in

ქართველი ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ხატავდა – თამარ დე ლეტე

სასიამოვნოა, როდესაც მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს შორის ქართველთა სახელებსაც წააწყდებით. ასეთები კი, მრავლად გვყოლია – უახლესმა ისტორიამ შემოგვინახა არაერთი ამბავი პრინც მაჩაბელზე, ნიკო ნიკოლაძეზე, ძმებ ზალდასტანიშვილებსა და უამრავ სხვაზე. ამჯერად, გიამბობთ ქალზე, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი საქმიანობით, საუკუნის შემდეგაც მოახერხა ჩვენი განცვიფრება. ეს გახლავთ თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე – ქალი, რომელმაც თავისი შემოქმედება ევროპასა და ამერიკას გააცნო. მან მრავალი წელი გაატარა საკუთარი გზის ძიებაში საფრანგეთში, ბრაზილიაში, აშშ-სა თუ კანადაში. მისი შემოქმედება არაერთხელ მოექცა ფართო საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში და ბევრად შორს მიდის, ვიდრე მხოლოდ კრისტიან დიორისთვის დახატული ესკიზებია.

ფესვების კვალდაკვალ

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის თავგადასავლის ძიებას, მისი ბებიის, სუზან იოანესის ისტორიამდე მივყავართ, რომელმაც ერთმანეთთან ჯორჯაძეების, ვაჩნაძეებისა და დე ლეტეების საგვარეულო დააკავშირა. გამორჩეულია თავად სუზან იოანესის ამბავიც, რომლის სილამაზესაც ერთ-ერთ ბაღში სეირნობის დროს შემთხვევით საფრანგეთის დედოფალი, ნაპოლეონ III-ის მეუღლე ევგენია მონტიხი აღუფრთოვანებია. საქართველოში, თავისი მშობლების გარდაცვალების ადგილების მონახულებისას ჩამოსულა და მოსამსახურედ სამუშაოს დაწყების ძიებაში, თავადი ჯორჯაძის სახლში აღმოჩენილა გუვერნანტად. ერთ-ერთ ჯორჯაძეს სუზანი თავდავიწყებით შეყვარებია და ცოლად შეურთავს.

ქალმა მალევე შეისწავლა ქართული ენა და ყველა საზეიმო მოვლენის კაშკაშა ვარსკვლავად იქცა. შვილები – გივი, ლიზა და ლელია სუზანმა ჟორჟ სანდის იდეალებზე აღზარდა – ეს გახლდათ ადამიანთა თანასწორობის პატივისცემა, პროტესტი ზღვარგადასული სიმდიდრისადმი და „ქრისტიანული სოციალიზმის“ იდეა. მისმა მეუღლემ – ვანო ჯორჯაძემ, ევროპაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოაწყო მეღვინეობა, სადაც ფრანგი მეღვინეებიც კი ჩადიოდნენ ქართული ღვინოების დასაგემოვნებლად.

შთამომავალი

1925 წელს, ლელიას შვილს, სიუზი ვაჩნაძეს თამარი შეეძინა. მამა – პეტრუს ფონ ლეტე უნგრელი ოფიცერი გახლდათ. მშობლებს, საქმიანობიდან გამომდინარე, დროდადრო უხდებოდათ მოგზაურობა ევროპაში. მეუღლესთან განშორების შემდეგ, 1929 წლიდან, სიუზი ვაჩნაძე შვილებთან და ბებია სუზანთან ერთად, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ოჯახის რჩენას მძიმე შრომით, დამოუკიდებლად ცდილობდა.

განათლება

გაჭირვების მიუხედავად, სიუზი დიდ დროს უთმობდა თამარ დე ლეტეს აღზრდას. თამარი კლასიკური ცეკვის ჯგუფში შეიყვანა, დაჰყავდა ხატვაზე, ჯირითსა და ფარიკაობაზე. სამხატვრო განათლება მადლენ ვატიესა და ბერნარ ჰუგეს ატელიეებში მისცა.

დიდი სცენა

თამარი ქართული ფოლკლორული დასების ვარსკლავადაც იქცა. ცეკვამ არამარტო მშობლიურ ფესვებთან დააბრუნა, არამედ საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მეთაურის ოჯახთანაც დაახლოვა. მან ნოე ჟორდანიას ვაჟზე იქორწინა, თუმცა ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა.

ცნობილი ფრანგი ბალერინას, ჟანინ შარატის შუამავლობით, თამარი შეხვდა გამოჩენილ ფრანგ ბალეტმაისტერსა და ქორეოგრაფ ჟან ბაბილეს, რომელიც თამარის საცეკვაო ტალანტით მოიხიბლა. ჟან ბაბილესთან შეხვედრებით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა თამარ დე ლეტეს მტკიცედ გადააწყვეტინა საკუთარი მომავალი ამერიკის კონტინენტზე ეძებნა.

თუმცა, ნიუ-იორკში უფულოდ ჩასულმა ჯორჯ ბალანჩინისთან დაკავშირება ვერ მოახერხა. თავისი ნიჭით კი მხოლოდ მცირედის გამომუშავება შეძლო. მოგზაურობა კანადაში განაგრძო, სადაც მცირე ხანს, რთულად აღსაზრდელი ბავშვების პედაგოგად იმუშავა.

მხატვრობა

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე თავისი მრავალფეროვანი ნიჭის რეალიზებას ყველა საშუალებით ცდილობდა და ახალ შესაძლებლობებს გამუდმებით ეძებდა. შანზ-ელისეს თეატრში ჟანინ შარატისა და მისი ჯგუფის Ballet de France-თვის, 10 დღეში, სრულად შექმნა დეკორაციები და კოსტიუმები.

სან-პაოლოში ის სხვადასხვა გამომცემლობის ათამდე წიგნის ილუსტრირებით იყო დაკავებული. მან გააფორმა მსოფლიო მითოლოგია, ასევე, შარლ პეროსა და ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოებები. ამავე პერიოდში, სან-პაოლოს თეატრში თამარ დე ლეტემ მოლიერის, ფედერიკო გარსია ლორკას, ჟან-პოლ სარტრის შემოქმედების მიხედვით, 30-ზე მეტი დადგმისათვის შექმნა თეატრალური მაკეტები, დეკორაციები და კოსტიუმები. მასზე არაერთხელ დაიწერა ადგილობრივ გამოცემაში Estado de Sao Paulo, მათ შორის, ჟერმანო მარიუტისთან ერთობლივ გამოფენაზე გალერეა Ambiante-ში. ნაციონალური ოპერის თეატრების გაერთიანებამ თამარ დე ლეტეს ბალეტ Dyade-ის კოსტიუმების მოდელები დაუკვეთა.

თამარმა, ქალაქ კონფლანში, სან-სებასტიანის სამლოცველოს ინტერიერის დეკორაცია XV საუკუნის სტილში განაახლა. მისი ზედამხედველობის ქვეშ და მისი ესკიზების მიხედვით, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ნამუშევრის შექმნაში.

1975 წელს, ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში თამარის ნახატებისა და პორტრეტების გამოფენა გაიხსნა, რომელიც მთელი ლუქსემბურგის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

დრამატურგია

ხელოვანმა თავი დრამატურგიაშიც გამოიჩინა. 1961 წელს, ის საფრანგეთის დრამატულ კომპოზიტორთა და ავტორთა საზოგადოების კომისიამ თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ასოცირებულ წევრად აირჩია. მანვე პიესად გადააკეთა შარლ ბოდლერის ლექსი „შეყვარებულთა სიკვდილი“. თამარმა შექმნა ლიბრეტო, დეკორაცია, კოსტიუმები და მიზანსცენა საბალეტო დადგმებისთვის: „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“, „მარიონეტები“ და „ორცხობილას გამყიდველი“, ასევე, ფილმისათვის „ოქროს ლეგენდა“. ამას გარდა, თეატრისთვის ჟან ჟიროდუს სპექტაკლ Ondine-ს დადგმა გადაწყვიტა.

„ის ქმნის მთლიან ბალეტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი წერს ამბავს, არჩევს მუსიკას, ხატავს სცენარებს, ქმნის კოსტუმებს, ინიშნავს ნაბიჯებს და აკეთებს ყველა ტექნიკურ დეტალს. ბალეტის ბოლომდე მიყვანაზე პასუხისმგებელ ქორეოგრაფსა და მკერავებს კი ადვილი დავალება აქვთ, რადგან მათ უმცირეს დეტალებამდე გამზადებული სამუშაო ხვდებათ…“ – ასე წერდა თამარ დე ლეტეზე პარიზელი ჟურნალისტი ივონა ჟანი თავის რეპორტაჟში.

კრისტიან დიორი

კრისტიან დიორთან თანამშრომლობა თამარმა, 1960 წელს, ბრაზილიაში დაიწყო. ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა, ორი მათგანი ფერადია, ერთიც – კალკაზეა შესრულებული. როგორც ჩანს, მოდის სახლთან ურთიერთობა ერთ წელიწადში დასრულებულა, რისი მიზეზიც Christian Dior-ში დირექციის ცვლილება აღმოჩნდა. წერილით დასტურდება ის, თუ როგორ აფასებდნენ თამარის ნამუშევარს: „ვწუხვარ, რომ ჩემგან მიიღეთ ნეგატიური და იმედგამაცრუებელი წერილი ცუდი სიახლეებით! როგორც ხედავთ, ჩემო პატარა თამარ, ამ შემთხვევაში, არ იდგა თვენი ნიჭიერების საკითხი, უბრალოდ Dior-ში, სადაც წინა დირექტორი ძალიან გაფასებდათ, დირექცია შეიცვალა. შესაბამისად, ან ახალი უფროსის გემოვნება, ან მისი იდეები, ან მისი არაკომპეტენტურობა, ან ადგილი მისი მეგობარი ბიჭისთვის, არის მიზეზი იმისა, რომ მან არ გაითვალისწინა წინამორბედის რჩევები. რაც შეეხება რაიმონს, მას ხიბლავდა თქვენი ნახატები, თუმცა კომისიაში არიან ასაკოვანი ბატონები, რომელთაც ასევე საკუთარი უცნაური გემოვნება აქვთ. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ მათ შეცვალეს სარეკლამო ფორმულა და ფული პატარა სარეკლამო ფილმებში, ჟურნალებსა და გაზეთებში ჩადეს“.

ეს თამარის ისტორიის მხოლოდ ნაწილია. თამარ დე ლეტეზე საკმაოდ ბევრია სასაუბრო. ამის მიუხედავად, მის შესახებ ნაკლებად იყო ცნობილი, სანამ საქართველოს ბანკმა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა არ გადაწყვიტა.

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე გახლდათ მხატვარი, რომელმაც საკუთარი ხელწერა დატოვა საბალეტო და თეატრალურ სცენაზე. მსოფლიოს გარშემო, ხელოვნების უამრავი მოტრფიალე მოიყვანა აღფრთოვანებაში. ჩვენ კი, მის თანამემამულეებს, გამორჩეული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, საკუთარი შემოქმედების სახით.

 


საარქივო მასალები: გიორგი კალანდია

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ახალი Skoda Elroq vRS, როგორც ბრენდის ელექტრო ეპოქის სიმბოლო

გლენმორანჯის ახალი კამპანია — გადაიღე ყველაზე ფერადი კადრი