საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია Tether Operations Limited-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და Tether Operations Limited-ის ტექნოლოგიების მთავარმა ოფიცერმა, პაოლო არდოინომ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, კომპანია Tether საქართველოს ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება. Tether მიზნად ისახავს ქალაქების გაძლიერებას და ისეთი P2P ტექნოლოგიების ადაპტაციას, როგორიცაა Keet და Holepunch.
მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია Tether დაინტერესებულია, საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს. ამ მიზნით, კომპანია ადგილობრივი სტარტაპებისთვის შექმნის სპეციალურ ფონდს, რომელიც მათ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებაში; საქართველოს კი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის მიმზიდველი ეკოსისტემის მქონე ქვეყნის სტატუსის პოზიციონირებაში დაეხმარება.
„ჩვენ ასევე შევთანხმდით თანამშრომლობაზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საგანმანათლებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში, როგორც ადგილობრივი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე აღნიშნული პროფილის კომპანიების საქართველოში შემოყვანას“, — განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი სტიმული ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის შემდგომი განვითარებისთვის. ღონისძიებას ასევე დაესწრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე.
Tether, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გეგმავს საქართველოში ბლოკჩეინ ინდუსტრიის გაძლიერებას, ინოვაციების ხელშეწყობასა და ქვეყნის გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებას, როგორც ლიდერი ტექნოლოგიებისა და ბლოკჩეინ ინდუსტრიაში. აღნიშნული პარტნიორობა არა მხოლოდ სასარგებლოა ქართული სტარტაპ გარემოსთვის, არამედ საგრძნობლად გაზრდის საქართველოს რეპუტაციას და გახდის მას მიმზიდველს, როგორც საერთაშორისო კომპანიებისთვის, ისე ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის.
ცოტა ხნის წინ Tether-მა ბაზარზე შესვლა და საგადასახადო ინფრასტრუქტურის განვითარება დააანონსა ქართულ სტარტაპში CityPay.io — ინვესტიციით, რომელიც ოპერირებს, როგორც კრიპტო გადახდის მიღების სისტემა და მიზნად ისახავს, განავითაროს კრიპტო ეკოსისტემა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. Მათი თანამშრომლობა და 600-ზე მეტი ბიზნესი, რომლებიც იღებენ USDt-ს, Bitcoin-სა და სხვა კრიპტოვალუტებს როგორც გადახდის საშუალებას, ქმნის გარემოს საქართველოში, სადაც კრიპტო-მფლობელებს შეუძლიათ, შეიძინონ სხვადასხვა პროდუქტი თუ მომსახურება თავიანთი კრიპტოვალუტით.
საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში გაიმართა უწყების წარმომადგენლების შეხვედრა კომპანია Tether-ის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაოლო არდოინო (ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი). შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ციფრული გადახდების პლატფორმა CityPay.io-ს ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმოიხილეს საფინანსო მომსახურების გაციფრულების ტენდენციები და მათი შესაძლო გავლენა საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სექტორზე — შესაბამისად, პოტენციური დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოვლენისა და პრევენციის აუცილებლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.
განხილული იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების გადამზადების პერსპექტივები ისეთი თემატიკის გათვალისწინებით, როგორებიცაა: ფულის გათეთრების რისკების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება; საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მისი სამართლებრივი საფუძვლები; ციფრული მიკვლევადობა, მათ შორის ბლოკჩეინ სისტემებში; ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ამოქმედებული ციფრული გადახდების საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო და ა. შ.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, კონკრეტული მიმართულებით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
Tether-ის შესახებ (USD₮)
Tether არის გამორჩეული, სტაბილური კრიპტოვალუტა და პიონერი კომპანიაა ფინანსური თავისუფლებისა და ინოვაციების კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური გარემოს რევოლუციას. კომპანიის მისიაა, უზრუნველყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეფექტური ფინანსური, საკომუნიკაციო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. Tether უზრუნველყოფს ფინანსურ ჩართულობას, კომუნიკაციის მდგრადობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და აძლიერებს როგორც ინდივიდებს, ისე ბიზნეს სექტორს.
როგორც ყველაზე დიდი და გამჭვირვალე, ლიკვიდური სტაბილური კრიპტოვალუტა ინდუსტრიაში, Tether აშენებს მდგრად ინფრასტრუქტურას, რათა დაეხმაროს საზოგადოებას, შექმნას თანამედროვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, რომლებიც შეავსებს ყველა იმ დანაკლისს, რაც გააჩნია ტრადიციულ საფინანსო სისტემას.
[R]