საერთო სამუშაო სივრცე Terminal საკუთარ წევრებს სიახლეს სთავაზობს – მარკეტინგის გუნდმა, სპეციალურად მათთვის Terminal Card შექმნა. ეს არის ლოიალობის ბარათი, რომლის საშუალებითაც, მფლობელი სხვადასხვა ბრენდებსა და სერვისებზე სპეციალურ პირობებს იღებს.
„ლოქდაუნის პერიოდმა ბევრი დრო მოგვცა ფიქრისთვის. ზუსტად მაშინ დაიბადა ლოიალობის ბარათის შექმნის იდეაც. გვინდოდა, ჩვენი წევრებისთვის განსაკუთრებული პირობები არა მხოლოდ „ტერმინლის“ სივრცეებში, მის არამედ გარეთაც შეგვექმნა. განსაკუთრებული სიფრთხილით მოვეკიდეთ შეთავაზებებს, პრიორიტეტი ქართულ ბრენდებს და იმ პროდუქტებს თუ სერვისებს მივანიჭეთ, რომელიც ჩვენი წევრებისთვის სასურველი და პრაქტიკული იქნებოდა. მაგალითად, შევიტანეთ ხელოვნების კატეგორია, სადაც გალერეები, მხატვრები და სკულპტორები მათ სპეციალურ პირობებს სთავაზობენ“, – ამბობს „ტერმინალის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი თამარ ჯინჭარაძე.
მისი თქმით, Terminal Card-ში უკვე 50-ზე მეტი ბრენდი, მაღაზია თუ სერვისია ჩართული, მათი შერჩევისას კი, მაქსიმალურად გათვალისწინებულია წევრების გემოვნება, საჭიროებები და სურვილები.
„ვისაც შევთავაზეთ ბარათში ჩართვა, ყველა დიდი კეთილგანწყობით დაგვთანხმდა. ასე რომ, „ტერმინალის“ კომუნა 50-ზე მეტი მეგობარი კომპანიით გაიზარდა.
გარდა ამისა, შიდა კვლევამ აჩვენა, რომ Terminal-ის კომუნა ორიენტირებულია ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, ამიტომ, ბარათში ჩართულია სპორტ დარბაზები, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიები და ეკო ტრანსპორტი. ყოველთვის ვცდილობთ, „ტერმინალის“ წევრებმა ჩვენი მხრიდან მზრუნველობა იგრძნონ და ჰქონდეთ განცდა, რომ „ტერმინალის“ წევრობა იმაზე მეტია, ვიდრე კომფორტული სამუშაო გარემო“, – ამბობს თამარ ჯინჭარაძე.
მისივე თქმით, Terminal-ის მარკეტინგის გუნდი გეგმავს მუდმივად განაახლოს ან დაამატოს შეთავაზებები და უფრო მრავალფეროვანი გახადოს ბარათი.
Terminal Card-ის მფლობელი ხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც Terminal- ში, მინიმუმ, ერთთვიანი საწევროთი სარგებლობს.
„Terminal, საქართველოში, ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცეა. აქვს 5 ფილიალი და მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცეში ადგილებს, ინდივიდუალურ ოფისებს თუ საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს სთავაზობს“.
[R]