიდებულებასა და ემოციებში გადაიზარდა. ბევრი ადამიანი ტერა ბოტინს რჩევას არა მარტო ფინანსებზე, არამედ პირად საკითხებზეც სთხოვდა, ზოგი კი პაემანზეც ეპატიჟებოდა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იგი ბევრისთვის არა მარტო ფინანსური მრჩეველი, არამედ მეგობარიც გახდა.

მოკლე დროში დაგროვილმა მოწონებებმა, უნიკალური მომხმარებლებისა და შეტყობინებების რაოდენობამ აჩვენა, რომ ეფექტურთან ერთად, კამპანია საკმაოდ ეფექტიანიც აღმოჩნდა.ტერა ბოტინის კამპანია, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. გამოდის, რომ დღეს, უკვე ყველამ ვიცით, რომ ტერა ბოტინი, რეალურად, არ არსებობს. თუმცა კი მას, როგორც ყველა ადამიანს, აქვს ჰობი, ინტერესები… თანამედროვე ტრენდებს მიჰყვება, ერკვევა მოდაში, აფასებს ხელოვნებას, ჯანსაღი ცხოვრების წესი მოსწონს და გამოცდილებას სოციალური ქსელებით აზიარებს.

ესაა მისი ადამიანური მხარე. რაც შეეხება მისი, როგორც ბოტის შესაძლებლობებს, ამ ეტაპზე ტერაბანკის ინფლუენსერი ბოტი მომხმარებლებს ფინანსურ ასისტენტობას მესენჯერის საშუალებით უწევს. 

[R]

ავტორი: თიკა გეგენავა

განხილვა