22
Oct
2019

რა არის შენი გენგეგმა კი არადა, არცოდნის ხელოვნება

22 Oct 2019

საშა დიუნკანი, მთხრობელი, ფემინისტი, კინორეჟისორი საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება:

pasha-statiebi
pasha-statiebi

გუშინ, მიუხედავად იმისა, რომ შუა გაზაფხულია, მოთოვა. სხვა ქალაქში მივდიოდი და ის ერთი სვიტრი გადავიცვი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რომ არ გამიხდია. უმუშევარი ვარ. აბსოლუტურად არ მაქვს წარმოდგენა, როგორი სამსახური მინდა. ჩემი ბანკის ექაუნთი ცარიელია. ლატეში $7 გადავიხადე.

„ვინმე მჭირდება, რომ მითხრას, რა გავაკეთო“, – მოვთქვამ, როგორც ყოველთვის.
„მესმის“, – მპასუხობს დედაჩემი, რომელიც ძალიან განიცდის ხოლმე ჩემს ამ მდგომარეობას.

ვფიქრობ, რომ კმაყოფილება კითხვებზე პასუხების ქონას მოაქვს, ამიტომ არ ამბობენ, ცოდნა არის ძალააო?!.

მე კი ვიტყოდი, რომ ცოდნა, უბრალოდ, ძალაუფლების აღქმაზე მეტყველებს.

ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი მე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაში გავატარე, რომ ყველაფერი უნდა მცოდნოდა. სულ მცირე, ის, რაც ჩემს ცხოვრებასთან იყო კავშირში. და მოკლედ, ვიცოდი, რას ვაკეთებდი და საით მივდიოდი.

ისე გამოვიდა, რომ სისტემაში მოვაქციე ჩემი ყოფა: სკოლა დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე, მერე სამსახურიც ვიშოვე. სამსახური რომ არ მომეწონა, სხვა სამუშაო ადგილზე გადავედი და იმდენი ვქენი, რომ დამაწინაურეს. საინტერესო ურთიერთობებიც მქონდა. კი, მინდოდა, თუმცა, უფრო იმიტომ, რომ ვფიქრობდი, საჭირო იყო. მერე ოთახის მეზობლებიც მყავდა, მოგვიანებით საკუთარი ბინის ყიდვაც შევძელი. ნივთები ვიყიდე, გადასახადებს ვიხდიდი. მოკლედ, სტაბილურობის განცდა მქონდა და თავს კარგად ვგრძნობდი.

და ვინმეს რომ ეკითხა, რატომ ვუყურებ ცხოვრებას მაღაზიაში საყიდელი ნივთებივით?..
მაგრამ არავის უკითხავს.

იმდენად მივყევი დინებას, რომ ვერც კი შევნიშნე, როგორ დავკარგე თავი ჩემს თითქოს ამ მოწესრიგებულ მიკროსამყაროში.

და ერთ დღესაც (რეალურად ხომ ერთი შეხედვით, ძალიან უმნიშვნელო დეტალები ცვლის ჩვენს მსოფლმხედველობას), ჩემმა ყოფილმა კოლეგამ მკითხა:

„აბა, შენი შემდეგი გეგმა რა არის?“.
„რა?“
„შემდეგ რა იქნება? რა არის შენი გეგმა?“
„მე… არ ვიცი“.

და მივხვდი, რომ გარტყმაში არ ვიყავი, რა ჯანდაბა მინდოდა.

ვიცოდი, რომ თვითმფრინავის ბილეთი მაქვს, რომელიც იმ ქალაქში წამიყვანს, სადაც არასდროს ვყოფილვარ. მინდოდა, რომ ხელოვნება მეკეთებინა და ვიცოდი, რომ ამისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მომიწევდა. მაგრამ გეგმა? არა. არანაირი. არაფერი.

ეს სამი სიტყვა მაუბედურებდა: მე. არ. ვიცი.

ჩემი მიზანი სადღაც აორთქლებულიყო, ყურები ჩამოვყარე. საკუთარ ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე. შემეშინდა. არცოდნის, შესაბამისად, გეგმის არქონის.

თავისუფალ ვარდნაში ვიყავი. დაბნეული და შერცხვენილი. 



განხილვა