3
Feb
2020

The Bearfox-ის ახალი ალბომი ოპტიმიზმით განმსჭვალული სასიყვარულო წერილია

3 Feb 2020

თბილისის ამინდებზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ქართულ მუსიკაში აუცილებლად გამოიდარებს და ამის მანიშნებელი ჯგუფ „The Bearfox“-ის მეორე სტუდიური ალბომია.

ჩვენთან ბოლო 20 წლის განმავლობაში მუდმივად იდგა ენის პრობლემა. რატომღაც 1980-90-იანი წლების თაობის შვილების უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ ქართულ ენას და ფონეტიკას პრობლემები აქვს მუსიკის თანამედროვე სტილებთან, მღერის მანერასთან და ამიტომაც ამ სირთულიდან გამომდინარე – მთავარ სასიმღერო ენად უმეტესობამ ინგლისური, ზოგმა კი სულაც რუსული აირჩია.

ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც დღეს ამ (და არამარტო) თაობის კუმირია, სწორედ იმ არჩევანისთვის არის, პირველ რიგში, დასაფასებელი, რომ ესტრადის მიტოვებულ ქართული სასიმღერო კულტურას ნათლად აჩვენა, რამდენად ლაღად და კარგად შეიძლება, ეროვნული ენა ინტეგრირებული იყოს დასავლური კულტურისგან შობილ მუსიკალურ სტილებთან. ვფიქრობ, ირაკლი ჩარკვიანზე უკეთესად ცოტა თუ ფლობდა ინგლისურ ენას თუ კულტურის ელემენტებს, მაგრამ მისი იმდროინდელი ეს გადაწყვეტილება ერთობ პრინციპულიც იყო, და არანაირი კავშირი არ ჰქონდა პრიმიტიულ ნაციონალისტურ სულისკვეთებასთან.

საუბედუროდ, მაგალითი საკმარისი არ აღმოჩნდა და 2000-იანი წლების შუალედში უამრავ მუსიკალურ წამოწყებას გადავაწყდით, რომელთაგანაც სტილისტურად თუ შინაარსობრივად ღირებული ვერ გამოდნებოდა.

გასული დეკადის დასაწყისში სიტუაცია შეიცვალა და 2019 წელს უკვე გამოცოცხლების პირველი ტალღებიც მოადგა ჩვენს ნაპირებს. „ეკო და ვინდა ფოლიოს“ მიერ გამოშვებულმა სადებიუტო ალბომმა წესით იგივე ტიპის როლი უნდა იკისროს, რისი მცდელობაც თავის დროს ირაკლი ჩარკვიანსა და სხვებს ჰქონდათ.

„The Bearfox“-ის ახალი ალბომიც “ისევ გამოიდარებს“ სწორედ ამის მომასწავებელია. ორი მეგობრის – მებო ნუცუბიძისა და  ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილის მიერ 7 წლის წინ დაწყებული დუეტიც სადებიუტო ალბომისგან განსხვავებით, უკვე ქართულად ამღერდა.

 

გამოიდარებს 11 სიმღერისგან შემდგარი ალბომია, რომელზეც ჯგუფი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. გიტარისა და კლავიშის აკომპანიმენტით ჯგუფი რბილ, მშვიდ და მარტივ მუსიკას ქმნის.

სანამ ალბომის მოსმენას დავიწყებდი, ჩემი პირველი შთაბეჭდილება მისი ვიზუალური გამოფრმება იყო. თბილისის ხედი, სადაც ბეტონის ჯუნგლებს ყველაფერი წაულეკავს. შეიძლება ითქვას, რომ ალბომი სწორედ ამ პირქუში რეალობიდან ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. „გამოიდარებს“ არამხოლოდ ავტორის პირად ურთიერთობებსა და ცხოვრებაში, არამედ გლობალურადაც და მისი სითბო ჩვენს ყოფაზეც აუცილებლად აისახება.

ალბომის დასაწყისი “პროლოგი” თავიდანვე დაძაბულ გარემოს ქმნის, თუმცა, ალბომის მეორე სიმღერა, რომელიც ულამაზესი ოდაა მომავლის დღეებისადმი, მიუხედავად წარსულში განცდილი მარცხებისა, ისევ სიცოცხლის გაგრძელებისკენ გვიბიძგებს – „იცი, რომ ხვალ ისევ, გაჩნდება გზა ისევ“ იკითხება სიმღერის ტექსტში.

„ოღონდ შენ იყავი“ – დინამიური ბალადაა, სადაც უფრო უფრო იგრძნობა ბენდის მუსიკალური შესაძლებლობები. „ნუ გამწირავ“ კი აგრძელებს იმ საერთო სულისკვეთებას, რაც ალბომის პირველ ნახევარში იგრძნობა.

 

აკუსტიკარი გიტარისა და კლავიშის ამ ჰარმონიულმა შეთამაშებამ შეიძლება, ვიღაცას “Coldplay“-ის პირველი ალბომიც კი გაახსენოს. „ვინ შემიფარებს“-ში მებოს ხმას, განსხვავებული ფემინური ხმაც ემატება და ერთდროულად ატმოსფერულ კომპოზიციას ქმნიან. აქვე ჩნდება ავტორის იმედის ობიექტიც –  „ვინ შემიფარებს, შენ გარდა“.

 

ალბომის მეორე ნაწილზე გადასვლისთვის აუდიო ეფექტებით დატვირთული „ინტერლუდია“ გვამზადებს“. ეს ნაწილი პირველისგან განსხვავებით, მართლაც რომ გამოდარების მანიშნებელია.

„ყოველთვის ახსოვს“ ალბომის ერთ-ერთი ყველაზე მელოდიური კომპოზიციაა. „ზღვას“ უფრო მეტი მელანქოლია შემოაქვს, რომელიც საოცარი მგრძნობელობითაა დაწერილი. ალბომის ბოლო ორი კომპოზიცია კი მის ძირითად სათქმელს გადმოსცემს. „მაინც გიმღერებ“ იმედით განმსჭვალულია, რასაც „გამოიდარებს-ში“ თუთარჩელას გუნდის ჰაეროვანი ატმოსფერო ემატება.

საერთო ჯამში „ისევ გამოიდარებს“ ახალი ათწლეულის პირველი ქართული ალბომია, რომლის ძლიერი და სუსტი მხარეც, მსმენელის პრეფერენციის მიხედვით სიმარტივე და უბრალოება შეიძლება, გახდეს. თუმცა, ერთი აშკარაა, საერთო გამოდარებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია, რომლის კვალსაც, ვიმედოვნებ, სხვებიც მიჰყვებიან.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი



განხილვა