სანამ Tesla-ს გაყიდვები კვლავ ვარდნას განიცდის, კომპანიის ყოფილი თანამშრომლის ახალი სტარტაპი “Zeno” სრულიად განსხვავებული მიმართულებით აღწევს წარმატებას – აფრიკისა და სამხრეთ აზიის ბაზრებისთვის შექმნილი ელექტრო მოტოციკლებით. დღეს სტარტაპმა ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი პროდუქტი – Emara, სპორტული ტიპის ელექტრო მოტოციკლი, რომელიც ბაზრის მიხედვით $1,000-დან $1,500-მდე ღირს.
მაიკლ სპენსერი, კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Tesla-ში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა, სადაც Model 3-სა და Y-ს განვითარებაში, Supercharger-ების დანერგვასა და ენერგეტიკული ბიზნესის მართვაში იღებდა მონაწილეობას. 2022 წელს კომპანიის დატოვების შემდეგ, სპენსერმა გაიაზრა, რომ Tesla-ს მდგრადი ენერგიის ხედვის განხორციელება შესაძლოა უფრო ეფექტური ყოფილიყო განვითარებად ბაზრებზე.
სპენსერის თქმით, Tesla-ს ორიგინალური გეგმა უფრო ადვილად განსახორციელებელია განვითარებად ბაზრებზე, ეს არის ქვეყნები, სადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების უზარმაზარი პოტენციალია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ქსელზე მიერთებული, მაგრამ სწრაფად ვითარდება, იზრდება საშუალო კლასი და ენერგიის მოხმარება.
Emara მოტოციკლის მთავარი უპირატესობაა მისი ადაპტირებულობა აფრიკული ბაზრის საჭიროებებთან. ჩინური ელექტრო სკუტერებისგან განსხვავებით, იგი შექმნილია მძიმე ტვირთისა და რამდენიმე მგზავრის გადასაყვანად უხეშ გზებზე. კომპანიამ ასევე შეიმუშავა ინოვაციური ბიზნეს მოდელი – მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მოტოციკლი ბატარეის გარეშე (რომელიც ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტია) და შემდეგ ისარგებლონ ბატარეების გაცვლის სერვისით სპეციალურ სადგურებზე.
სპენსერის თქმით, ეს საშუალებას გვაძლევს ტრანსპორტი და ბატარეა განვიხილოთ როგორც ორი სხვადასხვა კომერციული აქტივი, რაც მოტოციკლს ხელმისაწვდომს ხდის და ბატარეის ღირებულებას დროში ანაწილებს.
კენიის პატარა ქალაქებში პროდუქტის პირველმა მომხმარებლებმა უკვე იგრძნეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი. მოტოციკლის შეძენიდან მეორე დღესვე, მათი წმინდა მოგება 25-40%-ით გაიზარდა. ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ აფრიკაში მოტოციკლისტები საწვავზე თავიანთი შემოსავლის 30-50%-ს ხარჯავენ, რაც აბსოლუტურ ციფრებში ხშირად აღემატება კალიფორნიელი მძღოლების ხარჯებს.
სპენსერი ამბობს, რომ ეს ისეთივეა, როგორც ოკლენდიდან პალო ალტოში მოსიარულე Toyota Corolla-ს მფლობელს, რომელიც წელიწადში $100,000-ს გამოიმუშავებს, უთხრა – გადაერთე Model 3-ზე და შენი წმინდა მოგება $125,000-მდე გაიზრდება.

ბატარეები მოტოციკლის მართვის გარდა დამატებით ფუნქციებსაც ასრულებენ – ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას სახლში სხვა მოწყობილობების დასამუხტად ან თუნდაც ენერგოეფექტური ინდუქციური ქურებით საჭმლის მოსამზადებლად.

პროდუქტის ოფიციალურ ჩაშვებამდე, კომპანიას უკვე ათასობით ადამიანი ჰყავს მოლოდინის სიაში, როგორც ოჯახები, რომლებსაც სურთ მოტოციკლების გამოყენება ყოველდღიური საქმეებისთვის, ასევე ტაქსის მძღოლები, რომლებიც Uber-ის მსგავს პლატფორმებზე მუშაობენ. Zeno-ს პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის კენიასა და ინდოეთში, მიწოდებები კი აღმოსავლეთ აფრიკაში უახლოეს თვეებში დაიწყება, ინდოეთში კი – წლის ბოლომდე.
12 მილიონი დოლარის ინვესტიციით, რომელიც Lowercarbon Capital-ის, Toyota Ventures-ისა და სხვა კომპანიების მხარდაჭერით მოიზიდა, Zeno გეგმავს სწრაფად გააფართოვოს თავისი საქმიანობა როგორც პროდუქციის, ასევე დამუხტვის ინფრასტრუქტურის მიმართულებით და მომავალში შევიდეს აფრიკისა და აზიის სხვა ბაზრებზეც.
წყარო: Fastcompany













