1976 წელს ანიტა როდიკმა The Body Shop-ის ბიზნესი წამოიწყო, რომელიც სულ რაღაც 25 პროდუქტს ყიდდა, დღეს კი მსოფლიოში მისი 2500-ზე მეტი მაღაზიაა. „ბიზნესი აყალიბებს სამყაროს. მას შეუძლია ყველა შესაძლო წარმოდგენით შეცვალოს საზოგადოება”, – ამბობდა ანიტა როდიკი, რომელმაც გარდა ამ კომპანიის დაარსებისა, სახელი გარემოსდაცვითი აქტივობებითაც გამოკვეთა.
რამდენადაც ჩვენი რუბრიკის ფარგლებში კომპანიების წარმატების ისტორიის მოყოლა უკვე ტრადიციად გვექცა, The Body Shop-ის განვლილ გზაზეც ვისაუბრებთ.
სილამაზის ინდუსტრია Body Shop-მდე
როდესაც The Body Shop პირველად გამოჩნდა, სილამაზის ინდუსტრიას საკმაოდ ჩამოყალიბებული იდეები ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორები უნდა იყვნენ გოგონები და ქალები. თუმცა ანიტას შეხედულება მათგან განსხვავდებოდა. მას სჯეროდა, რომ სილამაზის სტანდარტი არ არსებობს და ისაა ადამიანის სიხარულის, კომფორტისა და თვითშეფასების წყარო. მისი თქმით, სილამაზე ისაა, რაც ყველა ადამიანს გამორჩეულად მოსწონს საკუთარ თავში. ცრუ დაპირებებს დაბერებისა და გახდომის შესახებ ანიტა უარყოფდა და აქცენტს საკუთარი თავის სიყვარულზე აკეთებდა.
პირველი მაღაზია
როგორც უკვე ვთქვით, პირველ მაღაზიაში მხოლოდ 25 პროდუქტი იყიდებოდა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ანიტამ პროდუქციის ჩამოსასხმელად შარდის ანალიზის ასაღები სინჯარები იყიდა და პირველ პროდუქტებს ამით ყიდდა, რადგან არ ჰქონდა საკუთარი ბოთლისა და ქილების გამოყენების ფუფუნება. ეტიკეტებიც კი, რომლებიც ამ სინჯარებს ეკრა, ხელით იყო დაწერილი.
გაფართოება
1977 წელს როდიკმა კიდევ ერთი მაღაზია იყიდა, რომლისთვისაც სახსრები არ ჰყოფნიდა. ფულის სანაცვლოდ მან ადგილობრივი ავტოფარეხის მფლობელს ბიზნესის 50% მიჰყიდა. როდიკის პარტნიორი, გორდონი, ამ დროს ამერიკიდან ბრაიტონში დაბრუნდა და შესთავაზა ბიზნესის განვითარება ფრენშაიზინგის გზით, რამაც წარმოუდგენელ გაყიდვებამდე მიიყვანა მომავალი ბრენდი. 1984 წლისთვის ბიზნესს 138 მაღაზია ჰქონდა. იმავე წელს ის გახდა საერთაშორისო ბრენდი. ამ დროიდან კომპანიის აქციებიც გაიზარდა საფონდო ბირჟებზე.
The Body Shop’s Trade Not Aid
1987 წელს როდიკმა დაიწყო The Body Shop’s Trade Not Aid პროგრამა. ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის აღების მაგალითი, რომლითაც ბრენდმა დაიწყო ეგზოტიკური ბუნებრივი ინგრედიენტების პოპულარიზაცია. ამისთვის მან სხვადასხვა ორგანიზაციასა და მებრძოლ თემთანაც დაიწყო თანამშრომლობა.
კომპანია ლურჯ სიმინდს ყიდულობდა ინდიელებისგან ნიუ-მექსიკოში, ხოლო ბრაზილიის თხილის ზეთს კაიაპოს ინდიელებისგან. ამით ის დაეხმარა განვითარებად ქვეყნებს ფულის გამომუშავებაში და ხელი შეუწყო განახლებადი რესურსების გაყიდვას, რამაც The Body Shop ნამდვილად აქცია გამორჩეულ ბრენდად.
გარდა ამ აქტივობებისა, კომპანია ხშირად მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში. იგი ხშირად ეხმარებოდა ახლომდებარე თემებს. მაგალითად, როდესაც გლაზგოში საპნის ქარხანა დააარსა, ეკონომიკურად დათრგუნულ ქალაქს გადასახადების 25% დაუბრუნა. ასეთმა აქტივობებმა ბრენდს მრავალი ლოიალური მომხმარებელი მოუპოვა და მსოფლიოში გაუთქვა სახელი.
40 წელზე მეტი ხნის წინ კი არა, დღესაც კი ბევრი კომპანია ვერ ახერხებს გარემოზე იმ დოზით ზრუნვას, როგორც ეს The Body Shop-მა გააკეთა. ყველაფერი კი ანიტა როდიკის პლანეტისადმი სიყვარულს უკავშირდება. ამ დამოკიდებულებით The Body Shop ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სილამაზის ბრენდი. მას ჰქონდა მიზანი – მოგება და პრინციპები, რომლებიც მუდმივად ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი