ტერაბანკს საინტერესო და სასარგებლო ინიციატივების საზოგადოებისთვის შეთავაზება უკვე ტრადიციად ექცა. თუკი წინა ზაფხულში იგი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას “ტერაბაიკებით” ეწეოდა, წელს მისმა ფილიალებმა ერთგვარი “ტურისტული ცენტრების” როლი მოირგეს. ყველაფერი ეს კი ქართული ტურიზმის მხარდაჭერას ემსახურებოდა, რომელიც წელს ალბათ ყველაზე აქტუალური თემა იყო. თუ საიდან გაჩნდა ტერამოგზაურის კამპანიის შექმნის იდეა და როგორ წარიმართა იგი, ყველაფერ ამის შესახებ ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერს, სალომე ქოქოსაძეს გავესაუბრეთ:
M: საიდან გაჩნდა ტერამოგზაურის კამპანიის შექმნის იდეა და რატომ გადაწყვიტეთ რომ წლევანდელ ზაფხულს ეს სერვისი შეგეთავაზებინათ მომხმარებლისთვის?
ისევე როგორც შარშან, ამ ზაფხულსაც განსხვავებული და სასარგებლო ინიციატივის განხორციელება გვინდოდა. როდესაც იდეაზე ვფიქრობდით და სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავდით, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მიმართულება – შიდა ტურიზმის მხარდაჭერა – თავად გვიკარნახა. ამასობაში #spendyoursummeringeorgia-ც დაიწყო და გადავწყვიტეთ, ამ პროცესების ნაწილი აუცილებლად გავმხდარიყავით, ინიციატივას გამოვხმაურებოდით და ჩვენი რესურსით ტურისტული ბიზნესების წარმომადგენლებს დავხმარებოდით.
ამავდროულად, გვინდოდა, რომ ჩვენი კამპანია მოგზაურებს საქართველოს აღმოჩენაში, უნიკალური ადგილების მონახულებასა და გამორჩეული მოგონებების შეგროვებაშიც დახმარებოდა. საზაფხულო კამპანიის კონცეფცია და განხორციელება კრეატიულ სააგენტო „ვინდფორსს“ ეკუთვნის.
M: კონკრეტულად, რას მოიცავდა კამპანია “გახდი ტერამოგზაური”?
კონცეფციის მიხედვით, კამპანია ორი მიმართულების მხარდაჭერას აერთიანებს: ტურისტული ბიზნესების და მოგზაურების. გვინდოდა, არც ერთი რგოლი არ დარჩენილიყო ყურადღების მიღმა, ამიტომ ჩვენი აქტივობებიც ორივე მიმართულებით დავგეგმეთ.
მთავარი გამოწვევა დროის სიმცირე იყო, თუმცა ამის მიუხედავად, პირველი აგვისტოსთვის უკვე ყველაფერი მზად გვქონდა: თბილისისა და რეგიონების ფილიალების ვიტრინებში ტურისტული ბიზნესების შეთავაზებები გამოჩნდა. ტერაბანკის მონიტორებზე, ბანკომატებსა და ციფრულ არხებში საოჯახო სასტუმროების, ტურებისა თუ აქტივობების შესახებ ინფორმაცია განთავსდა. ფილიალებში გამოჩნდნენ წინასწარ გადამზადებული თანამშრომლები, რომლებმაც ტურისტული მრჩევლების ბეიჯები მოირგეს და ჩვენს ფილიალებში მოსულ ნებისმიერ მოგზაურს საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე, საინტერესო მარშრუტებსა და კვების ობიექტებზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ. გარდა იმისა, რომ ბრენდის ციფრული არხები ტურისტულ ბიზნესებს სრულიად უფასოდ დავუთმეთ, ტერა მოგზაურის ონლაინ პლატფორმა შევქმენით. ამ ვებგვერდზე დაინტერესებული მომხმარებელი მისთვის საინტერესო რეგიონში არსებულ ტურისტულ ბიზნესზე ინფორმაციას მარტივად იპოვის. კამპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვან ნაწილს ლინგვინგის მხარდაჭერა წარმოადგენდა. ჩვენი დახმარებით აპლიკაციას სპეციალურად ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ინგლისური ენის უფასო კურსი დაემატა, რომელიც უკვე საკმაოდ პოპულარულია. ამ ამბის შესახებ მარკეტერის მკითხველს უკვე მოვუყევით.
პარალელურად, მთელი კამპანიის განმავლობაში მოგზაურობის ინტერესის გასაზრდელად სხვადასხვა ფილიალში გათამაშებები გვქონდა, რამაც მომხმარებლების ჩართულობა კიდევ უფრო გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად კამპანიისთვის მწერალმა და ფოტოგრაფმა, არჩილ ქიქოძემ საქართველოს გამორჩეულ მარშრუტებზე გვიამბო, ჩვენ კი ეს ნაამბობი ბროშურებად ვაქციეთ და მოგზაურებს გავუზიარეთ. კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში კი ტერა მოგზაურის ინიციატივას ქართველი ფოტოგრაფებიც შემოუერთდნენ და ჩვენს ფეისბუქის გვერდზე საკუთარი ნამუშევრები გაგვიზიარეს. მომხმარებლები გამოგვიტყდნენ, რომ ამ პატარ-პატარა ისტორიებითა და ულამაზესი ფოტოებით საქართველო ხელახლა აღმოაჩინეს.
M: როგორი შედეგებით დასრულდა ეს კამპანია?
კამპანია ჯერ არ დასრულებულა. უფრო მეტიც, იგი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ, დეკემბრამდე გაგვეგრძელებინა. ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგზაურობა ჩვენი ტურისტული მრჩეველების დახმარებით დაგეგმა და საინტერესო ადგილები აღმოაჩინა. სხვათა შორის, არჩილ ქიქოძის მიერ სპეციალურად ამ კამპანიისთვის დაწერილი მარშრუტებიდან ერთ-ერთი გავაცოცხლეთ და ტერა მოგზაურები ვაშლოვანის ნაკრძალში წავიყვანეთ.
ამას გარდა, კამპანიაში ბევრი ტურისტული ბიზნესიც ჩაერთო, ჩვენს საიტზე რეგისტრაცია გაიარა და ხმა უფრო მეტ მოგზაურს მიაწვდინა.
M: სამომავლოდ თუ იგეგმება მსგავსი, ე.წ „კონტექსტიდან ამოვარდნილი“ კამპანიების განხორციელება?
ტერაბანკისთვის სასარგებლო ინიციატივებისა და კამპანიების განხორციელება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამიტომ ამ კუთხით მუშაობას სამომვალოდაც გავაგრძელებთ.
[R]