წლევანდელ Google I/O-ს სეზონს The Android Show: I/O Edition-ით იწყებენ და დიდ სიახლეებს გვაცნობენ ანდროიდის ეკოსისტემაში. ამიტომ, ახლა, მოდით, დეტალურად გავიგოთ ყველაფერი დაწყებული ყველაზე მასშტაბური რედიზაინით, გაგრძელებული Gemini-ის ინტეგრირებით ყველა მოწყობილობაში და დამთავრებული თაღლითებთან ბრძოლითა თუ მოწყობილობების უსაფრთხოებით.
Android 16-ის ყველაზე მასშტაბური რედიზაინი
Material 3 Expressive ახალ გზებს გთავაზობთ საკუთარი სტილისა და ინდივიდუალიზმის გამოსახატავად. შეუფერხებელ ინტერაქციებს გპირდებათ და სურს, პრაქტიკული ინფორმაციებით მოგამარაგოთ. აქ განახლებული დინამიკური ფერთა თემატიკები შეგხვდებათ და უფრო თამამი ტიპოგრაფია.
გარდა ესთეტიკისა, Android 16 ახალ ფუნქციებს შემატებს თქვენს სმარტფონს. Quick Settings-ში შეგეძლებათ სწრაფად დაამატოთ, მაგალითად, Flashlight და Do Not Disturb, როცა ახალი Live Updates-ის ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, მარტივად ადევნოთ თვალი შეტყობინებების პროგრესს, იქნება მიტანის სერვისი, ტაქსი თუ სხვა.
Wear OS 6 უფრო მომრგვალებულია და დიდხანს ძლებს
Material 3 Expressive თქვენს მაჯამდეც მოაღწევს Wear OS-ის წრიული ეკრანების ფორმით. საათი ბევრ ანიმაციას გთავაზობთ, ინფორმაციებს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს ხდის, ღილაკებსაც ისე ათავსებს, რომ მარტივად შეძლოთ ნავიგაცია. დინამიკური ფერები ციფერბლატის პალიტრას ესადაგება. ხოლო ბატარეის ხანგრძლივობა 10%-ით გაუმჯობესდა.
Wear OS ხელმისაწვდომი წლის ბოლოს გახდება.
3 უსაფრთხოების ფუნქცია Android 16-ზე
თაღლითებისა და სკამერებისგან დაცვას ახალი ფუნქციებით გვპირდებიან, მათ შორისაა Scam Detection, რომელიც საეჭვო შეტყობინებებს ბლოკავს Google Messages-ში. თანაც ახლა უკეთ გამოსდის თაღლითების ამოცნობა და გამოვლენა. აქვე შეგხვდებათ Find Hub — ე. წ. დეშბორდია, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თვალი ადევნოთ თქვენს ტელეფონსა თუ ბარგს ან სულაც შეამოწმოთ, რამდენად უსაფრთხოდ მივიდა თქვენი შვილი სახლში. წელს აღნიშნულს Bluetooth და სატელიტური კავშირი ემატება.
მესამე ფუნქცია კი AdvancedProtection გახლავთ, რითაც გუგლის ისედაც კარგი უსაფრთხოების პარამეტრები კიდევ უფრო უმჯობესდება. ეს ფუნქცია უფრო მეტად ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისთვისაა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მომხმარებლებისთვის, ამიტომაც მათ მოწყობილობებსა თუ აპლიკაციებში დამატებით დაცვას შესთავაზებენ.
Gemini კიდევ უფრო მეტ მოწყობილობას ემატება
გუგლისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს საათია, ტელევიზორი, ყურსასმენი თუ მანქანა, სურს, Gemini ყველა მოწყობილობაზე დაამატოს. ამიტომაც, მალე WearOS-ზე ვარჯიშის დროს შეხსენებების დაყენებას შეძლებთ. მანქანაში კი Gemini ხმოვან ფუნქციას შემოგთავაზებთ და საშუალებას მოგცემთ, შეაჯამოთ ქაოსური ჯგუფური ჩატები ან მანქანის მართვის დროს გაიგოთ დღის სიახლეები. GoogleTV-ზე Gemini ბავშვებისთვის უსაფრთხო ფილმებს შემოგთავაზებთ და თუ მოგინდებათ იუთუბის ვიდეოებსაც განგიმარტავთ (მაინც რამდენად დიდია იუპიტერი?). Android XR-ზე კი ყურსასმენებითა და ჭკვიანი სათვალეებით მთლიანი შვებულების 3D რეჟიმში დაგეგმვას შეძლებთ.
The Android Show: I/O Edition-ის სრულად ნახვას ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეძლებთ:
უფრო მეტს კი 20 მაისს Google I/O-დან გავიგებთ.