in

მადლობის თქმით, უკეთეს სამუშაო გარემოს შექმნით

შესაძლოა, ახლა ფიქრობთ, რომ არაფერი ხდება, რისთვისაც მადლიერი იქნებოდით. ბევრი ჩვენგანი დამწუხრებულია ჯანმრთელობის თუ ფინანსების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო. ეს ყოველივე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახება, პროდუქტიულობაზეც და ურთიერთობებსაც ვნებს. როდესაც ოპტიმიზმს ვკარგავთ, კოლეგებსაც უფრო ცუდად ვექცევით. შესაძლოა, აგრესიულად მივმართოთ, მათ ზურგს უკან ვისაუბროთ, დავაიგნოროთ ან გავრიყოთ კიდეც… ასეთი ქცევა დიდი პრობლემაა და ორგანიზაციებს ძვირად დაუჯდებათ. სამწუხაროდ, კვლევები ვერ გვთავაზობს ამ პრობლემის გადაჭრის პრაქტიკულ გზას, რადგან ამ საკითხზე მუშაობა ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ცუდი მოპყრობა პირდაპირ კავშირშია ადამიანების დამცირებასთან. სწორედ ამიტომ, საქმეში ფსიქოლოგები აქტიურად მონაწილეობენ. მათი თავდაპირველი მიზანი განწყობის მადლიერების დახმარებით ამაღლება იყო. საბოლოო ჯამში, კვლევებით დადასტურდა, რომ მადლიერების შეგრძნება ურთიერთდამოკიდებულებას აუმჯობესებს და მხარდაჭერის განცდას ქმნის.

კვლევიდან ირკვევა, რომ ადამიანებს შეუძლიათ მადლიერების განცდა კონკრეტული კუთხით მიმართონ და ამისათვის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს. ერთ-ერთია “მადლიერების გუნდის” ჩამოყალიბება, რომლის წევრებიც მადლიერების როლურ თამაშებში არიან ჩართულები. მეორე ხერხია მადლიერების წერილის დაწერა, შემდეგ კი მისი ხმამაღლა წაკითხვა. ასევე, ძალიან მარტივი მიდგომაა მადლიერების დღიურის წარმოება.

ამ მიდგომების გამოყენებით, შესაძლებელია ორგანიზაციაში უხეში ქცევის შეცვლა. მადლიერება აძლიერებს სოციალურ ქცევას. ასტიმულირებს ინტერპერსონალურ ურთიერთობას. აუმჯობესებს თვითკონტროლს. უფრო მეტ მხარდაჭერას აგრძნობინებს ადამიანებს.

ამ თემის კვლევის ფარგლებში, მიიწვიეს 147 მოხალისე სხვადასხვა ინდუსტრიიდან, ორგანიზაციიდან და პოზიციიდან. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, დიასახლისები, კონსულტანტები… მონაწილეებს სთხოვეს, ორი კვირის განმავლობაში ეწარმოებინათ დღიური სამუშაო დღის შესახებ და შემთხვევითობის პრინციპით გაუნაწილეს ორი პირობა: 1. მათ, ვისთვისაც მადლიერების გრძნობა არ იყო უცხო, ევალებოდათ დაეწერათ იმ მოვლენებსა და ადამიანებზე, ვის მიმართაც გრძნობდნენ მადლიერებას. 2. მეორე ტიპის ადამიანებს, უბრალოდ, დღის მოვლენების შესახებ ჩანაწერების კეთება სთხოვეს. 10 დღის შემდეგ, თანამშრომლებმა შეავსეს ონლაინ კითხვარი, რომელშიც უნდა მიეთითებინათ, რა გავლენას ახდენდა დღიურის წარმოება მათ მოტივაციაზე, ურთიერთობაზე, თვითკონტროლსა და აღქმაზე. ერთი კვირის შემდეგ, ერთ-ერთი მონაწილის კოლეგებს სთხოვეს შეევსოთ კითხვარი, სადაც ბოლო ორი კვირის მანძილზე ამ ადამიანის უხეშ ქცევებზე დაწერდნენ.

მონაცემთა დამუშავების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ მადლიერების დღიურის წარმოებამ ადამიანებს ქცევის ცვლილებისკენ უბიძგა და ბევრად შეამცირა უხეში მოპყრობა სამუშაო გარემოში. ამის დასადასტურებლად, მეორედაც ჩაატარეს იგივე ცდა, 204 თანამშრომლის მონაწილეობით. გარდა იმისა, როგორ შეიცვალა ადამიანის ქცევა, დააკვირდნენ, რამდენად ხშირად საუბრობდნენ კონკრეტულ ადამიანზე, მის ზურგსუკან. აღმოაჩინეს, რომ მადლიერ თანამშრომელზე აღნიშნავდნენ, რამდენად კარგი თვითკონტროლი ჰქონდა. ასეთ ადამიანებს ზურგსუკან ბევრად ნაკლებად განიხილავდნენ და მასთან ურთიერთობისას არც უხეშობას აწყდებოდნენ.

მადლიერება არ არის პანაცეა და არც მადლიერების ჟურნალია ცალსახა რეცეპტი. ამის ნაცვლად, სჯობს ორგანიზაციული ურთიერთობები უფრო სულიერ ასპექტში განვიხილოთ, უფრო მეტი ვიფიქროთ მადლიერებაზე. მაინც, როგორ? აი, მეცნიერებით გამყარებული მიდგომები:

ხელმძღვანელები უნდა იყვნენ როლური მოდელები. ზოგიერთისთვის მადლიერება ბანალური ცნებაა. თუკი ხელმძღვანელობა არ მონაწილეობს მადლიერების კულტურის დანერგვაში, რატომ ელით ამას თანამშრომლებისგან? საამისოდ, ერთ-ერთი ხერხია, თავად აჩვენოთ მადლიერების მაგალითი. დაუთმეთ სულ მცირე დრო ყოველ თანამშრომლებს და პირადად გადაუხადეთ გულწრფელი ამდლობა. მიგაჩნიათ, რომ ეს ბევრ დროს წაგართმევთ? Campbell-ის დირექტორმა დუგლას კონანტმა 30 000-ზე მეტი ხელნაწერი წერილი გაუგზავნა თავის თანამშრომლებს. მას სწამდა, რომ წერილები განწყობასა და პროდუქტიულობას გააუმჯობესებდა.

გამონახეთ დრო და ადგილი მადლიერებისათვის. ბევრ თანამშრომელს შეიძლება ეუხერხულებოდეს საჯარო მადლიერების მოსმენა. ამიტომ, ნუ ჩააგდებთ მათ ამ იძულებით მდგომარეობაში. ამის ნაცვლად, სწორად შეარჩიეთ მიდგომა – ეს შეიძლება იყოს ვირტუალური სივრცეც. მაგალითად, დისტანციურად მუშაობისას, შეგიძლიათ Slack-ის საერთო არხის გამოყენება, რათა თქვენი დამოკიდებულების შესახებ ბევრმა გაიგოს.

საერთო ჯამში, მენეჯერებმა უნდა გაუსვან ხაზი მადლიერების გამოხატვასა და აღიარებას სამსახურში. ეს კულტურა მხოლოდ დადებითად აისახება თანამშრომლის მდგომარეობასა და პროდუქტიულობაზე. კვლევების თანახმად, ეს სამუშაო გარემოში მკაცრ და უხეშ გარემოს ცვლილებასაც გამოიწვევს.

 

წყარო: HBR



პლანეტის შიდა სითბომ მარსზე შესაძლო სასიცოცხლო წერტილები გაააქტიურა

„ელვისი” –  ქართული „დელივერი“ სტარტაპი რესტორნების გვერდში, კრიზისის ერთად გადასალახად!