in

საერთაშორისო გამოცემები Financial IT და The Fintech Times თიბისისა და კონგის თანამშრომლობის შესახებ წერენ!

ცოტა ხნის წინ, თიბისიმ ამერიკულ კომპანია Kong-თან დაიწყო თანამშრომლობა. თიბისის ისეთ კომპანიასთან სურდა პარტნიორობა, რომელიც არამხოლოდ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა, არამედ API-მენეჯმენტის პრინციპების დანერეგვაში დაეხმარებოდა. Kong საკუთარ ტექნოლოგიებს, საერთაშორისო გამოცდილებასა და ექსპერტულ ცოდნას თიბისის API-ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად მიმართავს, რაც მომხმარებელთა ყოველდღიურობის გამარტივებას ისახავს მიზნად. ამ დიდ თანამშრომლობას საერთაშორისო გამოცემა The Financial-მა სტატია მიუძღვნა, სადაც გვამცნობს, რომ თიბისიმ ახალი აპლიკაციების გამოშვების დრო 40%-ით შეამცირა. ყოველივე ეს API-ის ღრუბლოვანი პლატფორმებით გახდა შესაძლებელი. Kong-მა თიბისიში ინოვაციური პროცესების ოპტიმიზება შეძლო და სულ რაღაც ერთ დღეში, დანახარჯები კი ერთი მესამედით შეამცირა.

The Financial თიბისი ბანკის გამოცდილების შესახებ ამცნობს გლობალურ მკითხველს და იმ 40 ფინანსურ ინსტიტუტს შორის მოიხსენიებს, რომელიც London Stock Exchange-ზეა წარმოდგენილი და რომლის ინვესტორთა 30% დიდი ბრიტანეთიდან არიან.

თიბისისა და Kong-ის პარტნიორობაზე, ასევე, წერს საერთაშორისო გამოცემა The Fintech Times, სადაც თანამშრომლობასა და თიბისის ციფრულ ტრანსფორმაციას განიხილავს.

ბანკის ყოველდღიურობა პროგრამული უზრუნველყოფის ათასობით ნაწილს მოიცავს და მის მუშაობას პირდაპირი გავლენა აქვს ბიზნესზე. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, თიბისიმ ისეთი პარტნიორის ძიება დაიწყო, რომელსაც მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მარტივად გამოყენებადი პლატფორმები და მხარდაჭერა ექნებოდა. სწორედ ამიტომ აირჩია Kong Enterprise.

Kong-ის ღრუბლოვანი API-პლატფორმა ორგანიზაციებს მომხმარებლების მოთხოვნებთან თანხვედრაში უწყობს ხელს. ის შესაბამის გადაწყვეტილებებს სთავაზობს და სწრაფი, დაცული და უკეთესი ალტერნატივაცაა. The Financial-ის შეფასებით, API, რომელიც 700 000 მომხმარებელს მუდმივ რეჟიმში ემსახურება, თიბისისთვის უმნიშვნელოვანეს არხად იქცა. Kong-თან თანამშრომლობის ეფექტიანობაზე, თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების დირექტორი, ბიძინა მაცაბერიძე გვესაუბრა:

M: რითაა საინტერესო თიბისისთვის Kong-თან თანამშრომლობა?

თიბისისთვის Kong-თან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონგი ტექნოლოგიური მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. ის კონკურენციას უწევს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა გუგლი, რომელსაც ზუსტად მსგავსი პროდუქტი აქვს. თვითონ პროდუქტს რაც შეეხება, არის API-ების მართვის სისტემა, რომლის გამოყენებით ნებისმიერ სხვა სისტემებთან დაკავშირება ხდება – ჩვენი მომხმარებლებისთვის პროდუქტებისა და სერვისების შექმნისას, სხვადასხვა სისტემის ერთმანეთთან დაკავშირებაა საჭირო. სწორედ ამის საშუალებას იძლევა API. ესაა მართვის ძალიან მოქნილი ინსტრუმენტი. შესაბამისად, თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც ნებისმიერი სიახლის ბაზაზე გასატანად ამ სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება გვჭირდება.

M: როგორ შეაფასებდით ამ დროისათვის მიღებულ შედეგებს?

კონგის პროდუქტის დანერგვამდე ჩვენთან საინტეგრაციო ჯგუფი არსებობდა, ეს ჯგუფი ახლაც არსებობს, მაგრამ მთელ კომპანიაში გაფართოვდა. ძირითადი ცვლილება, რაც ამ პროდუქტმა მოგვიტანა ისაა, რომ მანამდე რა ინსტრუმენტებსაც ვიყენებდით ინტეგრაციების სამართავად, სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვდა და ამის კომპანიაში ეფექტურად გაშლა ვერ ხერხდებოდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ამოცანა, რომელიც სისტემების ერთმანეთთან დაკავშირებას გულისხმობდა, ამგვარ ინტეგრაციას საჭიროებდა. ეს ნიშნავს, რომ ამ კომპეტენციების მქონე გუნდთან იყო რისკები, ამ ამოცანების მხრივ და ამოცანების შესრულება, გუნდის რესურსიდან გამომდინარე, თანმიმდევრულად ხდებოდა. ახლა, ამ პროდუტის გამოყენებით, საინტეგრაციო ამოცანების შესრულება სპეციფიკური კომპეტენციების ქონას არ საჭიროებს. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, როგორ იმართება ინტეგრაციები, როგორ იქმნება API-ები და შემდეგ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ამ API-ების გამოყენება სპეციფიკური ცოდნის გარეშე შეუძლია. ეს მოქნილობა მოგვიტანა ამ პროდუქტმა, რაც ნიშნავს, რომ ყველა გუნდს, ვისაც თავისი არსებული ან ახალი პროდუქტის ან სერვისის განვითარების სურვილი აქვს, სხვა სისტემებთან საკუთარი სისტემების ინტეგრაციას ლოდინის გარეშე, სწრაფად შეუძლია ამის მოხერხება.

M: როგორია ხელშესახები ცვლილება მომხმარებლისთვის?

ბუნებრივია, მომხმარებელს უშუალოდ კონგთან შეხება არ აქვს, მაგრამ ახლა უფრო ხშირად აქვთ სიახლეები. კომპანიაში ახლაც ვაგრძელებთ ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესს, რაც გულისხმობს, რომ პროდუქტები და სერვისები ჩვენს მომხმარებლებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივაწოდოთ, ამ ნაბიჯებში კი მუდმივი განვითარება იგულისხმება – გადავდგათ ნაბიჯი, გავიტანოთ სიახლეები, დავაკვირდეთ მომხმარებლის ქცევას, მივიღოთ მისგან უკუკავშირი… თუკი კორექტირება და განვითარებაა საჭირო, ამას გაცილებით უფრო სწრაფად ვახერხებთ, ვიდრე აქამდე.

M: რა შეცვალა Kong-თან თანამშრომლობამ თიბისის გუნდისთვის?

რაც შეეხება გუნდს, რომელიც მსგავსი პროდუქტების გამოყენებით ქმნის სხვადასხვა სერვისს, მათთვისაც მნიშვნელოვანია ეს სიახლე, რადგან ეს არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ჩვენს სფეროში. ჩვენი გუნდის წევრებს, რომლებიც ამ პროდუქტის გამოყენებით სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებენ, აქვთ საშუალება, ამგვარ მოწინავე ტექნოლოგიებზე იმუშაონ. ამიტომ ეს სიახლე მამოტივირებელი და საინტერესოა ტექნოლოგიური გუნდისთვისაც. მსგავს პროდუქტებთან შეხებისა და შესწავლის სურვილი ვისაც აქვს, ჩვენს კომპანიაში ვეპატიჟებით.

[R]

MAN-ის 16-ტონიანი სატვირთოს გაწევით ქართველმა ათლეტმა გინესის რეკორდი დაამყარა

სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა