ცნობილია, რომ Tesla-ს რობოტაქსები ღამითაც მუშაობენ და ამ ბოლო დროს ხანგრძლივობაც გაზარდეს, თუმცა თავად ილონ მასკის თქმით, კომპანიას ერთი პრობლემა ჯერ კიდევ გადასაჭრელი აქვს – ცხოველების ამოცნობა.
გვიან საათებში ოპერირების გაფართოებას კომპანია ფრთხილად ეკიდება, რადგან სიბნელეში გზაზე პატარა ცხოველების დანახვა და სწორად ამოცნობა განსაკუთრებით რთულდება. მასკის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი სირთულე ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებაა, როდესაც, მაგალითად, ნაცრისფერი კნუტი ნაცრისფერ გზის საფარზე თითქმის შეუმჩნეველია რობოტაქსისთვის.
რატომ უჭირს Tesla-ს ცხოველების დანახვა
პრობლემა დაბალ განათებასა და კონტრასტშია. Tesla ძირითადად კამერებსა და ნეირონულ ქსელებზეა დამოკიდებული, განსხვავებით ზოგიერთი კონკურენტისგან, მათ შორის Waymo-სგან, რომელიც LiDAR-ტექნოლოგიასაც იყენებს. მისი კამერა გარემოში არსებულ სინათლეს ეყრდნობა, ამიტომ პატარა, ნაცრისფერი ცხოველი, რომელიც ასეთივე ფერის გზის საფარზე დგას, განსაკუთრებით რთულად შესამჩნევი ხდება.

LiDAR-ის შემთხვევაში სისტემა გარემოში ლაზერულ იმპულსებს აგზავნის და მათი საშუალებით ობიექტების ფორმასა და მანძილს განსაზღვრავს. შესაბამისად, ის მხოლოდ დღის სინათლეზე არ არის დამოკიდებული.
მიუხედავად ამისა, მასკი დარწმუნებულია, რომ Tesla-ს კამერებზე დაფუძნებული მიდგომა ამ პრობლემასაც გაუმკლავდება. კომპანიაში უკვე მუშაობენ ე.წ. ფოტონების დათვლის ანალიზზე.
Tesla მაინც აფართოებს რობოტაქსების გეგმას
ამ კითხვების მიუხედავად, Tesla ავტონომიური ტაქსების ქსელის გაფართოებას აგრძელებს. კომპანიის რობოტაქსები უკვე რამდენიმე ამერიკულ ქალაქში ოპერირებს. მომსახურების უფრო გვიან საათებამდე გახანგრძლივება კიდევ ერთი ნაბიჯია იმ 24/7-ზე ავტონომიური ქსელისკენ, რომლის შექმნაც კომპანიას სურს.
გზაზე მოძრავი პატარა ცხოველი ერთი შეხედვით ძალიან კონკრეტული საინჟინრო პრობლემაა. სინამდვილეში კი ეს კარგად აჩვენებს მთავარ გამოწვევას: მანქანამ, რომლის საჭესთანაც ადამიანი არ ზის, გზაზე მოულოდნელად გამოჩენილი ნებისმიერი ობიექტი მყისიერად უნდა შეამჩნიოს. ამიტომ Tesla-სთვის ღამის მგზავრობების სრულ უსაფრთხოებაზე ზრუნვა მიმდინარე მთავარი საფიქრალია.












