თბილისის მოდის კვირეული 8-11 ოქტომბერს გაიმართება. მე-12 სეზონზე შეიცვალა მოდის კვირეულის ლოგო, შეფუთვა და საიმიჯო ფოტო. ჩვენებების, “შოუ რუმებისა” და მასტერკლასებისთვის სხვადასხვა ლოკაციაა შერჩეული. დაგეგმილია ჩვენება ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე.

“ძირითადი ლოკაცია არის გართობისა და დასვენების ცენტრი “მეტრო”. “თბილისი მოლის” პარკინზე კი იქნება გიორგი ქებურიას ძალიან საინტერესო ჩვენება. ის თბილისის მოდის კვირეულის აღმოჩენაა, რამდენიმე სეზონის წინ დამწყებ დიზაინერთა კონკურსში გაიმარჯვა და უკვე პროფესიონალ დიზაინერად ჩამოყალიბდა”, – ამბობს თბილისის მოდის კვირეულის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელი ჯაბა სიხარულიძე.
მისივე თქმით, შეიცვალა თბილისის მოდის კვირეულის, ბრენდის, გარეგნული მახასიათებლები.
“კვირეულმა ამ სეზონზე სრული რებრენდინგი განიცადა. გვაქვს ახალი შეფუთვა, ლოგო და საიმიჯო ფოტო, რომელიც, წინამორბედებისგან განსხვავებით, არის ფერადი. ფოტო ირმა შარიქაძემ გადაიღო, მოდელი არის მარიტა ჯანაშია. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი სილუეტი “შეიკრა” “.
M: ვინ იმუშავა რებრენდინგზე და რატომ გადაწყვიტეთ ცვლილებების განხორციელება?
გვყავს პარტნიორი iStudio, რომელთან ერთადაც, ჩვენ, მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა, “ბრეინშტორმინგისა” და ერთობლივი მუშაობის შედეგად, გავაკეთეთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება ცვლილებებს. აქამდე გვქონდა ლოგო შავსა და მალინისფერში. თავის დროზე ეს მსოფლიო სტანდარტებს მოვარგეთ. ახლა კი ჩავთვალეთ, რომ 5 წლის შემდეგ სიახლე აუციელებელი იყო. გადავწყვიტეთ, ყოველ სეზონზე ჩვენი ბრენდი ახალი საიმიჯო ფოტოთი გალამაზდეს, რომელზეც, შესაძლოა, სხვა ფოტოგრაფმა იმუშაოს.
M: გარეგნული მახასიათებლების გარდა, ხომ არ შეცვლილა პროექტის მიზანი, შინაარსი?
კვირეულის მიზანი უცვლელია. თბილისის მოდის კვირეულის მიზანი დაარსებიდანვე ქართული მოდისა და ქართველი დიზაინერების პოპულარიზაცია იყო. როგორც ქვეყანაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, პრიორიტეტი, რომ უცხოელი დიზაინერები ყოფილიყვნენ, არ გვაქვს. თუმცა, სხვადასხვა დროს ქსენია შნაიდერის, მარკ ბაუერის ჩვენებები გვქონდა. წელსაც იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდის კოლექცია. ჩვენ ვართ პლატფორმა, რომელიც ქართველ დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინონ, სპეციალურად ჩამოგვყავს საერთაშორისო პრესის ბევრი წარმომადგენელი და ე.წ. ბაიერები, ვინც მათ გაიცნობს, პოპულარიზაციას გაუწევს.
M: როგორ შეაფასებ თბილისის მოდის კვირეულს დაარსებიდან დღემდე ?
თბილისის მოდის კვირეული 5 წელია ტარდება. ამ პერიოდის მანძილზე, თუნდაც, იმას მივაღწეით, რომ საქართველოში 5-6 კი არა, 50-ზე მეტი მომუშავე დიზაინერია, ბევრი სტუდია და ატელიეა. ვითარდება, როგორც დიზაინერი, ასევე მოდელი, ფოტოგრაფი, სხვადასხვა ატელიეში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და შემდეგ მათი ნამუშევრები კვირეულზეა წარმოდგენილი. თბილისის მოდის კვირეულს საზოგადოება უკვე აღიქვამს, არა მარტო როგორც გლამურულ ღონისძიებას, არამედ, როგორც საქმეს, რომელიც ხელს უწყობს სფეროს განვითარებას. ჩვენც, ჩვენის მხრივ, საუკთარ გამოცდილებაზე ვისწავლეთ. ვფიქრობ, სამომავლოდ, ამ სფეროში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები, ქართული მოდის მიმართ კი უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება.











