in

ბანქო „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით – გვანცა ჩიჯავაძის ახალი ნამუშევარი

„ძილის წინ, მამა ხშირად მიკითხავდა „ვეფხისტყაოსანს“, პოემის თითოეული გმირი, ბავშვობიდან, ძალიან მიყვარდა. მოგვიანებით იმასაც მივხდი, რა დიდ სიბრძნესთან მქონდა შეხება. ამიტომ გადავწყვიტე, ამ თემაზე ილუსტრაციების შექმნა და ბანქოზე დატანა. ჩემი მხრიდან ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო. რატომ ბანქო? იმიტომ რომ ჩვენ სულ ვთამაშობთ, ჩვენი ცხოვრება თამაშია. ამ პროექტით ვეცადე, შემეხსენებინა ჩემი თავისთვის, რომ ამ თამაშის მიღმა არსებობს რაღაც ისეთი, რასაც შეუძლია დროის გაჩერება, არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარსულიდან გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ დღეს“, – ასე შექმნა გრაფიკულმა დიზაინერმა გვანცა ჩიჯავაძემ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები ბანქოსთვის.

ყველაფერი 2017 წელს დაიწყო. პირველი პერსონაჟი, რომელიც შექმნა ტარიელი იყო. ამბობს, რომ ხასიათის და ფერების მისაგნებად საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

„როცა მივხდი, რომ უკვე ღირდა, ის „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელი ყოფილიყო, სხვა პერსონაჟებზე მუშაობა დავიწყე. რა თქმა უნდა, მათ შექმნასაც დიდი დრო დასჭირდა. ფონად სულ „ვეფხისტყაოსანი“ მქონდა ჩართული. ვუსმენდი და ისე ვმუშაობდი. მინდოდა, მაქსიმუმი გამეკეთებინა, რომ ყველა პერსონაჟს საკუთარი ხასიათი ჰქონოდა“.

ილუსტრაციებს გამორჩეული ორნამენტები აქვს – თუ ერთხელ მაინც გინახავთ გვანცა ჩიჯავაძის ნამუშევრები, ბანქოზე მაშინვე ამოიცნობთ მისთვის დამახასიათებელ ფერებს და ორნამენტების სტილს.

„ბანქოს ქალი პერსონაჟები არიან: ნესტან-დარეჯანი, თინათინი, ასმათი და დავარი. ფატმან-ხათუნიც მინდოდა, მაგრამ ასმათი, მისი მზრუნველი ხასიათი, სამუშაოდ, ასე ვთქვათ, უფრო საინტერესო იყო. რაც შეეხება ვეფხვს, ჩემთვის ის ნესტან-დარეჯანია“.

გვანცა ჩიჯავაძე ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობა რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო.

„გრაფიკულად, ყველა ხაზი ერთმანეთში ჰარმონიულად უნდა შედიოდეს. თითოეული პერსონაჟის ძალიან ბევრი ვერსია გავაკეთე. ყველას ვტოვებდი, რაღაც დროის შემდეგ ვუბრუნდებოდი და ვარჩევდი, რომელი ჯობდა. საერთო ჯამში, იმდენად სასიამოვნო იყო ამ პროექტზე მუშაობა, რომ ყველა სირთულე პროცესშივე მავიწყდებოდა“.

3 სპექტაკლი, რომელიც ვაკის პარკის ღია კინოთეატრში უნდა ნახო – 4-6 აგვისტო

რატომ უყვარს თქვენს ტვინს კარგი სთორითელინგი/ამბის თხრობა