in

9 სექტემბერი – ტესტერთა საერთაშორისო დღე

ყოველი წლის 9 სექტემბერს, ტესტერები, მათი პროფესიული დღის აღსანიშნავად, მსოფლიოს ყველა კუთხეში იკრიბებიან. ამ დღეს, ისინი, რაც უნდა უცნაური იყოს, ერთ ჩვეულებრივ ჩრჩილს უნდა უმადლოდნენ. ყველაფერი „ჰარვარდში“ დაიწყო: კომპიუტერი Mark II, რომელზეც უნივერსიტეტის მკვლევრები მუშაობდნენ, გამუდმებით ითიშებოდა, მაგრამ შეფერხების მიზეზი ვერავის გაერკვია. მოგვიანებით, 1947 წელს, „ჰარვარდის“ მეცნიერთა გუნდის ქალმა პროგრამისტმა, გრეის ჰოპერმა კომპიუტერის ერთ-ერთ ნაწილში ჩრჩილი, ე.წ. „ბაგი“ იპოვა – კომპიუტერის შეფერხება სწორედ ჩრჩილს დაბრალდა. მას მერე, 9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღედ განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, მას მერე, რაც ქვეყანაში პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო (GeoSTQB) ჩამოყალიბდა, ტესტერთა საერთაშორისო დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ.

ტესტერებს შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ – ციფრული პროდუქტის განვითარების თითოეულ ეტაპზე, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხზე პასუხს სწორედ ისინი აგებენ. მათ მთავარი მოვალეობას პროგრამული ხარვეზების წარმოქმნის პრევენცია წარმოადგენს. ამისათვის, ისინი პროდუქტს არაერთგზის ამოწმებენ და მას და დამკვეთების მოთხოვნებს შორის შესაბამისობას ადგენენ. ტესტერთა გარეშე, პროგრამული უზრუნველყოფა ერთი დიდი „აბდა-უბდა“ იქნებოდა!

ტესტერთა საერთაშორისო დღე, საქართველოში, მისი აღნიშვნის დასაბამიდან, დეველოპერულ კომუნაში განსაკუთრებულად მნიშვნელობა შეიძინა, რის გამოც, GeoSTQB-ს ორგანიზებით და თიბისისა და GITA-ს ხელშეწყობით, ტესტერთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება 2021 წელსაც ჩატარდება, „ონლაინ“ ფორმატში. 

წლევანდელი ღონისძიება უნიკალურია – ღონისძიებაზე მოხსენებით ქართველი და უცხოელი ექსპერტები გამოვლენ, მათ შორის: ISTQB-ის პრეზიდენტი და სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ოლივიერ დენოო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების ეთიკურ საკითხებს მიმოიხილავს; Slido-ს SDET & QA ლიდერი და Cypress.io-ს ოფიციალური ელჩი, ფილიპ ჰრიქი, რომელიც Cypress-ის მიმართულებით ტესტირების ავტომატიზაციის საწყისებზე ისაუბრებს; პროგრამული უსაფრთხოების ტესტერი ემნა აიადი, რომელიც მსმენელს მოუყვება, თუ როგორ გაიზარდონ ტესტირების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ უცხოელ მომხსენებლებთან ერთად, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით სფეროს წამყვანი ქართველი ექსპერტებიც გამოვლენ: Solutions-ის ტრანსფორმაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია ძაძუა QA საქმიანობის CI/CD-სთან DevOps აზროვნებასთან ინტეგრირების შესახებ ისაუბრებს, ხოლო თიბისიში ანდროიდის მიმართულების ხელმძღვანელი და GDE მერაბ ტატო კუტალია „ფრეიმვორქ“ Espresso-ს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ასე საფუძვლიანად, ეს თემები ქართულ რეალობაში, აქამდე, არასდროს განხილულა, რაც ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

საქართველოში პროგრამული ტესტირების შესწავლის მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სწორედ ამიტომ, ღონისძიების ნაწილი ტესტირების შესასწავლებელ ქართულ პლატფორმებს – თიბისი IT აკადემიას, GITA-ს, Epam Georgia-ს და Softfan-ს დაეთმობა, რა დროსაც, მათი წარმომადგენლები, დამსწრე საზოგადოებას, საკუთარი კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და შეკითხვებს უპასუხებენ.

„QA პროფესიონალებზე მოთხოვნა საქართველოში დღითიდღე იზრდება: თუკი ორიოდე წლის წინ, ყოველთვიურად, ბაზარზე სამი-ოთხი ვაკანსია იყო, დღეს კომპანიებს, ყოველ თვე, საშუალოდ, თოთხმეტამდე სპეციალისტი სჭირდებათ. სპეციალისტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იცვლება როგორც დამსაქმებელთა მიდგომები, ახალი კადრების შერჩევისა და ძველი კადრების შენარჩუნების კუთხით, ისე – სახელფასო მოლოდინები“,აღნიშნავს GeoSTQB-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნათია სირბილაძე. 

საქართველოში, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება. ტესტირების მიმართულებით არსებულ ამ და სხვა ღონისძიებებს საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო (GeoSTQB) ატარებს, რომელიც პროგრამული ტესტირების საერთაშორისო საკვალიფიკაციო საბჭოს (ISTQB) ოფიციალური წარმომადგენელია. საბჭოს უმთავრესი მიზანი ქვეყანაში ტესტირების შესახებ ცნობიერების გაზრდაა, რასაც ისინი სხვადასხვა სახის აკადემიური და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებებით, მათ შორის ტრენინგების, მასტერ-კლასებისა და პანელური დისკუსიების მხარდაჭერით ცდილობენ. საქართველოში საბჭოს დაარსების იდეა საჭიროებამ წარმოქმნა – ორიოდე წლის წინ, საქართველოში, არც სათანადოდ კვალიფიციური კადრები იყო და არც ბიზნესი აღიარებდა ტესტირების პროცესის აუცილებლობას.

ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 სექტემბერს, დღის პირველ საათზე დაიწყება – ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიება „ონლაინ“ ფორმატში ჩატარდება. თუკი ამ სტატიის კითხვისას, იფიქრეთ, რომ პროგრამული ტესტერობა თქვენი კრედოა, ამ ბმულზე დარეგისტრირდით!

 

[R]

როგორ უნდა მართონ დირექტორებმა საკუთარი დრო, ჰიბრიდულ სამუშაო გარემოში?

შეხვედრისას კამერების გამორთვა “ზუმის დაღლილობას” ამცირებს