ოდესმე გიფიქრიათ, ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის სამყაროში მოხვედრა რომ შეგძლებოდათ? ხელით დახატული სათავგადასავლო თამაშ The Master’s Pupil-ის წყალობით, ეს უკვე შესაძლებელია — მომხმარებლები კლოდ მონეს ნამუშევრების საფუძველზე შექმნილ ციფრულ რეალობაში გადაინაცვლებენ.
ეს არის თამაში, სადაც მოთამაშეები ცნობილი ოსტატის სამყაროს იკვლევენ იმ თავსატეხების ამოხსნით, რომლებიც ფიზიკის, სივრცისა და ფერის კანონებზე დაყრდნობითაა შემუშავებული. შედეგად, გართობასთან ერთად, საგანმანათლებლო შესაძლებლობასაც იძლევა, რათა მონეს ხელოვნებისა და ცხოვრების შესახებ ინტერაქციული გზით მიიღონ ინფორმაცია.
თავის მხრივ, თამაშის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი მისი ვიზუალურად განსაცვიფრებელი დამუშავებაა, ფონითა და დეტალებით, რომლებიც მხატვრის სტილზე მორგებულად შეიქმნა. თითოეული სცენა თავისთავად ხელოვნების ნიმუშია, რაც ოსტატის სამყაროში ბოლომდე ჩაძირვის საშუალებას იძლევა. თანაც სრულყოფილი შედეგის მისაღებად, დეველოპერები 7 წლის განმავლობაში მუშაობდნენ — ქაღალდზე აკრილის საღებავებით დახატული კომპოზიციები მაღალი რეზოლუციის აპარატით დაასკანერეს. შემდეგ კი, კოდირების მეშვეობით, თამაში სტატიკური სურათებიდან ინტერაქციულ რეალობად აქციეს.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში მონეს პირდაპირ ბიოგრაფიას არ მიჰყვება, იგი ოსტატურად აერთიანებს მხატვრის ცხოვრებისა და ემოციების ფრაგმენტებს. მოთამაშეები ხელოვანის ქრონოლოგიის მაღალ და დაბალ დონეებს განიცდიან, რათა მეტად ჩაუღრმავდნენ მის გამოწვევებს თუ ტრიუმფებს, რამაც საბოლოოდ შესანიშნავი შემოქმედებითი კარიერა შეუქმნა.
გარდა გრაფიკისა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს აუდიო გამოცდილებაზეც. საგულდაგულოდ შემუშავებული ხმისა და ემოციური შემავსებლების საშუალებით, მოთამაშეები მხატვრის შესაბამის განცდებს ეზიარებიან.