in

რას ეფუძნება The Beatles-ის გრძელვადიანი მარკეტინგი?

მას შემდეგ, რაც წინა კვირაში The Beatles-ის უახლესი სიმღერა გამოვიდა, მთელი მსოფლიოს ყურადღება კვლავ ამ ჯგუფისკენ მიიმართა. მისი Now and Then კი კვირის ყველაზე გაყიდვად სინგლად დასახელდა, რისთვისაც პირველ დღესვე მოგროვებული ნახვებიც საკმარისი იყო. რა თქმა უნდა, ეს ბითლზისთვის რაღაც უჩვეულო ან უცნობი არ ყოფილა, რადგან ჯგუფი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მას შემდეგ, რაც პირველად გამოჩნდა სცენაზე — ცოტა „ხატოვნად“ თუ ვიტყვით, პირველივე ნოტიდან მოხიბლა ხალხი.

როგორც უკვე იცით, Now and Then ჯონ ლენონის ორიგინალ ვოკალს შეიცავს, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოსაა ჩაწერილი. ხელოვნური ინტელექტის მოდელმა კი ჩანაწერიდან ხმის სუფთად ამოღება შეძლო. თავის მხრივ, გარდა იმისა, რომ ეს არაჩვეულებრივი ამბავია მუსიკალურ სამყაროში, საინტერესოა მარკეტინგის თვალსაზრისითაც. სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ სტატიაში.

The Beatles-ის უკანასკნელი სიმღერა, როგორც ვირუსული კონტენტი

ამგვარი პოზიციონირებით, საზოგადოების დიდი ნაწილი ერთგვარ ინტრიგაში ეხვევა. ჩვენ ხომ დიდი ხნის წინ შევეჩვიეთ ფაქტს, რომ ჯგუფი ვეღარასოდეს შეიკრიბებოდა და პირვანდელი შემადგენლობით ვეღარ ჩაწერდა სიმღერას. მოულოდნელად კი ყველანაირი შემზადების გარეშე გავიგეთ, თურმე საკულტო ბითლზის ბოლო სინგლი მხოლოდ ახლა გამოვიდა. ბუნებრივია, ასეთი ინტრიგა ვირუსულად ვრცელდება ბეჭდურ თუ ონლაინ მედიაში — თანაც გარდა მუსიკალური სფეროსი, ტექნოლოგიურ სიახლესაც ეხება და ინტერესის არეალი გაცილებით დიდი ხდება. ერთი მხრივ, ჯგუფის თაყვანისმცემლები თუ ზოგადად მუსიკის მოყვარულები ინტერესდებიან; მეორე მხრივ კი, თანამედროვე ტექნოლოგიებით გატაცებულნი — კერძოდ, AI-ით.

ნოსტალგიისა და თანამედროვეობის სინთეზი

ვინაიდან აღნიშნული ჯგუფი დროის სვლას არაჩვეულებრივად უძლებს, ის ორი დამოკიდებულების ნაზავს წარმოქმნის. მაგალითად, ბევრ ჩვენგანში ნოსტალგიურ განწყობებს აღძრავს — მათთვის, ვინც უშუალოდ მოესწრო მის დიდებას, წარსულთან კავშირის შეგრძნების მექანიზმს წარმოადგენს; ძველ, ახალგაზრდობის დროს ახსენებს. ახალი თაობისთვის კი იმ წარსულთან გადებული ხიდის ილუზიას ქმნის, რომელშიც უშუალოდ არ უცხოვრიათ.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის ძალისხმევის გამოყენებით, The Beatles მეტად თანამედროვე იერს იღებს. იქმნება განცდა, რომ აქ და ახლაც არსებობს. ახლაც ხელშესახები და რეალურია. ეს ექსპერიმენტული მცდელობა კი უფრო აახლოებს ხალხთან. ასე ვთქვათ, ჯგუფის მარკეტინგი არ ერიდება შესაძლებლობას, ხელახლა შეფუთოს თავისი მემკვიდრეობა ახალი თაყვანისმცემლებისთვის.

მართალია, ზოგიერთმა ადამიანმა კრიტიკულად შეაფასა ჩანაწერი, მაგრამ ასეთი დებატები მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ ბითლზი ჯერ კიდევ იმსახურებენ კამათს. თანაც თითქმის ყველა შემოთავაზებული აზრი ემყარება იმ ვარაუდს, რომ ჯგუფი შესანიშნავია და მისი მემკვიდრეობა უსასრულოა. ზეტ თაობის დიდი ნაწილიც კი თანხმდება, რომ The Beatles-ის შემოქმედება მარადიულად აქტუალური იქნება. ერთადერთი, რაც ჯგუფის მარკეტინგმა უნდა გააკეთოს, კრეატიული საბაბების მოცემაა, რათა მასზე საუბარი მასობრივად დავიწყოთ.

ბოლო 30 წელში IQ-ის მაჩვენებლები გაუმჯობესდა! — კვლევა

Otium Development-ის ახალი, საიმიჯო კამპანია – „იცხოვრე მარტივად”