საკუთარი ნიშის შექმნა ნებისმიერი ახალი ორგანიზაციის გამოწვევაა, თუმცა საავტომობილო ინდუსტრიაში ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია, რადგან ის 100 წელზე მეტია არსებობს და ისეთ დიდ ბრენდებს მოიცავს, რომლებიც უკვე მრავალი წელია პედესტალზე დგანან. ამის მიუხედავად, 2012 წელს თავისი ფლაგმანით, Model S-ით შემოსვლისას Tesla-მ საუკუნოვანი ისტორიის თავიდან დაწერა შეძლო.
კომპანიის წარმატებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ინოვაციებს, ერთგულებას და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას შეუძლია სასწაულების მოხდენა ნებისმიერ ინდუსტრიაში. კომპანიის ბიზნეს სტრატეგია ყოველთვის ტრიალებს მომხმარებლისთვის სასურველი საუკეთესო მანქანების მიწოდებაზე. გასაკვირი არ არის, რომ როდესაც Model S გამოჩნდა ბაზარზე, მან სრულყოფილი ქულები მიიღო Consumer Reports-ისგან.
დროთა განმავლობაში, Tesla გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მსოფლიოში, რომლის საბაზრო ღირებულებამ 2022 წლის მარტისთვის 909,6 მილიარდ დოლარს მიაღწია.
გადავხედოთ ბრენდის ისტორიას და, როგორც ამ რუბრიკაში ხშირად ვაკეთებთ, ვნახოთ, როგორ გახდა ის ასეთი წარმატებული.
პირველი ნაბიჯი
სილიკონ ველის ორმა ინჟინერმა, მარტინ ებერჰარდმა და მარკ ტარპენნინგმა 2003 წელს დააარსეს კომპანია, რომელსაც ჰქონდა, ერთი შეხედვით, მარტივი ხედვა. მათ სჯეროდათ, რომ ელექტრომობილებს შეეძლო ბენზინზე მომუშავე მანქანების ჩანაცვლება. მარტინი და მარკი ერთმანეთს 90-იანი წლებიდან იცნობენ. ისინი თავიდანვე დამეგობრდნენ, რადგან ორივე ტექნოლოგიებითა და მეწარმეობით იყვნენ გატაცებულები.

მნიშვნელოვანი ცვლილება
ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ებერჰარდმა და ტარპენნინგმა 2001 წელს Tesla-ს ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გაიცნეს. მასკი იმ დროს PayPal-ის წარმატებით გაყიდვით სარგებლობდა eBay-ზე, რამაც მას $165 მილიონი მოუტანა. მან ასევე დააარსა SpaceX.
სწორედ მასკთან ერთად დააარსეს მათ Tesla. ილონ მასკი დაფინანსების პირველად რაუნდს ხელმძღვანელობდა და მალევე გახდა ახლად შექმნილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი.
მასკი, როგორც CEO
მიუხედავად იმისა, რომ მასკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა Tesla-ს ბიზნეს სტრატეგიის შემუშავებაში, პირველ წლებში ის არ იყო კომპანიის ბედის გადამწყვეტი პირი. თუმცა მასკი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც სერიული მეწარმის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი. მან წარმატებით დაიწყო რამდენიმე უაღრესად წარმატებული სტარტაპი და გაყიდა ისინი მილიონ დოლარზე მეტი შეფასებით.

2008 წელს მასკი Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და პროდუქტის არქიტექტორი გახდა, რამაც მთლიანად შეცვალა Tesla Motors-ის ისტორია.
მთავარი სტრატეგია, რომელიც მასკთან ერთად კომპანიის მთელმა გუნდმა დაგეგმა, ელექტრო მანქანებისა და ელექტრომატარებლების სისტემების წარმოება იყო. კომპანიამ ორიენტირი ერთ მიმართულებაზე აიღო, რაც დიდ კავშირშია Tesla-ს წარმატებასთან.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი












