„რატომღაც ყოველთვის, როცა ვიღაცას ეუბნები, რომ ქართველი ახალგაზრდები თამაშს აკეთებენ, არავინ წარმოიდგენს რაიმე მაღალ ხარისხიანს“.
ვიდეოთამაშები ქართველი მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი სამყაროა. გეიმერები მოუთმენლად ელიან ახალი თამაშების გამოსვლას და ინტერესით ერთვებიან მსოფლიო დონის მაღალ თამაშებში. თუმცა ამ სტატიაში ამბავი პირიქითაა და ვიმედოვნებთ ქართულ ვიდეოთამაშს, რომელზეც დღეს მოგიყვებით, გეიმერები მთელი მსოფლიოს გარშემო გაიცნობენ. The Lesser Key – ასე ჰქვია ჰორორის ჟანრის ქართულ ვიდეოთამაშს, რომელიც ქართულ მოტივებისა და ალისტერ კროულის ამავე სახელწოდების ნაწარმოების სინთეზია. ნაწარმოების თამაშად ქცევა Dead Frog Studio-მ ჩაიფიქრა და გადაწყვიტა ფროდაქშენსა და ტექნოლოგიებში დაგროვილი გამოცდილების დახმარებით, მომხმარებლისთვის სიუჟეტთან ინტერაქციის საშუალება მიეცა. The Lesser Key არის ადრენალინით აღსავსე თავგადასავალი, რომელიც გეიმერს საშიშ სამყაროში ამოგზაურებს. სწორედ ჰორორის მოყვარულთა სეგმენტზე დაკვირვებამ შემოქმედებითი გუნდი მიიყვანა აზრამდე, რომ ქართული ვიდეოთამაშის სწორედ ჰორორის ჟანრით პოზიციონირება პერსპექტიული იქნებოდა არამხოლოდ კრეატიული, არამედ ბიზნესის თვალსაზრისით. Dead Frog Studio-ს გუნდი მიიჩნევს, რომ სათანადო ინვესტირებისა და ხელშეწყობის შემთხვევაში, ქართულ ჰორორ ვიდეოთამაშს შეუძლია ქართული გეიმინგი საერთაშორისო მასშტაბზე გაიყვანოს.
მოდით, სანამ პროექტის ხელმძღვანელი, მწერალი და სცენარისტი ზაზა კოშკაძე დეტალებზე გვესაუბრება, The Lesser Keys-ს ახლოდან გავეცნოთ:
M: პირველ რიგში, გთხოვთ, გავაცნოთ მკითხველს Dead Frog Studio – რა მიმართულებით მუშაობს სტუდია და რა გამოცდილებას აერთიანებს?
ჩვენი წლების განმავლობაში ვმუშაობდით ერთად, არაერთი საინტერესო პროეტი გაგვიკეთებია. ყველა პროექტს რაღაც დანიშნულება ჰქონდა, რომ საბოლოო ჯამში, აქამდე გავზრდილიყავით. შეგვეძლო მორიგი წარმატებული სარეკლამო ფროდაქშენი ვყოფილიყავით, თუმცა ეს არასდროს გვინდოდა. ყოველთვის გვქონდა ის ვნება, როგორმე ახალი ტექნოლოგიები შემოგვეტანა თანამედროვე მედია ფროდაქშენში, თუმცა ასეთი მცდელობები არ მთავრდებოდა დიდი წარმატებით. იყო ის ეტაპიც, როცა ჩვენ სხვადასხვა ადამიანების დარწმუნებას ვცდილობდით, თუ რა შეგვეძლო – ეს კიდევ უფრო რთული იყო. რატომღაც ყოველთვის, როცა ვიღაცას ეუბნები, რომ ქართველი ახალგაზრდები თამაშს აკეთებენ, არავინ წარმოიდგენს რაიმე მაღალ ხარისხიანს. ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება ხელს გვიშლიდა ბევრ რამეში, ამიტომ გადაწყდა, რომ მხოლოდ საკუთარ იდეებზე და ჩვენით გვემუშავა და ასე დაარსდა Dead Frog Studio.

M: ნაწარმოების ვიდეოთამაშის საშუალებით წარმოდგენა რამ შთაგაგონათ?
თამაში ინტერაქციის საუკეთესო საშუალებაა. აქ არა მხოლოდ ინფორმაციას იღებ, არამედ ცხოვრებას იწყებ ამ ინფორმაციულ სამყაროში, რომელშიც შედიხარ. თავად ხდები გმირი და გადაწყვეტილებების მიმღები. ნაწარმოების თამაშად ქცევა ზუსტად ამიტომ მოგვინდა. გარდა ამისა, The Lesser Key-ის წარმატების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერება. შეგვიძლია გავჩნდეთ იმ ბაზარზე, სადაც არასდროს არაფერი გვესაქმებოდა. ეს ძალიან მაცდური გამოწვევაა და ამას გავყევით.
ასევე ძალიან გვინდოდა, რომ საშინელებათა ჟანრის ვიდეო თამაშების ბნელი ესთეტიკა და ურბანული თუ პასტორალური ლანდშაფტები შეგვერწყა და ერთი დეპრესიული თუ პარანოიდული გმირის ისტორია მის ფონზე გაგვეშალა.

კიდევ ერთი მოტივაცია ისიც იყო, რომ გვინდოდა ახალი მიმართულება წამოგვეწია წინ. მსოფლიო მეინსტრიმულ კულტურაში მხოლოდ ზომბები და ვამპირები დომინირებენ, ძალიან იშვიათად ნახავ არსებას სხვა კულტურიდან. მაქსიმუმ ელფები და სკანდინავიური მითოსი. ამ დროს, არსებობს ძალიან მდიდარი კულტურები, რომლებიც სავსეა შავ-ბნელი არსებებითა და მათი დინასტიებით. ეს ჩვენი პარალელური ეთნო-ფსიქო-ისტორიაა, რომელიც შეიძლება უფრო მეტს ამბობდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ვიდრე საინფორმაციო გამოშვებაში ნაჩვენები სიუჟეტები.

M: The Lesser Key-ის პრომო ვიდეოს დასაწყისში მოქმედება თბილისში ვითარდება, თუმცა შთაგონება ალისტერ კროულის ნაწარმოებიდან გაქვთ აღებული – როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტამდე?
The Lesser Key-ში ალისტერ კროული გვიყვება ებრაულ დემონოლოგიაზე. გაოცებული დავრჩით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ეს თემა ასეთი დაუმუშავებელი იყო და არაფერი მასშტაბური არ არსებობდა.
თამაშის სიუჟეტი ვითარდება ორ პარალელურ დროში, რომელთა შორისაც 30 წელია სხვაობა. თბილისში ვითარდება თამაშის ერთი ნაწილი მხოლოდ, დანარჩენ ნაწილებში რა ხდება, სჯობს, თამაშში ნახონ დაინტერესებულმა ადამიანებმა, რომ არ დავასპოილეროთ. თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის როგორც ურბანული, ისე პასტორალური სამყარო, ორივე სივრცეში სხვადასხვა ფორმით იშლება ერთი ფსიქო-რეალობა. ამ სამყაროში ადამიანები ხედავენ მეტს, ვიდრე ცხოვრებაში. ეს არის დიდი მტკივნეული საიდუმლოს ტარებისა და მისგან გათავისუფლების ისტორია. ავი სულებით სავსე ჭისთვის თავის მოხდის ამბავი. ისტორია მართლაც ძალიან საინტერესოა და ღრმა ფსიქოლოგიზმით გაჯერებული, რაც გეიმერებს ძალიან ართობს და აინტრიგებს.

M: რატომ აირჩიეთ თამაშისთვის ჰორორის ჟანრი?
შიში და მაღალი ადრენალინი ყველაზე გაყიდვადი მდგომარეობებია, რაც ჩვენნაირი დამწყები გუნდისთვის წარმატების ერთადერთი შანსია. არსებობს უფრო დიდი ბაზარი მაგალითად Shooter-ებისა და race თამაშებისთვის, სადაც ბევრად გაგვიჭირდებოდა დამკვიდრება. ჩვენი ძლიერი მხარი იყო იდეა და არა მაინცდამაინც ტექნოლოგია. ჩვენი აპარატურის პირობებში, ამ ეტაპზე, მხოლოდ კრეატივსა და მითოსზე ორიენტირებული პროდუქტით შეგვეძლო დაწყება. სხვა მარკეტინგული რესურსების შემთხვევაში, შესაძლოა სხვანაირად გვეფიქრა, თუმცა ამ ვითარებაში დავჯერდით იმას, რაც გვქონდა. დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვექმნა ისეთი საინტერესო ისტორია, რომელიც თავად გაყიდიდა საკუთარ თავს.
ამ ბაზარს კარგად ვიცნობთ, ვიცით გეიმერის ტვინი და მისი პრიორიტეტები, იმიტომ, რომ ჩვენი გუნდის უმეტესობა თავად არის გეიმერი. ასე რომ, გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ ფიქრის და მსჯელობის შედეგად მივედით აზრამდე, რომ სწორედ The Lesser Key უნდა ყოფილიყო ჩვენი სასტარტო პროექტი. ცნობისმოყვარეობა და შიში არის ის, რაზე აქცენტირებითაც გვსურს აღმოვაჩინოთ ჩვენი სეგმენტი და შევინარჩუნოთ ის. ამასთან, შიშის გრძნობა გარკვეულ ადიქციას იწვევს. ისიც უნდა ითქვას, რომ არც ჰორორ თამაშების ბაზარია პატარა. ამ წუთას პლანეტაზე არსებობს 3 მილიონი ადამიანი, რომელიც მზად არის იყიდოს და ითამაშოს საშინელებათა ჟანრის ვიდეოთამაში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მათგანს მოვაწვდინოთ ეს თამაში.

M: როგორ შემუშავდა თამაშის მექანიკა და ვიზუალური მხარე?
თამაშის ნაწილები კეთდება სხვადასხვა პროგრამაში. საბოლოოდ, ყველაფერი თავს იყრის მთავარ პროგრამაში, რომელსაც ვიყენებთ თამაშის ასაწყობად, ეს არის Unreal Engine. ამ პროგრამაში ხდება მექანიკის კოდების აწყობა, საიდანაც გამოდის საბოლოო პროდუქტი.
M: გვიამბეთ გუნდზე – ვინ ქმნით თამაშს?
ჩვენ ჯერჯერობით პატარა გუნდი ვართ, თუმცა საკმარისი იმისათვის, რომ პროდუქტი განვავითაროთ.
ნიკა ჯაველიძე არის გეიმ დეველოპერი და ამ თამაშის იდეის ავტორიც. ანუ ის, ვინც რეალურად აკეთებს თამაშის უმთავრეს ნაწილს, ის თავიდან ბოლომდე ჩართულია ყველა ეტაპზე ამ თამაშის.
ნიკა კალანდაძე არის პასუხისმგებელი თამაშის საუნდზე, ყველა გაგებით. მუსიკა იქნება თუ ზოგადი ხმები.
ბიძინა ქართველიშვილი პროექტის მენეჯერი, რომელიც ასევე ძალიან ხშირად მონაწილეობს კრეატულ ნაწილშიც.
მე და ზურა ჯიშკარიანი ვართ ნარატივ დიზაინერები, ჩვენ ვფიქრობთ გუნდთან ერთად და ვწერთ მითოსს ამ პროექტისთვის. ასევე ვზრუნავთ თამაშის დრამატურგიაზე.

M: როგორ იგეგმება The Lesser Key-ის, როგორც პროდუქტის წარდგენა ბაზარზე?
პირველ ეტაპზე, ვაპირებთ Steam-ზე განვათავსოთ, რადგან ეს თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა. თუმცა იმის მიხედვით, თუ როგორ მიიღებს მას ბაზარი, გადავწყვეტთ გამოვუშვათ თუ არა კონსოლებისთვისაც. იდეალურ შემთხვევაში, Steam-ზე ატვირთვის შემდეგ, გამოვა xbox-ისა და PS-ისთვისაც.
ჩვენი პოზიციონირება იქნება აქცენტირებული სასპენსსა და თამაშის თემატიკაზე. გეიმერები შეძლებენ იმოგზაურონ ძალიან საშიშ სამყაროში, გაეცნონ ძალიან უცნაურ რელიგიურ კულტს და ა.შ. აქაა ყველაფერი ის, რაც უკვე უყვარს ამ სეგმენტს. მითოსი იქნება ჩვენი პოზიციონირების საფუძველი.

M: გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ქართული ჰორორ ვიდეოთამაშია, თქვენი ხედვით, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?
ჩვენს ლამაზ სიზმრებსა და მომავლის ხილვებში, ამ თამაშმა უკვე შეცვალა რეალობა და საქართველოში უამრავ ჩვენნაირს გაუხსნა გზა ამ ბაზარზე. ამ თამაშის წარმატება ნიშნავს, ბევრ სხვა წარმატებულ ადამიანს თუნდაც ამავე სფეროში, ჩვენი ქვეყნიდან. ინტერნეტმა საზღვრები კი წაშალა, მაგრამ რატომღაც ისე ხდება, რომ ხშირად კონკრეტული ქვეყნები რჩებიან წარმატებული იმაში, რაშიც ისედაც იყვნენ. ჰოდა, ჩვენი აზრით, მართლა წაშალა ინტერნეტმა საზღვრები და საქართველო შიეძლება გავიდეს ამ დიდ მასშტაბზე და გახდეს ამ უზარმაზარი ბაზრის (ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში) ერთ-ერთი „მოთამაშე“.
წარმატებამდე კიდევ გრძელი და რთული გზაა გასავლელი. შეგვიძლია ჩვენით სადღაცამდე მივათრიოთ ეს პროექტი მაგრამ ნული სახსრებით თუ ფინანსებით დიდ ბაზარზე ვერ შეხვალ. მარკეტერები უნდა ხვდებოდნენ, რას ნიშნავს ამ ბაზარზე ყოფნა. სახელმწიფო იქნება თუ კერძო ბიზნესი, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ამბიცია, ქვეყანას რამე შემატოს, ვფიქრობ, არ არსებობს ამაზე საინტერესო და გარანტირებული გზა წარმატებისკენ, რომელსაც თან ამხელა რეზონანსის გამოწვევა და მთელი ქვეყნის გარდაქმნა შეუძლია. ჩვენ უნდა გვქონდეს მუშაობისთვის აუცილებელი ტექნოლოგიები და გარწმუნებთ, საჭირო ინტელექტუალური რესურსი აუცილებლად გაჩნდება და რაც უკვე არსებობს, კიდევ უფრო გაიზრდება.
ვფიქრობ, აუცილებელია რაიმე სახის თანადგომა ასეთ პროექტებში. ადამიანებს უნდა ავუხსნათ, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი. აქ უმეტესად, ისე გიყურებენ, როგორც სარესტორნო ბიზნესს, რადგან იშვიათად ნახავ სხვა კომპეტენციის ბიზნესმენებს. ეს ამბავი ახალია მათთვისაც, ამიტომ ჩვენ ყველა ერთად უნდა გავიზარდოთ და გავიგოთ, რა როგორ ხდება, რათა დიდი შედეგები მივიღოთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











