in

ტერაბანკის მხარდაჭერით, Windfor’s სახელოსნოების საპილოტე პროგრამა წარმატებით შედგა

ივნისიდან „ტერაბანკის” მხარდაჭერით, Windfor’s-მა შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო. ორი თვის განმავლობაში მონაწილებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა შემოქმედებით პროფესიას არაფორმალური, პრაქტიკაზე ორიენტირებული მეთოდებით დაუფლებოდნენ. ტერაბანკისთვის ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი CSR მიმართულებაა, ამიტომ ბანკმა Windfor’s-ის ინიციატივას მხარი ენთუზიაზმით დაუჭირა. რაც შეეხება თავად  Windfor’s-ს, ის სამომავლოდ საგანმანათლებლო მიმართულებებით მსგავსი პროგრამების გაფართოებასაც გეგმავს.

Windfor’s სახელოსნოების პირველი ნაკადის კურსი ივლისის ბოლოს დასრულდა. სტუდენტებმა სამი მოდული — დიზაინი, ანიმაცია და ფოტოგრაფია გაიარეს. პროგრამის ბოლოს კი მათ ტერაბანკის ბრიფზე დაყრდნობით, იმუშავეს პროექტზე, რომელიც ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებას, გარემოზე ზრუნვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხებოდა. „პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ორიენტირებული რომ ყოფილიყო, მონაწილეებს შესაძლებლობა მივეცით, რეალურ დავალებაზე ემუშავათ. პირველად ჰქონოდათ შეხება ბრიფთან, რათა ენახათ, როგორ გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა დამკვეთის პროექტებს სარეკლამო სააგენტოები. მოგეხსენებათ, ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი აქცენტი გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესია. პროგრამის მონაწილეები კი იყვნენ 17-21 წლის ახალგაზრდები — იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებისთვის ეს საკითხი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ორი CSR მიმართულება ამგვარად გაგვეერთიანებინა და პრაქტიკული შედეგის სახე მიგვეცა”, – ნინი სუჯაშვილი, „ტერაბანკის” მარკეტინგის მენეჯერი.

პირველი ნაკადის დასრულების შეჯამება თავად პროექტის განმახორციელებელ Windfor’s-ს ვთხოვეთ:

M: როგორ შეაჯამებდით შემოქმედებით სახელოსნოებს, მიიღეთ თუ არა ის შედეგი, რაც თავიდან გქონდათ განსაზღვრული?

Windfor’s-ი დაარსების დღიდან ითავსებდა საგანმანათლებლო პლატფორმის ფუნქციებს. წლების მანძილზე მწიფდებოდა იდეა, შეგვექმნა სივრცე განსხვავებული სწავლების ფორმატით, რომელიც ახალგაზრდებს შემოქმედებითი ინდუსტრიის კარს გაუღებდა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა „Windfor’s სახელოსნოები” – შემოქმედებით მიდგომებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების კურსი 17-დან 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის. სწავლება ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით ხდება – თეორიული და პრაქტიკული სესიებით, სტუდენტები ცოდნასა და გამოცდილებას უშუალოდ სფეროს პროფესიონალებისგან იღებენ. მენტორები ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში ეხმარებიან. Windfor’s სახელოსნოების პირველ გამოშვებას 15 კურსდამთავრებული ჰყავს. სახელოსნოების მონაწილეები დიდი ინტერესითა და ჩართულობით ესწრებოდნენ ვორქშოპებს და თავიანთი იდეების სხვადასხვა მედიუმში გამოხატვას სწავლობდნენ. ეს ახალგაზრდები პროფესიის არჩევის მნიშვნელოვან ეტაპზე არიან და სახელოსნოები მათთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. ბევრი მათგანი აქტიურადაა დაინტერესებული თავიანთი საქმიანობის ანიმაციის, დიზაინისა და ფოტოგრაფიის მიმართულებით გაგრძელებაში.

M: რა შეისწავლეს ამ 2 თვის განმავლობაში სტუდენტებმა, როგორ შეირჩა კონკრეტულად ეს მიმართულებები და როგორი იყო სწავლის პროცესი?

პირველ ეტაპზე პროგრამა სამ ძირითად მოდულს მოიცავდა – ანიმაციის, დიზაინისა და ფოტოგრაფიის სახელოსნოები. სამივე მიმართულებით მრავალფეროვანი პრაქტიკების ინტეგრაციას შევეცადეთ: დიზაინის სახელოსნოში, ახალგაზრდები ხატვის გარდა სერიგრაფიით ბეჭდვის ტექნიკას ეზიარნენ. ანიმაციის სახელოსნოში 2D და თოჯინური (სტოპ მოუშენის) ანიმაციის პრინციპებს. ფოტოგრაფიის სახელოსნოში კი – ფოტოგრაფიის ტექნიკებსა და Dark Room-ში ფოტოების გამჟღავნების სპეციფიკას. პროგრამაში მენტორებად ჩართული იყვნენ სფეროს პროფესიონალები: ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სახელოსნო: ტატო ახალკაციშვილი, ნათია კვარაცხელია, ნანა ყირმელაშვილი Gallery N Style. ფოტოგრაფიის სახელოსნო: გურამ წიბახაშვილი, გიორგი შენგელია, ელინა ვალაიტე -Tbilisi Photography & Multimedia Museum , გელა შეყელაძე – Magnolia Film Lab . ანიმაციის სახელოსნო: ანა ჩუბინიძე – ჯიბის სტუდია, სანდრო ქათამაშვილი -სტუდია ანიმატორი.

M: რამდენად მნიშვნელოვანია Windfor’s მსგავსი სახელოსნოს სათავეში ყოფნა და სამომავლოდ თუ გეგმავთ მის გაფართოებას?

აღნიშნული პროექტით Windfor’s-ი პირველ ოფიციალურ ნაბიჯებს დგამს საგანმანათლებლო მიმართულებით. მსგავსი არაფორმალური შემოქმედებითი პროგრამები დიდ როლს ასრულებენ როგორც კრეატიული ინდუსტრიის ზოგად განვითარებაში, ასევე შემოქმედებითი სფეროთი მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაში. შემოდგომიდან Windfor’s-ში საგანმანათლებლო მიმართულებების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ. Windfor’s სახელოსნოებს, რამდენიმე შემოქმედებითი მოდულის გარდა, რეკლამის მიმართულებით პროფესიული სკოლაც დაემატება.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, „ტერაბანკისთვის” ახალგაზრდებისთვის ცოდნის გადაცემა და მათთვის პროფესიული უნარების განვითარებაში მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, რამდენიმე კითხვით ბანკის მარკეტინგის მენეჯერს, ნინი სუჯაშვილსაც მივმართეთ.

M: რატომ იყო ღირებული ტერაბანკისთვის ამ პროგრამაში ჩართვა და ახალგაზრდების შემოქმედებითი განათლების მხარდაჭერა?

ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ახალგაზრდების განათლების, პროფესიული განვითარებისა და წარმატების ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო ინიციატივა გვაქვს განხორციელებული, ამიტომ ყოველთვის მივესალმებით წამოწყებებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის ღირებული ცოდნის გადაცემასა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისინი პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. სწორედ ასეთ ინიციატივას წარმოადგენდა ჩვენი დიდი ხნის პარტნიორის, სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის შემოქმედებითი სახელოსნოები, ამიტომ როგორც კი მისმა წარმომადგენლებმა იდეა გაგვიზიარეს, მხარდაჭერა გამოვუცხადეთ და პროექტის განხორციელებაშიც აქტიურად ჩავერთეთ. პროგრამა უკვე დასრულდა და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულმა 15-მა ახალგაზრდამ მართლაც ძალიან ღირებული, პრაქტიკული ცოდნა მიიღო. მოხარულები ვართ, რომ ამაში ტერაბანკის წვლილიცაა და იმედი გვაქვს, რომ მათი პროფესიული კარიერა ამ პროგრამის დახმარებით კიდევ უფრო განვითარდება.

M: რა შედეგი მოუტანა ტერაბანკს ამ პარტნიორობამ?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარეკლამო სააგენტო Windfor’s ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია. მასთან ერთად არაერთი წარმატებული კამპანია და პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებებითაც. ვფიქრობთ, შემოქმედებითი სახელოსნოების ინიციატივით ჩვენ შორის კიდევ ერთი ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგა და მას ძალიან ხელშესახები შედეგი — შემოქმედებით ინდუსტრიაში ახალგაზრდების პროფესიული რეალიზება და კარიერული განვითარება მოჰყვება.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა კვლავაც ტერაბანკის პრიორიტეტად რჩება, ისიც გეგმავს სამომავლოდ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას.

[R]

სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა

„ყოველ ჯერზე ერთი ნაბიჯით წინ” – თამარ ქორქაშვილი, Google-დან