in

ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი თავის სიყვარულს ასწავლის – The Body Shop-ის ამბავი

აქტივიზმითა და CSR-ით შთაგონებული მარკეტინგი

ანიტა როდიკი

70-იანი წლების მეორე ნახევარში, დიდ ბრიტანეთში ახალი კოსმეტიკური ბრენდი The Body Shop გამოჩნდა. კომპანიამ სწრაფად შეძლო მომხმარებლების ყურადღების მიპყრობა, რადგან სხვებისგან განსხვავებული, არასტანდარტული მიდგომით გამოირჩეოდა. ბრენდის ფილოსოფია მთლიანად სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ბუნებაზე ზრუნვას ეფუძნებოდა. კომპანიის იდეის ავტორს, ანიტა როდიკს, რომელიც ფემინისტი და სამოქალაქო აქტივისტი იყო, სურდა The Body Shop-ის სახით ჩამოეყალიბებინა ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ესაუბრება და უპირველესად მათ მოთხოვნილებებზე ზრუნავს. ის შთააგონებდა ადამიანებს, მიეღოთ და ჰყვარებოდათ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც არიან. ბრენდის მთავარი ხედვა იყო, მოგებიანობასთან ერთად, გარემოს გაუმჯობესებაზეც ეზრუნა.

ანიტა როდიკი და მისი გუნდი აქტიური ბუნებადამცველები იყვნენ, რამაც მტკიცედ გადააწყვეტინათ, არცერთი პროდუქტი არ გამოეცადათ ცხოველებზე. იდეალისტურმა ხედვებმა, The Body Shop-სა და მის გუნდს სწრაფად მოუტანა პოპულარობა და ამავდროულად, საზოგადოების ცნობადობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბრენდი ჯანსაღად მოაზროვნე პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ყოველდღიურ ნაწილად იქცა და სპეციალური მარკეტინგული ძალისხმევის გარეშე, დღეს, მას 70-ზე მეტ ქვეყანაში მის პროდუქტებს მილიონობით ადამიანი მოიხმარს. მათ შორის არიან ქართველი მომხმარებლებიც.

ანიტა როდიკი შორსმხედველობით გამოირჩეოდა. ის, ჯერ კიდევ, 32 წლის წინ საუბრობდა ეკოლოგიურ რისკებზე. 1989 წელს, ანიტა როდიკის ძალისხმევით, ამაზონის ტყეების გადასარჩენად მასობრივი აქციები მოეწყო. The Body Shop-ს სპეციალური მარკეტინგული განყოფილება არ ჰქონია. როდიკმა მისი პოპულარიზაცია მედია არხების, ინტერვიუებისა და სხვა მედიუმების დახმარებით შეძლო.

The Body Shop საქართველოში 2019 წლის მიწურულს გამოჩნდა და ბრენდის ფილოსოფიის გაზიარებას ადგილობრივ ბაზარზე შეუდგა. ბრენდის ხედვასა და მის განვითარებაზე The Body Shop საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი ირინა ადეიშვილი გვესაუბრა.

M: გვესაუბრეთ უფრო ვრცლად, ბრენდის ფილოსოფიაზე…

ანიტა როდიკი და The Body Shop განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ძნელია ისაუბრო ერთზე და არ ახსენო მეორე. ანიტა ყოველთვის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ „ბოდიშოპი“ იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდი. მისი ყოველი ნაბიჯი ამ  დამოკიდებულების ასახვაა, თავისი აქტივიზმითა და სულისკვეთებით. ის The Body Shop-ის მთავარი ელჩი იყო. 

ანიტა როდიკი აქტივისტი იყო, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებით, ქალების გაძლიერება გახლდათ მისთვის მნიშვნელოვანი. ის იცავდა სექსუალურ უმცირესობებს, ამბობდა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. იცავდა ცხოველებს – აღსანიშნავია, რომ ბრენდის შექმნის დღიდან, „ბოდიშოპის“ არცერთი პროდუქტი არ იტესტება ცხოველებზე. მას ძალიან აწუხებდა ეკოლოგიური პრობლემები.

ეს ხედვა The Body Shop-ის საერთო დამოკიდებულებაშიც ჩანს. ბრენდი ყველა ქალს ეუბნება, რომ ის ლამაზია! The Body Shop-ს არ აქვს სპეციალური Anti Age ხაზი. თვლის, რომ ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს. თუ ქალს სურს კანის დატენიანება, მოვლა, კარგი სურნელი სხეულზე, შეუძლია შეიძინოს პროდუქტი, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარი თავის სიყვარულს ასწავლის.

M: როგორ განვითარდა კომპანია და როგორ გამოიკვეთა მისი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე?

ყველაფერი დაიწყო ერთი მაღაზიით, ახლა ბრენდი  70-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. თუკი, თავიდან 25 პროდუქტით იყო, ახლა კი 700-ზე მეტი დასახელებაა ასორტიმენტში. ძალიან ბევრი მომწოდებელი ჰყავს და საკმაოდ გლობალური ბრენდია. ბრენდის პიზიციონირებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა  – იმდროინდელ ბაზარზე მსგავსი მიდგომა არავის ჰქონდა. აქ მთავარი იყო გულახდილობა, ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული პროდუქტები, თვითდაჯერებულობა, გარემოზე ზრუნვა.

დასაწყისში, The Body Shop-ს ჰქონდა ერთი მაღაზია და 25 სახეობის პროდუქტს ყიდდა. ანიტა თავად მართავდა ამ ბიზნესს, თავიდან არ ქონდა საკმარისი რაოდენობის კონტეინერები, ამიტომ მოიფიქრა ასეთი სახის აქტივობა, რომელიც მომავალში „ბოდიშოპის“ ერთ-ერთ საინტერესო პროექტად იქცა. ჯერ კიდევ, 40 წლის წინ დაიწყო ბუნებაზე ზრუნვა და მომხმარებელს მოუწოდებდა, რაც შეიძლება, ნაკლები კონტეინერი გამოეყენებინათ, სანაცვლოდ, არსებული კონტეინერების იმავე პროდუქციით შევსებას ფასდაკლებით სთავაზობდა.

The Body Shop დგას ადამიანებზე, რომლებსაც ადარდებთ, რა ხდება სამყაროში. სწორი საფასო პოლიტიკის დახმარებით, ცდილობენ მაქსიმალურად ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ბევრმა შეძლოს მიიღოს ის სიამოვნება, რასაც ბრენდი სთავაზობს. ასევე, ძალიან ძლიერი კორპორატიული კულტურა აქვთ. ნებისმიერ მაღაზიაში, ნებისმიერმა კონსულტანტმა იცის ბრენდის ისტორია, პატივს სცემენ ბრენდს, რომელშიც მუშაობენ და ეს დამოკიდებულება მომსახურების ხარისხზე აისახება.

1987 წელს, ანიტამ დაიწყო პროექტი საჯარო ვაჭრობა, რომელიც დღემდე აქტუალური და აქტიურია. კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვებს სხვადასხვა ნედლეულს. ამისთვის ის ასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და ხდება გარანტირებული შემსყიდველი, ანუ ეკონომიკურ დოვლათს ქმნის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ძირითადად, ადგილობრივ ქალებს ასაქმებენ, ხოლო შემოსული თანხები ქალების განათლებასა და გაძლიერებას ხმარდება.

M: როგორაა ჩართული The Body Shop სოციალურ ინიციატივებში?

ანიტა თავიდანვე ფიქრობდა ეკოლოგიაზე და ამიტომ პლასტმასი, რასაც ვიყენებთ, ბიოდეგრადირებადია. ის ამბობდა, რომ პლასტმასი კარგი გამოგონებაა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მისი სწორი გამოყენება, გადამუშავება. 

ინდოეთის ერთ-ერთ რეგიონში, „ბოდიშოპმა“ ქალები დაასაქმა. ისინი ეძებენ და აგროვებენ კონკრეტული სახის პლასტმასის ბოთლებს, რაშიც ანაზღაურებას იღებენ. ტონობით შეგროვებული პლასტმასი იგზავნება გერმანიაში, სადაც ხდება მათი გადამუშავება, ახალი ბოთლების ჩამოსხმა, რომელშიც შემდგომში უკვე შიას თმის კონდიციონერი თავსდება. ყველა პროდუქტის უკან, რაღაც დამატებითი იდეა დგას. ასევე, ბევრი ადამიანია დასაქმებული პროდუქტების შექმნაში.

კენიაში მოიპოვებენ ჩაის ხის ზეთს, განაში – შიის კარაქს, ჰიმალაის მთებში – ბამბუკის ნახშირის ნიღბის ნედლეულს. მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა კუთხეშია მსგავსი მიდგომა.

M: რა შედეგებს მიაღწია ანიტა როდიკმა და The Body Shop-მა, სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით?

ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო „გადავარჩინოთ ვეშაპები“. ის ეხებოდა ოკეანეების ეკოლოგიას, რადგან წყლები ბინძურდება ნარჩენებით და წყალქვეშა სამყაროს ბინადრების მოსპობას იწვევს.

1996 წელს იყო კამპანია „ცხოველებზე ტესტირების წინააღმდეგ“. ამ კამპანიის ფარგლებში, შეგროვდა 4 მლნზე მეტი ხელმოწერა, რის საფუძველზე მოგვიანებით, 2 წელიწადში, ბრიტანეთში ცხოველებზე ტესტირება აიკრძალა.

2009 წელს ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ, კამპანიის ფარგლებში, 7 მლნზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 24-მა ქვეყანამ თავისი კანონმდებლობა გაამკაცრა ამ მიმართულებით.

M: როგორია The Body Shop საქართველოს ბაზარზე?

როდესაც პირველი მაღაზია გავხსენით საქართველოში ქართველი მომხმარებლების ნაწილისთვის „ბოდიშოპი“ უკვე ნაცნობი ბრენდი იყო, თუმცა მეორე ნაწილს არ ჰქონდა ჯერ ჩვენ შესახებ ინფორმაცია. თავიდან, ჩვენ პროდუქცია შევიტანეთ ჯიპისის სააფთიაქო ქსელში, მომხმარებელს მიეცა საშუალება გაცნობოდა ხარისხს. პროდუქტის გარდა, ძალიან კარგი უკუკავშირი მოდის ჩვენი კონსულტანტების შესახებ. ამის გარდა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიამ გამოიღო შედეგი, მაღაზიაში შემოდიოდა ზარები, კამპანიას მოყვა რეაგირება.

ყველა არხში გამოსვლისას ვცდილობთ, პროდუქტის გარდა, ვისაუბროთ იმ აქტივობებზე, რასაც ბრენდი აკეთებს, რათა ამ მიმართულებით დავუახლოვდეთ მომხმარებელს. 

ერთი წლის ჭრილში ვთვლი, რომ უკვე კარგი შედეგები გვაქვს. გამოიკვეთა ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები, ამოყიდულია რაღაც სახეობები და ველით პროდუქციის ჩამოსვლას. შეიძლება თამამად ითქვას, სათაო ოფისის მოლოდინებსაც გადავაჭარბეთ.

ქართულ ბაზარზე ამ ბრენდს პერსპექტივა აქვს, გამოვყოფდი ახალ თაობას, ჩვენი მომხმარებელების დიდი ნაწილი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ადარდებთ ეს პრობლემები და მოსწონთ, რომ ჩვენ ამ ფილოსოფიის მატარებლები ვართ.

გვინდა ვპოზიციონირებდეთ ქალების გაძლიერების კუთხით. ქალებს შეუძლიათ ენდონ ჩვენს ბრენდს და ჩვენც გვერდში ვუდგავართ. მესიჯბოქსში მოსული შეტყობინებებიც სწორედ ამაზე მეტყველებს. ვაწარმოებთ სოციალურ კამპანიებს, ხმამაღლა ვსაუბრობთ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე და ვცდილობთ, ღირსეულად გავაგრძელოთ ის მემკვიდრეობა, რაც ბრენდს დაფუძნების დღიდან მოსდევს.

 

 

[R]

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მოწყობილობას ადამიანებთან უსასრულოდ კამათი შეუძლია

სპორტმშენი იწყება – შექმენი შენი სპორტი