in

The Mummy-ს პოსტერები ლონდონში შემაშფოთებელი ვიზუალის გამო ჩამოხსნეს

ლონდონის მეტროს სადგურებიდან The Mummy-ს სარეკლამო პოსტერები მოხსნეს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების სამსახურმა (ASA) დაადგინა, რომ მათი შემაშფოთებელი ვიზუალი განსაკუთრებით ბავშვებში დისკომფორტისა და შიშის გამოწვევის რისკს ქმნიდა.

BOG
BOG

ბრიტანეთის Advertising Standards Authority-მ ფილმის, The Mummy-ს სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით 30 საჩივარი დააკმაყოფილა. მარეგულირებლის შეფასებით, ფილმის ერთ-ერთი მთავარი პოსტერი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მასზე რეალური მკვდარი ბავშვია გამოსახული.

მიუხედავად იმისა, რომ პოსტერი საშინელებათა ფილმის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, ASA-მ მიიჩნია, რომ ასეთი ვიზუალი არ იყო შესაფერისი ისეთ საჯარო სივრცეებში განსათავსებლად, სადაც მას ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეხვდებოდნენ, მათ შორის ბავშვებიც.

რეკლამები ლონდონის მეტროს სადგურებსა და გარე ბილბორდებზე იყო განთავსებული. Warner Bros. ამტკიცებდა, რომ გამოსახული პერსონაჟი გვამი კი არა, „ცოცხალი მუმია“ იყო და პოსტერზე არც აშკარა ძალადობა და არც მუქარის შემცველი გამომეტყველება ჩანდა. თუმცა, ASA-ს შეფასებით, პერსონაჟის მკაფიოდ ადამიანური სახის ნაკვთები მას გარდაცვლილ ბავშვს ამსგავსებს.

მარეგულირებელმა ისიც გაითვალისწინა, რომ ერთ-ერთი ბილბორდი საბავშვო ბაღს ასახავდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა შეშფოთებას, რომ გამოსახულებას შესაძლოა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ემოციური დისკომფორტი გამოეწვია.

ASA-ს გადაწყვეტილება უშუალოდ გარე სარეკლამო კამპანიას ეხება და არა თავად ფილმს. სატელევიზიო და სტრიმინგრეკლამები, რომლებშიც ფილმის სცენებია ნაჩვენები, ბრიტანეთში უკვე დაშვებული იყო ეთერში 19:30 საათის შემდეგ.

მარეგულირებელმა განმარტა, რომ დაგეგმილი სატელევიზიო ჩვენებისა და საჯარო სივრცეში განთავსებული პოსტერის კონტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდება. სატელევიზიო რეკლამას კონკრეტული დროისა და აუდიტორიის შეზღუდვა აქვს, მაშინ როცა ქუჩაში ან მეტროში განთავსებული პოსტერის თავიდან არიდება გამვლელებისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ASA-ს წარსულშიც შეუზღუდავს საშინელებათა ჟანრის გარე რეკლამები, როდესაც მიაჩნდა, რომ ვიზუალს მცირეწლოვანი ბავშვების შეშინება ან შეშფოთება შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მასალა ასაკობრივად უფრო შესაბამის მედიაში დაშვებული იყო.

მარეგულირებლის უახლესი რეკომენდაციები ხაზს უსვამს, რომ საშინელებათა ფილმების სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისას ბრენდებმა უნდა გაითვალისწინონ, სად და რა აუდიტორია შეხვდება კონკრეტულ ვიზუალს.

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ