in

Text’nPayMe — სტარტაპი, რომელიც საბანკო გადახდებს ამარტივებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკისა და 500 Global მხარდაჭერით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა აქსელერატორმა ახალი პროგრამის ფარგლებში დამატებით 15 სტარტაპის გადამზადება დაიწყო.

ამ სტარტაპებს შორის მოხვდა Text’nPayMe, რომელიც ფინტექ კომპანიას წარმოადგენს და მომხმარებლებს მობილურ კლავიატურას სთავაზობს. ეს უკანასკნელი კი მათ საშუალებას აძლევს, გადახდები ნებისმიერი აპლიკაციის საშუალებით განახორციელონ. თანაც, ამის გაკეთება ძალიან მარტივ პროცესთანაა დაკავშირებული — ნებისმიერ ჩათში მხოლოდ უნდა აკრიფოთ „გაგზავნა“, შემდეგ თანხა, მიმღების ინფორმაცია, გადაამოწმოთ თქვენი ვინაობა ბიომეტრიის ან პაროლის საშუალებით.

სტარტაპის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას სტარტაპის დამფუძნებელი, არტურ კარაპეტიანი მოგვაწვდი.

M: არტურ, საინტერესოა, როგორ გაჩნდა სტარტაპის იდეა? რაიმე საჭიროებამ განაპირობა თუ უბრალოდ რაღაც ინოვაციურის შექმნა გსურდათ?

რეალურად, ეს ძალიან შემთხვევით მოხდა. ფეისბუქს ვათვალიერებდი და მოულოდნელად წავაწყდი სტატიას, რომელშიც საუბარი იყო WhatsApp-ისა და WeChat-ის გადახდის ვარიანტებზე. იმ მომენტში წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა. საგულდაგულო ​​კვლევის შემდეგ კი მივხვდი, რომ ფინანსურ სექტორში ცვლილებების ახალი ტალღის დრო დადგა — სოციალური ქსელები და მყისიერი მესენჯერები ეტაპობრივად ანაცვლებენ ბანკებს.

უფრო მეტიც, Web3-მა და DeFi-მ უფრო ცხადი გახადეს, რომ შეიძლება, ბანკები იმაზე სწრაფად აღმოჩნდნენ „გადაშენების პირას“, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. ამიტომაც, ჩვენი ამოცანა იყო, ისეთი გამოსავალი შეგვემუშავებინა, რომელიც საბანკო მომსახურებას ნებისმიერი აპლიკაციიდან გახდიდა ხელმისაწვდომს — როგორც Web3-ში, ისე Web2-ში, ტექნიკური ინტეგრაციის საჭიროების გარეშე.

და ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო, იყო მობილური კლავიატურა. ამ კლავიატურებს სმარტფონში ნებისმიერი კომუნიკაციისთვის ვიყენებთ: ძიება, შეტყობინებები და ა. შ. შესაბამისად, ეს იდეალური ადგილია სხვა ფუნქციებზე წვდომისთვის, როგორიცაა ტრანზაქციები — ფულის გაგზავნა, გადასახადების გადახდა, შესყიდვების გაკეთება და სხვა.

M: მომავალი დროებით რომ დავივიწყოთ, აქ და ახლა რატომ არის თქვენი სტარტაპის საქმიანობა ღირებული?

როგორც აღვნიშნე, ახლა ციფრული ევოლუციის ეტაპზე ვიმყოფებით, სადაც ადამიანები თავიანთ ტიპურ ქცევას და მომხმარებლის გამოცდილების შესახებ მოლოდინებს ცვლიან — მათ უწყვეტი გამოცდილების მიღება სურთ. თანაც, ციფრული სოციალური ცხოვრება სულ უფრო ფართოვდება, განსაკუთრებით კორონავირუსის შემდეგ. ადამიანები სოციალურ მედიას არა მხოლოდ საკომუნიკაციო არხად იყენებენ, არამედ საყიდლების და ციფრული ბიზნესის განსახორციელებლად.

ასე რომ, ძალიან ხელსაყრელ დროს შევდივართ თამაშში — გთავაზობთ 24/7 კომფორტს, სიჩქარეს და მოქნილობას.

M: რაიმე შემაფერხებელ ფაქტორებს თუ წააწყდით?

ჩვენ ახლა პროდუქტის გაშვების წინა ფაზაში ვართ და მთავარი გამოწვევა საკვანძო გზავნილის გადაცემაა საბოლოო მომხმარებლებისთვის — ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ აღმოჩენილი ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენი კლავიატურა სთავაზობს. და მრავალჯერადი გამარჯვებით, საჯარო ღონისძიებებით და 500 Global-ით ჩვენი მიზანია, გზავნილი დავხვეწოთ და ღირებულებები გავზარდოთ.

M: რახან 500 Global ახსენეთ, აქვე გვითხარით, თქვენი აზრით, რა შედეგს მიიღებთ საბოლოოდ ამ გამოცდილებით?

500 Global შესაძლებლობას გვაძლევს, ინდუსტრიის გურუებისგან მივიღოთ მენტორობა. გარდა ამისა, სტარტაპები ამ ოჯახის ნაწილი ხდებიან, რაც გლობალურ საზოგადოებასთან კავშირის პერსპექტივას წარმოადგენს.

M: სამომავლო მიზნებზე რას იტყვით?

მიზანია, გავხდეთ მასშტაბური და ხალხს მთელი პლანეტის უწყვეტი ციფრული საბანკო გამოცდილება მივცეთ.


500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში და ინდოეთში. როგორც TechCrunch მის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ამბობს, 500Georgia-ს მონაწილე კომპანიების ღირებულება 212%-ით გაიზარდა.

ახალ სპრეის საჭმლის დეზინფექციისთვის გამოიყენებენ

სოციალურმა მედიამ „ტრენდები“ სწრაფად წარმავალი გახადა