in

The Body Shop პირველი კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც 100% ვეგანური გახდა!

The Body Shop, სილამაზის საკულტო ბრენდი, ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით „Not Yes! Another Vegan“. ეს უკანასკნელი ვეგანური განცხადებებით გამოწვეულ სტერეოტიპულ რეაქციებს უპირისპირდება.

როგორც აცხადებენ, 2024 წელს The Body Shop მსოფლიოში პირველი გლობალური სილამაზის ბრენდი გახდა, რომელიც 100%-ით ვეგანურ პროდუქციას იყენებს — მათ შორის კანის, ტანის, თმის მოვლის, მაკიაჟისა და სუნამოსთვის. მარტივად რომ ვთქვათ, არცერთი პროდუქტი არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს და ვეგანური საზოგადოების მიერაა სერტიფიცირებული. ეს დიდი მიღწევაა The Body Shop-ისთვის, ვინაიდან სულ რაღაც სამიოდ წლის წინ დაისახა მიზნად, სრულად ვეგანურ ალტერნატივებზე გადასულიყო — იმ დროისთვის მისი პროდუქციის 60% უკვე ვეგანური საზოგადოების სავაჭრო ნიშნებს ატარებდა.

„უახლესი კამპანია ცხოველთა კეთილდღეობისა და სისასტიკისგან თავისუფალი სილამაზის ფესვებთან დაბრუნებას ეხება, რისთვისაც სახალისო მიდგომას ვიყენებთ. ასე ვთქვათ, კამპანია შთაგვაგონებს, რომ სერიოზული საკითხების გადაჭრა ცოტა მხიარულადაც შეგვიძლია. ალბათ, ყველას გვყავს ერთი ვეგანი მეგობარი მაინც, რომელიც ძალიან გვიყვარს, მაგრამ როგორც კი ვეგანურ მოწოდებებს იწყებს, თვალებს ვიტრიალებთ“, — აცხადებენ The Body Shop-ში. სწორედ ამგვარი მიდგომის საფუძველზე მიიღეს კამპანია, რომელიც მძაფრი მოწოდებების ნაცვლად, უფრო მეტად გვაცინებს. ხოლო ამოსავალ წერტილად ყველაზე გავრცელებული რეაქცია, „თვალების გადატრიალება“ აიღეს.

აღსანიშნავია, რომ The Body Shop პირველი სილამაზის ბრენდი იყო, რომელმაც 1989 წელს კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე ტესტირების საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო. იდეა კი ეფუძნებოდა რწმენას, რომ სილამაზისკენ სწრაფვის გზაზე ცხოველები არ უნდა ზარალდებოდნენ. მართალია, ამ მიმართულებით ბრძოლა ჯერ კიდევ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ The Body Shop-ისთვის სრულად ვეგანური პროდუქციის ასორტიმენტის გამოყენება სისასტიკისგან თავისუფალი სილამაზისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ამჟამინდელი პროგნოზებით, ვეგანური კოსმეტიკის ინდუსტრია ყოველწლიურად 6.31%-ით გაიზრდება, 2028 წლისთვის კი $24 მილიარდს მიაღწევს. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ყოველი მეათე ახალგაზრდა მომხმარებელი „ვეგანურობას“ მნიშვნელოვან ფაქტორად ასახელებს სილამაზის პროდუქტების ყიდვისას. შესაბამისად, The Body Shop-მაც პირდაპირ უპასუხა მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს…

სერტიფიცირების ნაწილზე უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, ვეგანური პროდუქციის ოქროს სტანდარტს Vegan Society ადგენს, რაც ბრენდისთვის სანდო სავაჭრო ნიშანს უზრუნველყოფს. ამავდროულად, სერტიფიცირების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და საფუძვლიანია — ყველა მიმწოდებლისა და მწარმოებლის პროდუქციას საგულდაგულოდ იკვლევენ. უშუალოდ The Body Shop-ისთვის ეს ნიშნავს, რომ 4000-ზე მეტი ინგრედიენტი უნდა დამოწმებულიყო 1000-ზე მეტ პროდუქტზე.

Not Yes! Another Vegan“ კამპანია გლობალური მასშტაბით, 80-ზე მეტ ქვეყანაში იწყება. ვინაიდან ის სოციალური მედიისთვისაცაა განკუთვნილი, სწორედ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ რენესანსის ეპოქის ნამუშევრების ტენდენციას ეხმიანებიან — შესაბამისად, ჩართულობაც მეტი იქნება. უნდა აღვნიშნოთ, რომ კამპანიას უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და ისეთმა ჟურნალებმა გააშუქეს, როგორებიცაა: Fashion United, New Beauty, The Business of Fashion, Marie Claire.

[R]

თბილისის დიზაინის ფესტივალი – Ad Black Sea-ს გუნდი ახალ საერთაშორისო ფესტივალს აანონსებს

ისტორია, რომელიც ავტოფარეხში არ დაწყებულა – Intel