3
Jan
2020

VR ხელთათმანი და კოსტიუმი, ვირტუალური „შეხებისთვის“

3 Jan 2020

veon
veon


ვირტუალურ რეალობას აქტიურად იყენებენ გეიმინგ ინდუსტრიაში და არამხოლოდ. მისი დახმარებით სხვადასხვა სამედიცინო მიზნის მიღწევაცაა შესაძლებელი. მაგალითად, VR-ს იყენებენ კონკრეტული მდგომარეობების გადატანის შემდეგ, რეაბილიტირებისას. თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ვირტუალური რეალობის გამოცდილება მხოლოდ სათვალით (ჰედსეტი) არ უნდა შემოიფარგლოს. ასე ფიქრობენ ტექნოლოგიური სტარტაპები მსოფლიოს მასშტაბით და ცდილობენ შექმნან მოწყობილობები, თუ კოსტიუმები, რომლებიც ვირტუალური კომუნიკაციისას შეხების შეგრძნების სტიმულირებასაც შეძლებს. თუ ადრე ასეთ ინოვაციურ „კანზე“ გიყვებოდით, ახლა კოსტიუმისა და ხელთათმანის დროა, რომელიც ტექნოლოგიურმა კომპანია Teslasuit-მა წარადგინა და რომელსაც ახალი VR გამოცდილების შექმნა შეუძლია.

Teslasuit Glove-ის დახმარებით, მომხმარებელი ვირტუალურად შეძლებს საგნების ტექსტურის შეგრძნებას. მოწყობილობა აერთიანებს შეხებით დისპლეის, რომელიც შეხების შეგრძნებასა და ტექსტურის აღქმაზეა პასუხისმგებელი; მოძრაობის დეტექტორს, იმისათვის, რომ ხელთათმანით ვირტუალური კომუნიკაცია ახლოს იყოს რეალურთან. ასევე, ბიომეტრულ მხარეს, რომელიც თავის თავში მოიცავს პულსის ოქსიმეტრს. ანუ ხელთათმანი გაზომავს იმასაც, თუ რამდენად საკმარისი რაოდენობითაა მომხმარებლის სისხლში ჟანგბადი. Teslasuit Glove-ს ექნება ვიბრაციის ეფექტიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელთათმანამდე იყო კომპანიის მიერ წარმოებული კოსტიუმი, რომელსაც VR ახალ საფეხურზე აჰყავს. ეს სწორედ ის პროდუქტია, რომლითაც კომპანიამ სახელი გაითქვა. ტექნოლოგიურ ღონისძიება CES-ზე კოსტიუმმა ინოვაციური ვირტუალური და აუგმენტური (გაფართოებული) რეალობის ჯილდო მოიპოვა.

 

Teslasuit Glove-ს ლას-ვეგასში, ტექნოლოგიურ ღონისძიება CES-ზე (Consumer Electronics Show), 7-დან 10 იანვრის ჩათვლით, წარადგენენ. პროდუქტი, სავარაუდოდ, 2020 წლის განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი.

 

განხილვა