22
Jan
2019

ორჰან ფამუქის წიგნზე დაყრდნობით შექმნილი “უმანკოების მუზეუმი”

22 Jan 2019

ალბათ, მრავალჯერ გქონიათ განცდა, რომ რაღაც კონკრეტული საგნები ზედმეტად გეკუთვნით, ზედმეტად თქვენია და რომ მათი ადგილი მხოლოდ თქვენ გვერდითაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის, რა ფორმის და ზოგადად რა ვიზუალის მატარებლები არიან ისინი. სრულიად შესაძლებელია, ზედმეტად წვრილმან საგანსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდეს ჩვენთვის, რადგან სწორედ ამ საგნის მიღმა შეიძლება იმალებოდეს ჩვენთვის ძვირფასი ისტორია ან უბრალოდ საყვარელ ადამიანთან ასოცირდებოდეს იგი.

mBank QR
mBank QR

სტამბულში, კერძოდ კი ბეიოღლუს რაიონში ერთი პატარა დასახლებაა, სახელად ჩუქურჯუმა. წლების წინ ეს უბანი გაჭირვებულებით იყო დასახლებული, დღესდღეობით კი იგი სტამბულის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ადგილად ითვლება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩუქურჯუმას ამხელა დიდება არ ჰქონდა, საკმაოდ ცნობილმა მწერალმა, ორჰან ფამუქმა პატარა ბინა იყიდა. ნამდვილად არ ვიცით, მწერალს ამ ბინის მუზეუმად გადაკეთება დასაწყისშივე განზრახული ჰქონდა თუ არა, თუმცა, დღეს ადგილობრივებისა და არამარტო ადგილობრივებისთვის ეს უბანი სწორედაც ორჰან ფამუქის უმანკოების მუზეუმთან ასოცირდება.

“უმანკოების მუზეუმი” ფამუქის ერთ-ერთი ბესთსელერი რომანია, რომელშიც ქემალისა და ფუსუნის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი. იგი 2008 წელს გამოიცა. წიგნში დეტალურადაა აღწერილი მათი ურთიერთობის წლები. ფაქტობრივად, მწერალი არა მხოლოდ მათ ყოველდღიურობაში გვახედებს, არამედ მთელი სიმძაფრით აღგვიწერს მათ მიერ ერთად გატარებულ თითოეულ წამს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიყვარულის ამბავი არაჩვეულებრივობას იძენს მას მერე, რაც ქემალი ყველა იმ ნივთის შეგროვებას იწყებს, რომლებიც„ც საყვარელ ადამიანს უკავშირდება და მათ შენახვასთან ერთად ყველა იმ დღეს ინახავს გონებაში, რომლებიც ამ საგნებთან ასოცირდება. ქემალი ისეთ უჩვეულო საგნებს აგროვებს, როგორებიცაა ფუსუნის მიერ გადაგდებული სიგარეტის ნამწვები, ლოტო, რომელსაც მის ოჯახთან ერთად თამაშობდა, ჭიქები, რომლებითაც ფუსუნის სახლში ჩაის სვამდა ან უბრალოდ გოგონას მიერ დახატული ნახატები. ეს მოკლე აღწერაა, თუმცა, ქემალის მიერ მოგროვებულმა ნივთებმა იმ რაოდენობას მიაღწია ბოლოს, რომ მან მუზეუმის შექმნა გადაწყვიტა.

ამჯერად არ გეტყვით, როგორ მთავრდება წიგნი და ეს ჩვენი მიზანი არც ყოფილა. აქ მთავარი მუზეუმია, რომელიც არა მხოლოდ წიგნში, არამედ რეალურად არსებობს. 2012 წელს შეიქმნა. როგორც ცნობილია, ფამუქს წიგნის წერა და მუზეუმის შექმნა ერთდროულად დაუწყია. იგი საგნებს აგროვებდა საკუთარი ოჯახის, მეგობრების მეშვეობით. მუზეუმში მოთავსებულია ისეთი ნივთებიც, რომლებიც მწერალმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეაგროვა. როგორც თავად ამბობს, ზოგი ნივთი რომანის შექმნის ინსპირაცია გახდა, ზოგიც კი პირიქით – მან რომანისთვის გამოიყენა. მუზეუმის პირველი სართული მთლიანად ეთმობა 83 ყუთს რომელიც წიგნის 83 თავთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ უმანკოების მუზეუმმა 2014 წელს წლის ევროპული მუზეუმის ჯილდო მოიპოვა.

ალბათ, არ იქნება მართალი, თუ ვიტყვით, რომ ეს მუზეუმი მხოლოდ მათთვის არის საინტერესო, ვისაც “უმანკოების მუზეუმი” აქვს წაკითხული. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ იცის რეალური ისტორია, საშუალება აქვს, საკუთარი ინსპირაციით ააგოს ამ ნივთებზე ამბები და შეადაროს შემდეგ ნამდვილ ამბავს. ფაქტი კი ერთია – ჩუქურჯუმას პატარა ბინა ის ადგილია, რომელიც უამრავ სასიამოვნო თუ დრამატულ მოგონებას, დიდ ნოსტალგიასა და რომანტიკას იტევს.

და ბოლოს, სტატიას ვასრულებთ სიტყვებით, რომლებიც მთლიანი წიგნის არსს წარმოადგენს: “მინდა, ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე.”

განხილვა