არსებობს ბრენდები, რომლებიც უკვე მრავალი წელია, ავტოინდუსტრიის ბაზარზეა და თავი დიდი გამოცდილებით, ბევრჯერ მიღწეული წარმატებით, შეცდომებზე სწავლითა და განვითარებისკენ სწრაფვით დაიმკვიდრა, მაგრამ მათთან თანაარსებობს შედარებით ახალგაზრდა კომპანია, იგივე ამბიციებით, იგივე დონით და, რაც მთავარია, იგივე პერსპექტივებით, როგორც ყველა დანარჩენი. ეს კომპანიაა Tesla, რომელიც მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე და ამას არა მხოლოდ თავისი კომპანიისთვის, არამედ მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის აკეთებს.
2003 წელი
Tesla-ს ავტოისტორია 2000-იანებიდან იწყება. კერძოდ, 2003 წელს, როდესაც ინჟინრებმა, მარტინ ებერჰარდმა და მარკ ტარპენინგმა კომპანია დააარსეს. მათ შთაგონებად იქცა General Motors-ის მიერ განხორციელებული EV1-ის პროგრამა, რომელმაც არ ჩაუშვა გაყიდვებში თავისი პროექტი. მარტინმა და მარკმა თავიანთ ახალ კომპანიას სახელი ცნობილი გამომგონებლის, ნიკოლა ტესლას პატივსაცემად დაარქვეს. თავდაპირველად, კომპანიის სრული სახელი Tesla Motors იყო, მაგრამ 2017 წელს დასახელება შეიცვალა, რათა მხოლოდ მანქანების მწარმოებელთან არ ყოფილიყო ასოცირებული.

„ტესლას დამფუძნებლებს სურდათ, დაემტკიცებინათ, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდათ კომპრომისზე წასვლა ელექტრომომარაგებისთვის. ელექტრო მანქანები შეიძლება საწვავზე მომუშავე მანქანებზე უკეთესი, სწრაფი და სახალისოც იყოს. დღეს Tesla აწარმოებს არა მხოლოდ მთლიანად ელექტრომობილებს, არამედ უსაზღვროდ მასშტაბირებულ სუფთა ენერგიის გამომუშავებას უზრუნველყოფს. ტესლას სჯერა, რომ მსოფლიო რაც უფრო სწრაფად შეწყვეტს წიაღისეულ საწვავზე დაყრდნობას, მით უკეთესი იქნება მისთვის”, – ამ აღწერას ვკითხულობთ „ტესლას” ოფიციალურ ვებგვერდზე.
გუნდს უერთდება მასკი
ილონ მასკი, თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიროვნება, რომელიც დღეს „ტესლას” სახელთან ყველას ახსენდება, გუნდს დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, 2004 წელს შეუერთდა. მან საკუთარი ბიუჯეტიდან 6,35 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და კომპანიის საბჭოს თავმჯდომარედ იქცა.

ილონ მასკი გამორჩეულია თავისი პროგრესული აზროვნებით, ამბიციური სვლებითა და წარმატებული ინოვაციებით. ის არის SpaceX-ისა და PayPal-ის დამფუძნებელი. მისი ძირითადი იდეები კაცობრიობის ისტორიის გადაწერა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ეფუძნება. სწორედ ამ მიზნით შეუერთდა „ტესლას” გუნდსაც.
კომპანიის პირველი ნაბიჯები
თავდაპირველად, ებერჰარდი და ტარპენინგი ოცნებობდნენ მთლიანად ელექტრო, სპორტული მანქანის აწყობაზე. 2006 წელს მათ წარმოადგინეს პროტოტიპი Tesla Roadster-ისთვის, რომელიც წარმოებაში შევიდა 2008 წელს.
Tesla ხელს აწერს კონტრაქტს Lotus Cars-თან, ბრიტანულ კომპანიასთან, რომელიც აწარმოებს სპორტულ და სარბოლო მანქანებს. Lotus-მა უზრუნველყო Tesla-ს პირველი ავტომობილის, The Roadster-ის დიზაინი.
Roadster-ით ტესლამ მიაღწია იმას, რაც არცერთ კომპანიას არ ჰქონია. მათ შექმნეს მთლიანად ელექტრო მანქანა პრაქტიკული სპეციფიკაციებით, რომელმაც შეიძლება უდავოდ დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნილებები. წინა ექსპერიმენტები ამ სფეროში წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან, სხვა საკითხებთან ერთად, კომპანიები ცდილობდნენ, შეექმნათ საკმარისად ძლიერი ბატარეა, რათა მანქანების დრო გაეხანგრძლივებინათ გზაზე და კონცენტრირებდნენ ეკონომიურ ძრავაზე, რომელიც მოერგებოდა სამომხმარებლო მანქანას.

Roadster-მა კი დააკმაყოფილა ეს საჭიროებები. 2008 წელს წარმოებულ პირველ მოდელს შეეძლო თითქმის 250 მილის გავლა ერთი ბატარეითა და უკეთესი სიჩქარით, ვიდრე სამომხმარებლო დონის ბევრ სპორტულ მანქანას. Roadster-მა გამოიყენა სტანდარტული ლითიუმ-იონური ბატარეის სტრუქტურა, რომელიც საერთოა მრავალი ელექტრონული მოწყობილობისთვის და მომხმარებელს შეეძლო მანქანის დატენვა სტანდარტულ სადგურებში. თუმცა Roadster-ს 24-დან 48 საათამდე სჭირდებოდა დასატენად და ამან წარმოქმნა დროის პრობლემა.
მოგვიანებით „ტესლამ” გააუმჯობესა დროის ფაქტორი და დღეს უკვე იდეალურ პირობებში 1 საათზე მეტი მაინც სჭირდება ერთი ელექტრომობილის დატენვას, რაც საწვავის ჩასხმის დროსთან შედარებით, რომელიც რამდენიმე წამი ან წუთი შეიძლება იყოს, ცხადია, მაინც დიდ დროდ ითვლება.
ცვლილებები კომპანიაში
2007 წელს ებერჰარდი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა საბჭოს წევრად დარჩა. მისი ადგილი კი ზეევ დრორიმ დაიკავა, რომელსაც ხშირად მიაწერენ Roadster-ის პროტოტიპის სიცოცხლისუნარიან პროდუქტად გადაქცევას. 2008 წელს ამ მოდელის წარმატებულ გაშვებას სწორედ დრორი მეთვალყურეობდა.
ამავე პერიოდში კომპანიის დამფუძნებლებმა, ებერჰარდმა და ტარპენინგმა მთლიანად დატოვეს Tesla. არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში, მასკმა დაიკავა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია და გაათავისუფლა თანამშრომლების 25%.
2007 წელს ილონ მასკი წლის ანტრეპრენერად დასახელდა.
Model S
2009 წელს „ტესლამ” წარმოადგინა Model S-ის პროტოტიპი – ძვირადღირებული 4-კარიანი სედანი 518 ცხენის ძალით, რომლის ფასი იწყება $76,000-დან. მოდელმა არნახულ წარმატებას მიაღწია. მან მიიღო ჯილდოები რამდენიმე საავტომობილო და გარემოსდაცვითი პუბლიკაციებისგან და, ისევე როგორც ადრე „როდსტერმა”, დაადგინა ახალი კრიტერიუმები, თუ რისი მიღწევა შეეძლო ელექტრო მანქანას. 2012 წლის ბოლოს, Tesla-მ შეწყვიტა Roadster-ის წარმოება, რათა ფოკუსირება მოეხდინა სედანების ახალ ხაზზე.
2012 წელს Tesla-მ ასევე გახსნა თავისი პირველი დამოუკიდებელი დამტენი სადგურები, სახელწოდებით Superchargers. თავდაპირველად ჰქონდა მხოლოდ 6 ასეთი სადგური აშშ-ში, თუმცა დღესდღეობით ათასობით მათგანი ფუნქციონირებს მთელ მსოფლიოში.

დიდი წინსვლა
2013 წელს კომპანიამ მიიღო პირველი კვარტალური მოგება, ხოლო მომდევნო წელს გამოაცხადა Gigafactory-ს აშენება ნევადაში. ეს არის ობიექტი, სადაც კომპანია აწარმოებს ბატარეებს, რომლებიც კვებავს მის მოწყობილობებს და ითვლება გადამწყვეტად მთელი მისი ბიზნეს მოდელისთვის. გარდა ფუნქციური სიდიადისა, შენობა ზომითაც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში.

ამის შემდგომ Tesla კიდევ უფრო ფართოვდება. 2015 წელს კომპანიამ გამოაცხადა მზის ენერგიის პროდუქტების ახალი ხაზი, რომელიც სახლებისა და ბიზნესის ობიექტებისთვის დატენვის ბატარეებს აწარმოებს. მასკმა რამდენიმე საჯარო წერილში და განცხადებაში თქვა, რომ მას სურს, კომპანია საბოლოოდ გახდეს ენერგეტიკული გადაწყვეტა ბევრ სექტორში.
2016 წელს Tesla-მ მოდელი 3 სედანი დააანონსა. მასკი ვარაუდობდა, რომ 2017 წლის მეორე ნახევარში 200000-მდე მანქანას აწარმოებდა, თუმცა რეალურად ოთხჯერ ნაკლების გამოშვება შეძლო.
2020 წელს „ტესლას” აქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ერთ აქციაზე $900-ზე მეტს მიაღწია.
პირველი მანქანა კოსმოსში
2018 წლის თებერვალში ილონ მასკმა მსოფლიო ყურადღება კვლავ მიიპყრო, როდესაც Tesla Roadster მზის ხელოვნურ თანამგზავრად აქცია. მძღოლის სავარძელს კოსმოსურ კოსტუმში გამოწყობილი მანეკენი „სტარმენი“ იკავებდა. მანქანა, როგორც ვთქვით, „ტესლას”, რაკეტა კი SpaceX-სს ეკუთვნოდა. მისია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაყურებელი 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალს მას. მასკმა განმარტა, რომ მას სურდა საზოგადოების შთაგონება “კოსმოსში რაღაც ახლის მოხდენის შესაძლებლობის შესახებ”.

ლოგოტიპი
ნებისმიერი ავტომწარმოებლისთვის ლოგოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირ შემთხვევაში, ის ისეთივე ცნობადია საზოგადოებისთვის, როგორიც თავად მანქანა, ამიტომ ლოგოტიპზე მუშაობა ყოველთვის განსაკუთრებული ამოცანაა დიზაინერისათვის.

T, რომელიც გამოხატულია მანქანის ლოგოტიპზე, უბრალოდ სტილიზებული ასო არ არის, არამედ ის ბრენდის პროდუქციასაც გამოხატავს. Tesla-ს ლოგო განკუთვნილია ელექტროძრავის განივი კვეთის წარმოსაჩენად, განუმარტა მასკმა Twitter-ის მიმდევარს. ლოგოში გათვალისწინებულია მანქანის აწყობის სტრუქტურული პრინციპი და უბრალოდ, დიზაინერული ხედვითა და ლოგოტიპის სტანდარტების დაცვით არის შექმნილი.
ამბობენ, რომ ამ იდეით ის ემთხვევა Space X-ის ლოგოს, რომელიც აპროექტებს და აწყობს რაკეტებს ტვირთის ორბიტაზე გაგზავნისთვის.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ Tesla ლამაზ სათამაშოებს ქმნის მდიდარი ხალხისთვის; ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ისინი სამყაროს გადარჩენაზე ზრუნავენ, ზოგიერთისთვის „ტესლა” პატარა კომპანიაა, ზოგისთვის დიდი და უფრო დიადი იდეებით; ერთი სიტყვით, გამოხმაურება შეიძლება იყოს იმდენი, რამდენი ადამიანიც არსებობს, მაგრამ ფაქტი ერთია – ჩვენ ყველამ ვიცით ამ ბრენდის შესახებ და განსაკუთრებულად ველოდებით, რას შემოგვთავაზებს, რადგან ვიცით, რომ ეს არ იქნება ორდინალური, უკვე მრავალჯერ ნანახი და გაგონილი.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი










