შუა აღმოსავლეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია Zain-მა, ბოლო დროს, საკმაოდ გახშირებულ ტერორისტულ აქტებთან გამკლავება სიყვარულით გადაწყვიტა. კომპანიამ სპეციალურად რამადანთან დაკავშირებით, შექმნა მუსიკალური რგოლი, რომელიც ისლამური რელიგიის რეალურ ღირებულებებს, სწავლებებს გადმოსცემს და უარყოფს იმ სასტიკ ქმედებებს, რასაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ალაჰის სახელით აკეთებს. საკმაოდ ემოციურ რგოლში, მთავარი მოქმედი პირი თვითმკვლელი ტერორისტია, საზოგადოება სიმღერითა და სიყვარულით არწმუნებს მას, რომ ასაფეთქებელზე ხელის დაჭერით ღმერთთან ნამდვილად ვერ მივა, პირიქით. ვიდეოში აფეთქებების რეალური კადრებია გამოყენებული და მონაწილეობასაც მსგავსი სასტიკი ქმედებების შემსწრე ადამიანები იღებენ, მაგალითად, პატარძალი, რომელიც 2005 წელს თავისივე ქორწილში მომხდარ აფეთქებას ძლივს გადაურჩა. რგოლმა 4 დღეში უკვე 3 მილიონზე მეტი მნახველი დააგროვა, მიუხედავად დიდი სიმპათიისა და მოწონებისა, მაინც გამოიწვია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა.












