„ხვალ მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა“… ამ და მსგავს ფრაზებს უკვე შევეჩვიეთ ამინდის პროგნოზის მოსმენის დროს. თუმცა რას იტყოდით, თუ წინასწარ გეცოდინებოდათ, როდის და სად უნდა ელოდეთ ყველაზე ბევრ კოღოს? დიახ, ნამდვილად სწორად კითხულობთ — ახალი ინსტრუმენტი, ალგორითმის გამოყენებით, კოღოების ადგილობრივ აქტივობას პროგნოზირებს. ამისათვის კი Google Earth Engine-დან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
„კოღოების რაოდენობის ზრდა ნამდვილად ტემპერატურასა და ტენიანობაზეა დამოკიდებული. ასე რომ, თუ ამ ორი მოცემულობის რეალური ცვლილებების განსაზღვრას შევძლებთ, ამ მაჩვენებელს კოღოების რაოდენობის ზრდისა თუ კლების დასადგენად გამოვიყენებთ“, — ამბობს ჯეიმი ჰერინგი, Climate Engine-ის პრეზიდენტი, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებაში იღებს მონაწილეობას.
გარდა იმისა, რომ კოღოების ნაკბენი უბრალოდ შემაწუხებელი და არასასიამოვნოა, მას ადამიანებისთვის ძალიან დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გლობალური მასშტაბით, დაახლოებით მილიარდი ადამიანი ინფიცირდება კოღოების ნაკბენით — კერძოდ, ისეთი დაავადებებით, როგორებიც არის ზიკა და მალარია.
ასევე, შესაძლოა, ეს ხელსაწყო მთავრობებმა გამოიყენონ, უფრო ფართო მოქმედებების განსახორციელებლად. „მიგვაჩნია, რომ ამ ინოვაციას გამოიყენებს როგორც ჩვეულებრივი მოსახლეობა, ისე ჯანდაცვის ორგანიზაციები. მათ აარ აქვთ რესურსები, რომლებიც ამ ტიპის სამუშაოს შესასრულებლად გამოდგება“.
ამ ეტაპისთვის იმ რეგიონების სიის გაფართოება, რომლებშიც აღნიშნული ხელსაწყო იქნება ხელმისაწვდომი, ნელა მიმდინარეობს… თუმცა იმედია, უახლოეს მომავალში საქართველოშიც დავადგენთ, როდის და სად შეინიშნება კოღოების დიდი აქტივობა.