მოდის ფანტასმაგორიულ ძალაზე ფიქრით, ალესანდრო მიკელემ, Gucci-ს კრეატიულმა დირექტორმა, კოლექციის ჩვენებისას, ნამდვილი სანახაობა მოაწყო. ამისათვის სარკეების თავბრუდამხვევი დარბაზი გამოიყენა, სივრცე, რომელიც მეტაფორულ მნიშვნელობას იძენს, რადგან სანახაობის პოტენციალს მეტად აძლიერებს.
„მე თუ მკითხავთ, ტანსაცმელი არ არის და არც არასდროს იქნება მხოლოდ ქსოვილის ნაჭერი. პირიქით, ეს არის საშუალება, რომლითაც შეგვიძლია, ავირჩიოთ, ვინ გვინდა, ვიყოთ. ეს არის ის, თუ როგორ ვაყალიბებთ ჩვენს სურვილებსა და არსების საბოლოო მნიშვნელობას. ამიტომ, ჩემს კოლექციებს ყოველთვის წარმოვადგენდი, როგორც ფილმებს, რომლებიც აწმყოს კინემატოგრაფიულად ასახავს. მათ მეტაფორული შესაძლებლობების საკრალიზაციის უნარი აქვს“, — ამბობს ალესანდრო მიკელე, Gucci-ს კრეატიული დირექტორი.
შესაძლოა, არ იცოდეთ, მაგრამ მიკელე სტენლი კუბრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია. სწორედ მისი კონცეფციის გაფართოების სურვილის გამო მოიწვია კუბრიკის მრავალი ფილმის კოსტიუმების დიზაინერი, მილენა კანოერო.
Mert & Marcus-ის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმსა და ფოტოსერიაში, რომლის მხატვრული რეჟისორია კრისტოფერ სიმონდსი, ალესანდრო მიკელე ამ საკულტო იერს ავსებს მისი დახვეწილი გუჩის კოლექციის კალეიდოსკოპური ესთეტიკით, ქმნის მოკლე სქემებს, სადაც წარსული აწმყოში ხვდება და:
everything can become anything, or something else
Laura Whitcomb-ის მიერ 1990-იან წლებში შექმნილი კაბა, რომელიც გარდასახულია თანამედროვე ლინზებით, The Shining-ის შემზარავ გარემოში ჯდება. ხოლო Adidas x Gucci-ს კაბა, სპორტული ტანსაცმლის სტატუსიდან ვიქტორიანულ კოსტიუმამდე განიცდის ტრანსფორმაციას და ბარი ლინდონის სცენარში ახალ პერსონაჟად გვევლინება.
„ტანსაცმელი კვლავ უფრო ახლოს ხვდება შიშველ ცხოვრებასთან. ისინი ძალიან ორიგინალურ ფუნქციურ „პროთეზებად“ გარდაიქმნება და ამბის სათქმელად გამოიყენება. საუბარია ამბავზე, რომელიც ანგრევს, აჯადოებს, ტანჯავს, ანთებს…. რადგან ეს არის ადამიანის ისტორია, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს“, — აღნიშნავს მიკელე.