Apple Music-მა სუპერთასის ტრადიციული სანახაობა, Halftime Show, რომელშიც წელს პუერტო-რიკოელი სუპერვარსკვლავი, Bad Bunny მონაწილეობდა, სრულიად განსხვავებული რაკურსით – მსოფლიოს გარშემო მყოფი ფანების iPhone-ის ობიექტივებიდან დაგვანახა. 8 თებერვლის პერფორმანსიდან რამდენიმე დღეში ტექნოლოგიურმა გიგანტმა გამოუშვა ვიდეორგოლი სახელწოდებით The Day the World Danced (დღე, როცა მსოფლიომ იცეკვა). ეს ნამუშევარი ბრენდის ლეგენდარული და ხანგრძლივი კამპანიის, Shot on iPhone-ის უახლესი თავია. ვიდეო Apple-ის შიდა გუნდმა შექმნა და მასში გაერთიანებულია 23 ფოტოგრაფისა თუ ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები. მათ უახლესი iPhone 17 Pro გამოიყენეს, რათა დაეფიქსირებინათ ფანების გულწრფელი, გაუფილტრავი ემოციები და რეაქციები შოუს ყურებისას.
ვიდეოს ფონად გასდევს Bad Bunny-ის სიმღერა DtMF (DeBÍ TiRAR MáS FOToS). კლიპი გვიჩვენებს ემოციურ მომენტებს 11 სასაათო სარტყლიდან და 15 სხვადასხვა ლოკაციიდან, მათ შორისაა: პუერტო-რიკო, სან-ფრანცისკო, მეხიკო, სან-პაულუ, მადრიდი, სეული და ტოკიო.
სტატისტიკაც შთამბეჭდავია – NBCU-ს მონაცემებით, Bad Bunny-ის შოუს ეთერში გასვლისას საშუალოდ 128.2 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. Ripple Analytics-ის ცნობით კი, სოციალურ მედიაში შოუს ნახვებმა რეკორდულ ნიშნულს – 4 მილიარდს მიაღწია პირველივე 24 საათში, რაც წინა წელთან შედარებით 137%-იანი ზრდაა.
Apple Music სუპერთასის მუსიკალური შოუს ოფიციალური სპონსორი 2023 წლიდან არის, მას შემდეგ, რაც ეს სტატუსი Pepsi-მ დათმო. თავად კამპანიამ Shot on iPhone კი შარშან 10 წლის იუბილე აღნიშნა და კანის ლომების ფესტივალზე Creative Effectiveness Grand Prix-ის ჯილდოც მოიპოვა.
წყარო: Adweek












