თუ თქვენ საცალო ვაჭრობის ბიზნესში ხართ და ეძებთ შთაგონებას, რათა წარმატებულად აქციოთ იგი, The North Face-ის ისტორია ნამდვილად გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სან-ფრანცისკოში დაარსდა, მას სახელწოდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მთების ყველაზე ცივი და მკაცრი მხარის მიხედვით დაერქვა. წლების განმავლობაში ის არა მხოლოდ გაიზარდა და გახდა სათავგადასავლო აღჭურვილობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწარმოებლად, არამედ მოახერხა და მოდის ბაზარზეც შეაღწია. დღეს The North Face ქურთუკები შეიძლება მოიძებნოს როგორც მთის აღჭურვილობის მაღაზიებში, ისე მაღალი მოდის ქუჩებზე განლაგებულ ბუტიკებში, რაც ჭეშმარიტად უნივერსალური და მრავალმხრივი ბრენდის მტკიცებულებაა.
ადრეული წლები
The North Face 1964 წელს დუგ და სუზი ტომპკინსებმა დააარსეს. მათი პირველი ინვესტიცია მხოლოდ და მხოლოდ $5,000-ით შემოიფარგლებოდა, ხოლო კოლექციაში კლდეზე საცოცი სამოსი და კემპინგის აღჭურვილობა შედიოდა. ბრენდის პირველი მაღაზია 1966 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნა.
ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ მათ უკვე რამდენიმე მაღაზია ჰქონდათ, რომლებიც 50 000 დოლარად მიჰყიდეს კენეტ კლოპს და მალე The North Face სან-ფრანცისკოს ყურის მეორე მხარეს გადაიტანეს, ბერკლის რაიონში. კლოპის დროს ბრენდმა საკუთარი ხაზის წარმოება დაიწყო და 1971 წელს შეიქმნა მისი ლოგო, რომელიც მარტივი და კლასიკური იყო, შთაგონებული კალიფორნიის იოსემიტის ეროვნულ პარკში მდებარე მწვერვალით – Half Dome. ეს არის ინდური ქედის ყველაზე სამხრეთი მწვერვალი და სახელი მისი ფორმის მიხედვით დაერქვა.
მიუხედავად მზარდი პოპულარობისა, ბრენდი აგრძელებდა კვლევებსა და ინოვაციებს. 1975 წელს მან შექმნა თავისი პირველი გეოდეზიური კარავი, რომელიც ექსტრემალურ პირობებში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და საექსპედიციო აღჭურვილობის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა.
ბრენდის ზრდა
1980-იან წლებში The North Face კიდევ უფრო გაფართოვდა და შემოიტანა ექსტრემალური სათხილამურო ტანსაცმლის კოლექციები, რათა კიდევ უფრო გამტკიცებულიყო მისი კომპანიის სლოგანი: „Never Stop Exploring“. ათწლეულის განმავლობაში მან შექმნა რამდენიმე ყველაზე პოპულარული პროდუქტი, მათ შორის Mountain Gore-Tex-ის ქურთუკი და Mountain Light-ის ქურთუკი. მისი პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ ტრანს-ანტარქტიდის საერთაშორისო ექსპედიციისთვის ექსკლუზიური პოლარული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის დამზადება სწორედ მას დაუკვეთეს.
ბრენდი, როგორც კულტურის ფუძემდებელი
The North Face-მა არა მხოლოდ პლანეტის ყველაზე მკაცრი პეიზაჟები დაიპყრო, არამედ პოპულარული კულტურისა და მოდის დაძლევაც დაიწყო. 1990-იან წლებში ბრენდის ტანსაცმელი ჰიპ-ჰოპ არტისტების საყვარელ ჩაცმულობად იქცა. ამრიგად, მან მკვლევრებისა და სპორტული თავგადასავლების მოყვარულებიდან ხელოვნების მიმდევრებშიც მოიპოვა პოპულარობა.
კოლაბორაცია
იმის გარდა, რომ The North Face დამოუკიდებლადაც იქცა საუკეთესო გადაწყვეტილებად წარმატებული მთამსვლელებისთვის, მოთხილამურეებისთვის და მკვლევრებისთვის, მან მაინც ჭკვიანური ნაბიჯები გადადგა და რამდენიმე კოლაბორაცია განახორციელა.
Timberland-ისა და Vans-ის მსგავსი გუნდების გაერთიანებამ აჩვენა, რომ North Face-ის ტანსაცმელი არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ მოდურიც. Supreme-თან თანამშრომლობამ წინ წამოსწია ყოველდღიური, ქუჩაში ჩასაცმელი სამოსის მოყვარულთა გული მოეგო. 2007 წლიდან მისი დიზაინერები მუშაობდნენ მრავალ ხაზზე, რომლებიც საკულტო პროდუქტებს ადაპტაციას უკეთებდნენ იმისთვის, რომ ბრენდის საერთო მახასიათებლები წარმოეჩინათ.
ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობას 2021 წელს Gucci-სთან კოლაბორაცია აგვირგვინებს. ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ძვირადღირებული იტალიური დიზაინი და კალიფორნიული საექსპედიციო აღჭურვილობა ერთმანეთს ასე მოუხდებოდა, თუმცა მომხმარებელმა მალე შეიყვარა Gucci-ს ცნობილი კრემისფერი და ჯვარედინი ნიმუშების შერწყმა The North Face-ის დიზაინთან.
ბრენდი დღეს
დღეს ბრენდი ცნობილია ყოველდღიური და სპორტული ტანსაცმლის მთელი ასორტიმენტის წარმოებით. გარდა სამოსისა, ის გვთავაზობს ფეხსაცმლის, ჩანთებისა და ზურგჩანთების ფართო არჩევანს.
გარდა პროდუქტის წარმოებისა, ის აგრძელებს სპორტსმენების მხარდაჭერას და სპონსორობას უწევს მათ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი