18
Dec
2018

“ტერაბანკმა” პერსონალიზებული საბანკო მომსახურება შექმნა

18 Dec 2018

ქართულ საბანკო ბაზარს პერსონალური მომსახურების ახალი ბრენდი “სელექტი” შეემატა. პერსონალური მომსახურება განსხვავებული კონცეფციის სერვისია, რომელიც ლოიალური მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და კომფორტზეა ორიენტირებული. ამ დრომდე, ქართულ საბანკო ბაზარზე ორი ასეთი ბრენდი პოზიციონირებდა: “თიბისი სტატუსი” და SOLO. ახლა კი, მათ რიცხვს “ტერაბანკის” პერსონალიზებული საბანკო მომსახურება “სელექტი” შეუერთდა. ბრენდი მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნების გასათვალისწინებლად შეიქმნა. როგორც შემქმნელები ამბობენ, “სელექტს” პირადი ბანკირების გარდა, ინტერესების მენეჯერები ეყოლება. მათი განმარტებით, ახალი პოზიცია, ყოველდღიურ ურთიერთობაზე დაყრდნობით, მომხმარებლის ინდივიდუალურ ინტერესებს დეტალურად სწავლობს, შემდეგ კი მომხმარებელს პერსონალიზებულ მომსახურებას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს ურჩევს. “სელექტი” მომხმარებლებს 2019 წლიდან მოემსახურება.

mBank QR
mBank QR


სალომე ქოქოსაძე, “ტერაბანკის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:

ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლები სრულყოფილად გავიცნოთ, თითოეულის ინტერესების, ჩვევებისა და მიზნების შესახებ მეტი შევიტყოთ და საბანკო სფეროში ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ახალი სტანდარტი ჩამოვაყალიბოთ. შედეგად კი, ბრენდი და მომხმარებელი კიდევ უფრო დავაახლოვოთ. სწორედ ამ მიზნით, “ტერაბანკის” ბრენდის ქვეშ “სელექტი” –  პერსონალიზებული საბანკო მომსახურება შევქმენით, რომელიც მომხმარებლებს 2019 წლიდან მოემსახურება.

M: პერსონალიზებული თუ პერსონალური?

პერსონალიზებული და არა პერსონალური, რადგან ამ ორს შორის მნიშვნელოვან განსხვავებას ვხედავთ. თუ პერსონალური უფრო მეტად კუთვნილებას, ან საკუთრებას გამოხატავს, პერსონალიზებული ურთიერთობის იმ ფორმას გულისხმობს, რომელიც  თითოეულ მომხმარებელზეა მორგებული და მათ უნიკალურ საჭიროებებსა და ინტერესებს სრულად ითვალისწინებს.

ბრენდის სახელისელექტიცსწორედ აქედან გამომდინარეობს: თითოეული მომხმარებელი სპეციალურად მისთვის შერჩეულ და მასზე მორგებულ პროდუქტსა თუ მომსახურებას იღებს.

M: რატომ აირჩიეთ პერსონალიზაცია?

პერსონალური საბანკო მომსახურების ბაზარს თუ შევხედავთ, მარტივად მივხვდებით, რომ ის, რაც მართლაც პერსონალური და ექსკლუზიური უნდა იყოს, შედარებით მასობრივ სერვისადაა გადაქცეული. ჩვენ კი გვჯერა, რომ საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, აუცილებელია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა და ისეთი უნიკალური ურთიერთობის განვითარება, რომელიც არა რომელიმე სეგმენტის, არამედ კონკრეტული ადამიანის ინტერესებზე, საჭიროებებსა და მიზნებზე იქნება მორგებული.

ნეიმინგსა და ბრენდინგზე კრეატიულმა სააგენტო “ვინდფორსმა” იმუშავა.

სააგენტოს სტრატეგი ცოტნე მაზმანიშვილი:

“დღეს ყველა სფეროში ხდება სამომხმარებლო გამოცდილების პერსონალიზაცია. თუმცა ორგანიზაციების უმეტესობა მაინც ვერ ახერხებს რეალურ დროში სრულად პერსონალიზებული, საინტერესო გამოცდილების მიწოდებას, რომელიც დაფუძნებული იქნება კონტექსტურ მიგნებებზე (Insights) და მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებას შექმნის. “სელექტისთვის” ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა თავისი მასშტაბიდან და მიდგომიდან გამომდინარე და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად იქნება კონკურენტუნარიანი არსებულ ბაზარზე.”

ნათია კვარაცხელია, დიზაინის განყოფილების უფროსი:

“სელექტი” სოლიდური, დომინანტური და ძლიერი ბრენდია.
ლოგოტიპის კუთხოვანი ფორმების ინსპირაციაც, სწორედ ბრენდის ხასიათიდან წამოვიდა. სიმბოლო ინდივიდუალზე კონცენტრაციას უსვამს ხაზს. ფერთა შეხამება კი, ორი მთავარი კომპონენეტის – ინოვაციურობისა და სიძლიერის კომბინაციაა.”

განხილვა