11
Jun
2019

უკუკავშირის შეცდომა – I ნაწილი

11 Jun 2019

როგორ უნდა გავცეთ და მივიღოთ უკუკავშირი? რა ოდენობით, რამდენად ხშირად და რა ფორმით? და რამდენად ბასრი და პირდაპირი უნდა ვიყოთ ამ პროცესში?

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევები გვეუბნება, რომ უკუკავშირი ყოველთვის სასარგებლოა, რადგან მისი მთავარი და ერთადერთი მიზანი ადამიანების საქმის უკეთ კეთებისკენ მომართვაა. და როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს ამაში? – აღმოჩნდა, რომ პასუხებს სხვადასხვა მიმართულებით მივყავართ.

ინსტრუქცია – ადამიანებისთვის იმის თქმა, კონკრეტულად, რა ნაბიჯებს მიჰყვნენ, ან რა ფაქტობრივ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ, ნამდვილად სასარგებლოა: სწორედ ამიტომ, თვითმფრინავში მოქცევის წესები არსებობს, რომელსაც გაგაცნობენ, მედდამ უნდა იცოდეს, როგორ შეიყვანოს ინიექცია უსაფრთხოდ, ან კიდევ ექიმი თუ ინფორმაციას არ ფლობს პაციენტის მდგომარეობის შესახებ, შესაბამის მკურნალობას ვერ დანიშნავს, ამიტომ ამის შესახებ მას, ვინმემ უნდა გააგებინოს.

უკუკავშირი ადამიანებისთვის იმის თქმას ნიშნავს, „რას“ ვფიქრობთ მათ მიერ გაწეული შრომის შედეგებზე. თუმცა ეს მათ უკეთესი შედეგების მიღწევაში ვერ დაეხმარება, განსხვავებით იმისგან, თუ ვეტყვით, „როგორ“.

ჩვენი რწმენების გასამყარებლად, რომ უკუკავშირი ნამდვილად სასარგებლოა, სამ თეორიას მოვიშველიებთ, რომელიც ბიზნესსამყაროში აღიარებულ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული:

  • სხვები უკეთ ხედავენ თქვენს შეცდომებს, თქვენს სისუსტეებს, ვიდრე თავად, ამიტომ უკუკავშირის მიღება საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ, რა ხდება თქვენს თავს. ამ თეორიას დავარქვათ „სიმართლის წყაროს თეორია“. მაგალითად, აუდიტორია უფრო სწორად განსჯის, თქვენი პრეზენტაცია მოსაწყენი იყო, თუ არა, თქვენი ხმა გამაღიზიანებელი იყო, თუ არა. ამიტომ, თქვენს კოლეგებზეა, რაც შეიძლება ნათლად გაგაგებინონ პრობლემის შესახებ და საკუთარი თავი გარედან დაგანახვონ;
  • მეორე არის დასწავლის პროცესი, რომელიც ცარიელი რეზერვუარის ავსებას ჰგავს: თქვენ რაღაც უნარები გაკლიათ, ამიტომ, შესაძლებლობა გაქვთ, ეს თქვენი კოლეგებისგან ისწავლოთ. თუ მუდმივად არ ისწავლეთ დ არ იზრუნეთ განვითარებაზე, ბუნებრივია, უკეთეს შედეგსაც ვერ მიაღწევთ – ამას „დასწავლის თეორია“ ვუწოდოთ;
  • მესამე „სრულყოფილების თეორიაა“ – რომ შრომა უნივერსალური, ანალიზირებადი და გაზომვადია და შესაბამისად, უკუკავშირის მიღებით შესაძლებელია იმის გარკვევა, როგორ უნდა გააკეთოთ თქვენი საქმე იდეალურად. 

რაც ამ სამ თეორიას აქვს საერთო, ეგოცენტრიზმია – უკუკავშირის დონორების ექსპერტული ცოდნა, რომელიც უდავო ჭეშმარიტებაა, თუმცა, რას ეყრდნობა ასეთი უკუკავშირი?

კვლევები ამბობს, რომ შეუძლებელია ეს თეორიები სიმართლეს შეესაბამებოდეს და მათ რაც უფრო მეტად დავეყრდნობით, მით მეტ შეცდომას დავუშვებთ. რატომ? – მოდით, თითოეულ მათგანს უფრო ჩავუღრმავდეთ

სიმართლის წყარო
პირველი პრობლემა დასაწყისშივე იჩენს თავს – ადამიანები სხვა ადამიანების არასანდო შემფასებლები არიან. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ფსიქომეტრიკოსებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ადამიანებს სტაბილური ობიექტურობა თავში არ აქვთ იმისთვის, რომ ვინმე აკურატულად შეაფასონ. ჩვენი შეფასება ღრმადაა დაკავშირებული ჩვენს პირად გრძნობებთან, აღქმებთან. ოღონდ ეს ხდება გაუცნობიერებლად, ჩვენგან დამოუკიდებლად. ამ ფენომენს „შემფასებლის იდიოსინკრეტულ ეფექტ ეძახიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკუკავშირი, ჩვენი სუბიექტური აღქმებითაა გაჯერებული – დამახინჯებულია და ამიტომაც, ადეკვატურ შეფასებად ვერ გამოდგება.

სწორედ ამიტომაა უკუკავშირის მიღება ასე რთული: რეციპიენტი სუბიექტური აღქმების ტყეში უნდა გაუმკლავდეს დამახინჯებულ ინფორმაციას და მასში ის გამოარჩიოს, რომელიც სწორედ მას შეესაბამება.

შედეგების გაზომვის ორი გავრცელებული შეცდომა არსებობს, შემთხვევითი და სისტემური (სისტემური შეცდომები, ძირითადად, გამოწვეულია ხელსაწყოების არასრულყოფილებით, მაგ.: საზომი ხელსაწყოს სკალის დაგრადუირებისას დაშვებული შეცდომა და ასევე, გაზომვების დროს ზოგიერთი ისეთი ფაქტორის უგულებელყოფა, რომელიც რეალურად, გაზომვების შედეგებზე გავლენას ახდენს). 

წარმოიდგინეთ, ფერების სიბრმავე და ამ დაავადების მქონე ადამიანი: თუ ჩვენ ასეთ ადამიანს ვთხოვთ, რომ ვარდის სიწითლე შეაფასოს, ჩვენ მის უკუკავშირს, ბუნებრივია, ვერ დავეყრდნობით, რადგან ვიცით, რომ მას ამის დანახვა არ შეუძლია. მისი შეცდომა არ იქნება შემთხვევითი; ეს პროგნოზირებადი და ახსნადია, რომ მისი მდგომარეობა შედეგების ადეკვატურ ანალიზს ვერ მოგვცემს. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ფერების სიბრმავის მქონე კიდევ შვიდ ადამიანს ვთხოვოთ ვარდების სიწითის შეფასება, მათი შეცდომები თანაბრად სისტემური იქნება და ვარდის სიწითლე ასე შეფასდება: „ნაცრისფერი“, „მოთეთრო ნაცრისფერი“, „ტალახიანი ყავისფერი“ და ა.შ. ეს კი, მიუხედავად მონაცემების ზრდისა, მათს აზრს ვერ გაამყარებს, ფაქტობრივი სიმართლე ნამდვილად ვერ იქნება.

ჩვენ ყველა ფერთა სიბრმავეს განვიცდით, როცა აბსტრაქტული უნარების შეფასება გვიწევს: სტრატეგიული აზროვნება, პოტენციალი, პოლიტიკური გამჭრიახობა და სხვა. თუმცა კი, ბიზნესის სამყაროში, ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერს იდეალურად ვხედავთ. შეცდომებს არ ვუშვებთ და რომ სხვების ჭეშმარიტად ადეკვატური შემფასებლები ვართ. არადა, არა. ჩვენ შეცდომების წყაროები ვართ.

ადამიანებისგან სიმართლის უშრეტი წყარო შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოედინებოდეს, თუ მათ გრძნობებისა და გამოცდილებების გაზიარებას ვთხოვთ და ეს ექიმებმა დიდი ხანია, იციან.

როცა გვთხოვენ, რომ ჩვენი ტკივილის დონე, 10 ბალიანი სისტემით შევაფასოთ, სადაც 10 ყველაზე ძლიერ ნიშნავს, თუ ჩვენ მას 5 ქულით შევაფასებთ, ექიმი ვერ გვეტყვის, რომ 5 კი არა 3-ია ის ციფრი, რომელიც ჩვენს ტკივილს რეალურად აფასებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ოპერაცია აქვს ექიმს ჩატარებული, რამდენად პროფესიონალი და გამოცდილია, ჩვენ საკუთარი ტკივილის საუკეთესო მოსამართლეები ვართ და ექიმსაც კი არ შეუძლია, ამ შემთხვევაში, ობიექტური სიმართლის განსაზღვრა.

როგორც ექიმმა არ იცის ტკივილის შესახებ სიმართლე, ასევე, ჩვენ არ ვიცით ჩვენს კოლეგებზეც ობიექტური სიმართლე. მაშინაც კი, როცა უკუკავშირს ჩვენგან დაჟინებით მოითხოვენ, ყველაზე ბევრი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, თუნდაც, ხელმძღვანელის პოზიციიდან, ჩვენი პირადი გრძნობებისა და გამოცდილებების, რეაქციების გაზიარებაა. შეგვიძლია, უკუკავშირის რეციპიენტს ვუთხრათ, რომ ჩვენში მისი რაღაც კონკრეტული ჟესტი გაღიზიანებას იწვევს, ან პირიქით, მოტივაციას გვაძლევს და სხვა. ესაა ჩვენი სიმართლე და არა – მისი. ეს თავმდაბალი მტკიცებაა, თუმცა სულ ცოტა, აკურატული.

როგორ ვსწავლობთ

უკუკავშირი სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს და ეს ინფორმაცია ჯადოსნური ინგრედიენტია იმისთვის, რომ დასწავლის პროცესი დააჩქაროს. კვლევა ამბობს, რომ დასწავლის ფუნქცია ნაკლებადაა სრულიად ახალი ცოდნისა თუ უნარის შეძენა, ესაა ჩვენს ტვინში არსებული ინფორმაციის დამატების, გაძლიერებისა და გადამუშავების პროცესი.

ნეიროლოგიურად, ტვინი, მთელი ცხოვრების განმავლობაში აგრძელებს განვითარებას, თუმცა თითეული ჩვენგანის შემთხვევაში ეს გასნხვავებულად მიმდინარეობს. ეს დამოკიდებულია გენეტიკურ მემკვიდრეობასა და იმ გარემოზე, სადაც ადრეული ბავშვობა გავატარეთ. სწორედ ამ ფაქტორების გამოა ჩვენი ტვინი უნიკალური და ამიტომ, მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა ვიცით და რისი დამატება გვჭირდება, რომ განვვითარდეთ.

მეცნიერებმა სტუდენტები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფის დავალება იყო, თავიანთ ოცნებებსა და მათი მიღწევის გზებზე ეფიქრათ, ხოლო მეორე ჯგუფს საშინაო დავალების შეცდომებზე კონცენტრირება და იმაზე ფიქრი დაევალა, რა უნდა გამოესწორებინათ და როგორ. მეცნიერები თითოეულ სტუდენტს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI) აკვირდებოდნენ, რომ დაენახათ, ტვინის რომელი ნაწილი აქტიურდებოდა ფიქრის პროცესში.

მეორე ჯგუფის შემთხვევაში, სიმპათიკური ნერვული სისტემა გააქტიურდა. სიმპათიკური სისტემა შეიძლება, განვიხილოთ, როგორც დაძაბული მდგომარეობების მომგვარებელი. ის საფრთხის ან სტრესის დროს ტვინს „ბრძოლისათვის“ ამზადებს: საჭმლის მონელება წყდება, სისხლი შიდა ორგანოებიდან კუნთებისკენ ნაწილდება, ჟანგბადის მოწოდება ძლიერდება და გულისცემის სიხშირე მატულობს.

აქ ყალიბდება „შეებრძოლე ან გაიქეცი“ რეაქცია, რომელიც ტვინის სხვა ნაწილებს აჩუმებს და მხოლოდ იმ ინფორმაციაზე ფოკუსირების საშუალებას გაძლევს, რომელიც გადასარჩენად, ყველაზე მეტად გჭირდება. ჩვენი ტვინი კრიტიკულ უკუკავშირს აღიქვამს, როგორც საფრთხეს. კრიტიკის შედეგად წარმოქმნილი ძლიერი უარყოფითი ემოცია „ზღუდავს არსებული ნერვული სქემების ხელმისაწვდომობას და შემეცნებით, ემოციურ და აღქმის დარღვევას იწვევს“, – ფსიქოლოგი და ბიზნეს პროფესორი რიჩარდ ბოიაციზი ამბობს კვლევის შეჯამებისას.

ადამიანების იმაზე ფოკუსირება, რაც არ იციან, დასწავლის სურვილს არ ზრდის, პირიქით, აზიანებს მას.

იმ სტუდენტების შემთხვევაში , რომლებიც თავიანთ ოცნებებზე ფოკუსირდნენ და იმაზე, რა გზით უნდა აეხდინათ ისინი, სიმპათიკური ნერვული სისტემა არ გააქტიურებულა. ამის ნაცვლად, პარასიმპათიკური ნერვული სისტემა აინთო, რომელიც ნერვული უჯრედების განვითარებას, კარგად ყოფნის გრძნობას, იმუნური სისტემის უკეთეს ფუნქციონირებასა და კოგნიტურ, ემოციურ, პერცეპტულ ღიაობას ასტიმულირებს.

ხშირად გვეუბნებიან, იმისთვის, რომ რაღაც ახალი ვისწავლოთ, კომფორტის ზონიდანაა გამოსვლა საჭირო. თუმცა, როგორც კი ჩვენს კომფორტის ზონას ძალიან ვშორდებით, ჩვენი ტვინი გადარჩენაზე იწყებს ფიქრს. ამიტომ, ცხადია, რომ კომფორტის ზონაში უფრო მეტს ვსწავლობთ, იმიტომ, რომ ჩვენი ნერვული ბილიკები სწორედ აქაა. ესაა ადგილი, სადაც შესაძლებლობებისთვის ღია ვართ, უფრო შემოქმედებითუნარიანები, შინაარსიანები და პროდუქტიულები ვართ. სწორედ ესაა ადგილი, სადაც უკუკავშირს უნდა შევხვდეთ.

სტატიის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ „სრულყოფილებაზე“ და როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს მასთან მიახლოებაში.

წყარო: HBR



განხილვა