in

ქაოსის სრული გამარჯვება სტერილურ წესრიგსა და ნორმალურობაზე! – The Chemical Brothers საქართველოში!

90-იან წლებში, მსოფლიო მუსიკალური სცენისთვის ჯერ კიდევ პროვინციულ ან, თუნდაც, არ არსებულ საქართველოში, მოზარდისთვის რთული იყო ისეთი მუსიკალური ინფორმაციის მოძიება, რაც მისთვის ახალი ინსპირაციის მიმცემი იქნებოდა.

BOG
BOG

თუ თქვენ მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდით, ამ დროისთვის 70-იანი წლების კლასიკური როკი, ბლუზი ან ჯაზ მუსიკა თქვენი ცხოვრების დომინანტი ჟღერადობაა, ამავე პერიოდისთვის ჰიპ-ჰოპ მუსიკაც უკვე რადარზე გამოჩნდა, ხოლო თუკი სრულ სურათს გადავხედავთ, შევამჩნევთ რომ ეს პერიოდი ლოკალურად ახალი და საინტერესო მუსიკის მოსასმენად ლიმიტირებული არჩევანის შესაძლებლობით ხასიათდებოდა. არაფერს ვამბობ, იმ პერიოდისთვის ბრიტანეთსა და შტატებში დომინანტ რეივ კულტურის ელემენტებზე – დროულად ამ მოვლენის ხილვა და მის ნაწილად ყოფნა, იშვიათად ყოფილა ჩვენებურთა ხვედრი.

თუ თქვენ იმ ბავშთაგანი ხართ, რომლებიც სკოლიდან მოსვლის შემდეგ ტელევიზორთან მყუდროდ მჯდომარე MTV-სა თუ Cartoon Network-ს შორის არჩევანის გაკეთებას ცდილობდა, აუცილებლად გემახსოვრებათ, რომ ამ პერიოდისთვის, MTV-მ, პოპ პრინცესებისა და გაურკვეველი წარმოშობის ბოი ბენდების გვერდით, თავის პროგრამაში მეტად ეგზოტიკური ჟღერადობის მუსიკის წამოწევა დაიწყო. Moby, Beastie Boys თუ Fatboy Slim სწორედ ამ ტალღის ელემენტები იყვნენ. 1997 წელს მუსიკალურმა არხმა კომპილაციური ალბომიც გამოუშვა „MTV’s Amp“ (თავის დროს პოპულარული გადაცემის ეგიდით), სადაც სწორედ ის ტრეკები შევიდა, რომელიც ამერიკული ბაზრისთვის  განკუთვნილ ჰიტებს აერთიანებდა.

სწორედ ამ დროს, არხზე პირველად მოხვდა ჩემს თვალში ალბათ ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მუსიკალური ვიდეო – The Chemical Brothers-ის „Setting Sun” – ეს რაღაც სხვა იყო და არაფერს  მანამდე ნანახს თუ მოსმენილს არ ჰგავდა – დიდი რეივი, ბრიტანელი პოლიციელების მიერ შესრულებული ბრეიქი და ახალგაზრდა გოგონას ღამის ქაოტური კოშმარი, რომელიც ფსიქოზს ემსგავსება. ეს ქაოსის სრული გამარჯვებაა სტერილურ წესრიგსა და ნორმალურობაზე. მიუხედავად ნოელ გალაჰერის ვოკალის გაურჩეველი ტექსტისა, ეს ფაქტი ჯგუფს იმ დროისთვის ზენიტში მყოფ ბრიტპოპ სცენის მსმენელთანაც გარკვეულწილად აკავშირებდა.

ფაქტი იყო რომ ჩემს (და სავარაუდოდ არამარტო ჩემს) მუსიკალურ სამყაროში სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ელემენტის გამოჩენის მომსწრე ვიყავი, რომელიც საცეკვაო მუსიკის ისტორიაში დიდი ბიტის სახელით შევიდა. სტილის ელემენტებზე დეტალებში ღრმად რომ არ შევიდეთ, საჭიროა ითქვას – ეს იყო რამდენიმე წლით ადრე აღმოცენებული ბრეიქბიტის, ძველი ფანკ და სოულ ჩანაწერების ნაწყვეტების, ვოკალური სემპლებისა და კომპოზიციის დარჩენილი ნაწილის სინთეზატირის მონაკვეთებით ამოვსება, რომელსაც აგრესია, ფსიქოდელია და რეივის სხვა ელემენტები ემატებოდა – რაც მთავარია, ყველაფერი ეს განმეორებად ხასიათს იღებდა.

The Chemical Brothers დიდი ბიტის – დიდი ოთხეულიდან (Fatboy Slim, Prodigy და The Crystal Method) ერთ-ერთი, თავისებურად გამორჩეული მუსიკალური აქტია. მაშინ როდესაც ევროპაში ძირითადად ამერიკული საცეკვაო კულტურის მასიური იმპორტი მიმდინარეობდა ჰაუსისა თუ ტექნოს სახით, ქიმიურად შეკავშირებულმა ძმებმა მოახერხეს და ევროპულ საცეკვაო სცენას, მუსიკალურობასთნ ერთად, ალბათ იმ პერიოდისთვის ყველაზე კარგად გათვლილი მარკეტინგული პროდუქტიც აჩუქეს, რომელიც წლეებია უკვე დიდ არენებსა და სტადიონებს ავსებს. (რაც იმ პერიოდამდე ძირითადად დიდი როკ ჯგუფების პრივილეგიად თუ ითვლებოდა). ეს თავის მხრივ დიდი ინსპირაცია გახდა შემდეგი თაობისთვის, რომელმაც ფესტივალებზე მოხვედრის სურვილით, მუსიკის კეთება საკუთარ საძინებელში დაიწყო

ისინი არასდროს ყოფილან „ცნობილთა“ რიგებში, უბრალოდ ადამიანები, ექსტრაორდინარული მუსიკით უკვე 20 წელზე მეტია, რაც არსებობენ. არც ის არის შემთხვევითი რომ 2012 წელს, ცნობილმა ველომრბოლელმა ქრის ჰოიმ, ოლიმპიური მედლის მოპოვების შემდეგ, სწორედ ბრიტანელ მუსიკოსებს გადაუხადა მადლობა – რბოლამდე მის ენერგიაზე მოსვლა სწორედ ძმების კომპოზიციამ „Escape Velocity“-მ განაპირობა.

მათი პირველი ალბომის, „Exit Planet Dust“-ის გამოსვლიდან ორ დეკადაზე მეტი გავიდა. ეს ის პერიოდია როცა საცეკვაო მუსიკა მრავალფეროვნებას განიცდიდა, ამავდროულად კი, ნორმალურად ითვლებოდა ერთდროულად ყოფილიყავით ჰიპ-ჰოპის, პანკისა და ტექნოს მოყვარულთა სიაშიც. ბოლო დროის ინტერვიუებში უკვე შუა ხნის ასაკს მიღწეულ მუსიკოსებს სწორედ ამ მრავალმხრივობისა და მუსიკალური სცენის ექსპერიმენტურობის ნოსტალგია იპყრობთ.

არავინ იცის შუასაუკუნეების ისტორიის როგორი სპეციალისტები დადგებოდა მათგან – პროფესია, რომელსაც ორივე ერთად 80 იანი წლების ბოლოს მანჩესტერის უნივერსიტეტში ეუფლებოდა –  რომ არა რამდენიმე Acid House რეივი, რამაც ახალგაზრდებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამის შემდეგ იყო, პატარა კლუბი მანჩესტერში და მათი DJ გამოცდილება, რამაც საბოლოოდ დუეტი პირველი სინგლის ჩაწერამდე მიიყვანა. შემდეგ მოვლენები სწრაფად და მუსიკალური სამყაროსთვის სტანდარტულად განვითარდა, საღამოები უფრო დიდ კლუბში, პირველი კონტრაქტი ჩამწერ სტუდიასთან, შემდეგ თანამშრომლობა Virgin Records-თან – წლებმა კი თავისი მოიტანა – უკვე რამდენიმე N1 ალბომი ბრიტანეთში, უამრავი სინგლი, 4 გრემის ჯილდო და რაც მთავარია რამდენიმე თაობის მთავარი ინსპირაცია და მუსიკალური სიყვარული.

წლებთან ერთად მსოფლიო საცეკვაო მუსიკალურ ინდუსტრიაში ბევრი რამ შეიცვალა, ადამიანები, ლეიბლები, მარკეტინგული კომპანიები რომლებიც ინდუსტრიას განაგებენ – თუმცა გენიალურ მსოფლიო აქტებს სწორედ ამ ყველაფერთან ადაპტაცია გამოარჩევთ და რაც მთავარია მინიმალური პიროვნული თუ მუსიკალური დანაკარგების გარეშე. The Chemical Brothers სწორედ მსგავსი გამონაკლისია. უნდა ითქვას რომ ზემოთ ნახსენები Big Beat-ის დიდი ოთხეულიდან უკვე არცერთი აღარ არის ისეთი „დიდი“ და წლების წინ არსებულ პოზიციებზე, თუმცა ქიმიური ძმები მაინც რელევანტურად რჩებიან 25 წლის შემდეგაც, როგორც სტუდიაში ასევე მას გარეთ, მსოფლიო არენებისთვის.

The Chemical Brothers-ის საქართველოში ჩამოსვლა, Marketer-ის დაბადების დღეს ემთხვევა. ამიტომ 1 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გელოდებით. დანარჩენზე კი შემდეგ ვისაუბროთ.

დაემშვიდობეთ გრძელ და მოუხერხებელ ყავარჯნებს!

არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ოჯახი! – Volvo-ს სოციალური კამპანია