იმ დროს, როცა კინოინდუსტრიაში ხელოვნურ ინტელექტზე, ვირტუალურ სტუდიებსა და ძვირადღირებულ ტექნოლოგიებზე სულ უფრო ბევრს საუბრობენ, ბრიტანელმა რეჟისორმა უილ ნორმანმა საპირისპირო გზით წასვლა გადაწყვიტა. მან 2009 წლის iMac იყიდა, რომელიც სულ 20 დოლარი ღირდა, მისი ვებკამერა კამერად გამოიყენა და საბოლოოდ ჰომეროსის „ოდისეის“ 10-წუთიანი ვერსია გადაიღო.
ყველაფერი ხუმრობით დაიწყო. ნორმანს კრისტოფერ ნოლანის IMAX კამერებისადმი ცნობილ სიყვარულს გაეხუმრა და მოკლე ვიდეო გადაიღო, თითქოს თავად „კრისტოფერ ნოტლანი“ იყო და ახალ ფილმს არა IMAX-ზე, არამედ iMac-ზე იღებდა. კომპიუტერი eBay-ზე 20 დოლარად იყიდა, მის წამოსაღებად გამოძახებული ტაქსი კი, როგორც თავად ამბობს, უფრო ძვირი დაუჯდა.
ვიდეო ერთჯერად ხუმრობად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ინტერნეტში 14 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამის შემდეგ რეჟისორს ადამიანები თავად დაუკავშირდნენ და პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს. ვიღაცამ დრო გაიღო, ვიღაცამ ტექნიკა, სხვებმა პროფესიული გამოცდილება. ასე შეიკრიბა დაახლოებით 30-კაციანი გუნდი და გაჩნდა იდეა, ხუმრობა ნამდვილ მოკლემეტრაჟიან ფილმად ექციათ.
ფილმს The Oddersy ეწოდა და მთელი პროექტი ერთი წესით შეიქმნა: მთავარი კამერა ისევ იმავე ძველი iMac-ის ვებკამერა უნდა ყოფილიყო.
ამისთვის გუნდს მუდმივად იმპროვიზაცია უწევდა. კომპიუტერის ქვედა ნაწილში ხვრელები გააკეთეს, რომ შტატივზე დაემაგრებინათ. გადასაღებ მოედანზე ელექტროენერგიისთვის კემპინგის ბატარეას იყენებდნენ. ველოსიპედები მოძრავი კამერის პლატფორმებად გადააქციეს, ვებკამერას კი მობილურისთვის განკუთვნილ პატარა ობიექტივებს უმაგრებდნენ.
ყველაზე რთული სცენისთვის iMac 25-ფუტიან კინოკრანზე დაკიდეს და ესექსში, ტბის თავზე გაიტანეს. ქვემოთ რეზინის ნავი მოძრაობდა, რომელმაც ფილმში ითაკას ხომალდის როლი შეასრულა. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ 17 წლის iMac გამართულად ვერ იწერდა. ჩაწერის დაწყებისას კომპიუტერი ხშირად იყინებოდა. გამოსავალი ისევ იმპროვიზაციით იპოვეს: iPad კომპიუტერის უკანა მხარეს მიამაგრეს, გამოსახულება მასზე გადაიტანეს და საბოლოო ვიდეო უკვე ტაბლეტის ეკრანის ჩაწერით მიიღეს.

ეს მეთოდი კიდევ ახალ საფრთხეებს ქმნიდა. იდეალური კადრი შეიძლებოდა უბრალოდ მაუსის კურსორს გაეფუჭებინა, ან ყველაზე საჭირო მომენტში ეკრანზე სისტემის განახლების შეტყობინება გამოჩენილიყო.
ნორმანის თქმით, სწორედ ეს შეზღუდვები გახდა პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილი. კამერას ფოკუსის კონტროლი თითქმის არ ჰქონდა, სინათლეს ცუდად უმკლავდებოდა და ზოგჯერ ადამიანის კანს სრულიად არარეალურ, იისფერ ტონად აქცევდა. ამიტომ თითქმის ყველა სცენისთვის გუნდს ახალი, ხშირად საკმაოდ აბსურდული გამოსავალი უნდა მოეფიქრებინა.
სპეცეფექტებისთვისაც თანამედროვე პროგრამების ნაცვლად ძველი Photo Booth გამოიყენეს. ფილმში ჩნდება იძულებითი პერსპექტივით შექმნილი გიგანტები, პატარა ცხენები ქვიშაში, ძველი კომპიუტერული ფონები და სხვა ვიზუალური ხრიკები, რომლებიც შეგნებულად უხეში და ხელნაკეთია.

საბოლოო შედეგი პროფესიონალურად „სუფთა“ კინოს საერთოდ არ ჰგავს, თუმცა სწორედ ეს გახდა მისი მთავარი ხიბლი.
პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ ძველი კომპიუტერით ფილმი გადაიღეს. ნორმანმა ინტერნეტში პოპულარული ხუმრობა სრულფასოვან კოლექტიურ პროექტად აქცია და თან კარგად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ტექნიკური შეზღუდვა კრეატიული პროცესისთვის.
როცა კამერას თითქმის არაფერი შეუძლია, უკეთესი კამერით პრობლემის გადაჭრა აღარ გამოდის. საჭიროა სხვა კუთხე, ახალი ხრიკი, უცნაური კონსტრუქცია ან საერთოდ განსხვავებული იდეა.
ეს განსაკუთრებით საინტერესო კონტრასტს ქმნის დღევანდელ კინოინდუსტრიასთან. ხელოვნური ინტელექტი და ახალი ციფრული ხელსაწყოები რეჟისორებს საშუალებას აძლევს, მცირე ბიუჯეტით ისეთი კადრები შექმნან, რომელთა გადაღებაც ადრე მხოლოდ დიდ სტუდიებს შეეძლოთ. ამავდროულად, სწორედ ეს ტექნოლოგიები აჩენს შიშს მსახიობებში, ტექნიკურ გუნდებსა და სხვა პროფესიონალებში, რომლებიც საკუთარ სამუშაოს მომავალზე ფიქრობენ.
ნორმანის პროექტმა ამ დისკუსიას ძალიან მარტივი პასუხი მოუძებნა: ტექნოლოგია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ საინტერესო იდეისთვის ყოველთვის უახლესი მოწყობილობა არ არის საჭირო.
The Oddersy ალბათ არც კინოს ტექნიკურ სტანდარტებს შეცვლის და არც დიდ ბიუჯეტიან ფილმებს გაუწევს კონკურენციას. მისი ძალა სხვა რამეშია. 20-დოლარიანმა კომპიუტერმა 30 ადამიანს აიძულა, მუდმივად ეფიქრათ, ეთამაშათ და იმპროვიზაცია გაეკეთებინათ.
და სწორედ ამიტომ, ეს 17 წლის iMac შეიძლება კრეატიულობის შესახებ უფრო საინტერესო ამბავს ჰყვებოდეს, ვიდრე კიდევ ერთი იდეალურად დამუშავებული ციფრული კადრი.












