in

ამოიცანით საკუთარი თავი „თეთრი კვადრატის“ საახალწლო კამპანიაში?

ახალი წელი ყველაფრის ახლებურად დასაწყებად იდეალური დროა. წელიწადის ამ დროს ყველაფრის ახლიდან დაწყებაზე, უფრო დასამახსოვრებელ ყოველდღიურობაზე, დიდი ხნით გადადებული ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანაზე ვფიქრობთ, ახალ გეგმებს ვაწყობთ. გვინდა, თეთრი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრების ეს ახალი თავი და გამბედავი ნაბიჯები გადავდგათ. „გადმოეწყვე ახალ წელზე“ – დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ ახალი წლის განწყობას გვიქმნის და მთავარ იდეას გვახსენებს, რომ დროა, დიდი ხნის ჩანაფიქრები რეალობაში გავაცოცხლოთ. კამპანიის სათქმელი, „თეთრმა კვადრატმა“ სააგენტო Redberry-სთან ერთად, ამ ვიდეორგოლით გვამცნო.

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რა მიზანს ემსახურებოდა კამპანია, რა იყო მისი მთავარი სათქმელი?

თამთა მეძმარიშვილი, „თეთრი კვადრატის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: ყოველ ახალ წელს თითოეულ ჩვენგანს უფრო უკეთესის მოლოდინი გვაქვს, თითქოს შთამბეჭდავი ცვლილებების დრო დგება და ახალი ფურცლიდან ვიწყებთ ცხოვრებას. საკუთარ თავს ვპირდებით, რომ ახალ გეგმებს დავაწყობთ, არ შევუშინდებით ახალ გამოწვევებს და უფრო გაბედულ ნაბიჯებს გადავდგამთ. საახალწლოდ, ჩვენი მიზანი გახლდათ საზოგადოებისთვის მამოტივირებელი და შთამაგონებელი კამპანიის შექმნა, რაც უკეთეს განწყობასაც შექმნიდა და თან უკეთესი მომავლის დაგეგმვაზე დაგვაფიქრებდა.

კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვიდეორგოლში გვინდოდა მაყურებელს საკუთარი თავი ამოეცნო. ალბათ, ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვითქვამს, რომ „ორშაბათიდან ვარჯიშს ვიწყებთ“ ან „სამსახურში არ დავაგვიანებთ“, „უფრო ხშირად მოვიკითხავთ საყვარელ ადამიანებს“ და ა.შ. ეს სწორედ ის წელია, როცა უნდა განახორციელო ყველა გეგმა, რაც გულში გაქვს.

M: სააგენტოსთან ერთად, კამპანიის შექმნის სამუშაო პროცესზე გვესაუბრეთ…

თამთა მეძმარიშვილი: სააგენტოსთან ერთად მუშაობა ხანგრძლივი, პროდუქტიული და საინტერესო პროცესი იყო. პირველ რიგში, ჩვენ თავად შევიქმენით საახალწლო განწყობა. ყველა თანამშრომელი ახალ წელზე გადავეწყვეთ და დავიწყეთ ფიქრი, რა მოლოდინები გვქონდა 2023-ის მიმართ. მივედით დასკვნამდე, რომ ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი, პატარ-პატარა გეგმები, რომელთა სისრულეში მოყვანაც ხშირად გადაგვიდია და გაგვიჭიანურებია. მივხვდით, რომ 2023 სწორედ ის წელია, როცა სურვილების განხორციელებას შევძლებთ.

M: როგორ შეაფასებთ კამპანიის შედეგებს, ამ დროისთვის?

თამთა მეძმარიშვილი: ვფიქრობთ, უმრავლესობამ საკუთარი თავი ამოიცნო კამპანიაში, გაახსენდა საკუთარი უთქმელი, მიჩქმალული გეგმები, ჩაეღიმა და გადმოეწყო საახალწლო განწყობაზე. რაც მთავარია, ასობით ადამიანმა ჩვენთან ერთად  მიიღო გადაწყვეტილება და ახალი წელი თეთრი ფურცლიდან დაიწყო.

M: როგორ გადმოეცით კამპანიის მთავარი სათქმელი და რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა მას?

თოკა არეშიძე, Redberry-ის კრეატივ დირექტორი: ახალ წელს ხომ ყველას რაღაც ახლის და კარგის მოლოდინი აქვს. გვინდოდა, რომ ახალი წამოწყებების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩვენი წილი შთაგონება გაგვეზიარებინა. „თეთრი კვადრატი“ სწორედ ის ბრენდია, რომელიც გვაძლევს შთაგონებას და გვაჩვენებს, რომ ცხოვრების ახალ გეგმებზე გადმოწყობა ყოველთვის კარგი იდეაა.

მთავარი კრეატივიც სწორედ ამაზე დავაშენეთ. ის წელი მოდის, ის „ორშაბათი“, როცა მართლა დაიწყებ ვარჯიშს, მართლა ხშირად მოიკითხავ საყვარელ ადამიანებს, ერთი სიტყვით, ყველა იმ გეგმას შეასრულებ, რაც აქამდე გულში გქონდა და რატომღაც, ვერ ახორციელებდი.

საბოლოოდ, შევქმენით საახალწლო რეკლამა, რომელიც ახალ წელზე არ ყოფილა. უფრო სწორედ, ახალ წელზეც იყო და მომავალ 364 დღეზეც.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?

თოკა არეშიძე: მუშაობის პროცესი ზუსტად ისეთი იყო, ბრეინშტორმინგები რატომაც გვიყვარს – დამალული ჭეშმარიტებებით დახუნძლული. სწორედ მაგ დროს მივხვდით, რომ ჩვენც გვაქვს „რაღაც-რაღაცები“ შესაცვლელი… მყვირალა ჩაიდანი ოფისში ჩვენც გვაქვს გადასაგდები და სხვათაშორის, ამ კვირაში ვგეგმავთ ახლის ყიდვას…

[R]

როგორ გაანაწილებენ მარკეტერები ბიუჯეტს, 2023 წელს

50 ფრაზა, რომლებიც თქვენს თანამშრომლებს თავს დაფასებულად აგრძნობინებს