in

„ოდისეა“ ყველაზე შემოსავლიანი R-რეიტინგის მქონე ფილმი გახდა

კრისტოფერ ნოლანის „ოდისეამ“, ჰომეროსის ძველი ბერძნული ეპოსის თითქმის სამსაათიანმა კინოადაპტაციამ, Deadpool & Wolverine-ს გადაასწრო და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი R-რეიტინგის მქონე ფილმი გახდა.

BOG
BOG

ფილმმა რეკორდი 21 აგვისტოს დაამყარა, როდესაც მისმა მსოფლიო შემოსავალმა დაახლოებით 1.352 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით მან Deadpool & Wolverine-ს გადაასწრო, რომლის შემოსავალიც 2024 წლიდან რეკორდული, დაახლოებით 1.338 მილიარდი დოლარი იყო. 24 აგვისტოსთვის კი „ოდისეას“ გლობალურმა შემოსავალმა დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში R-რეიტინგის მქონე ფილმების ნახვა 17 წლამდე ასაკის მაყურებელს მშობლის ან ზრდასრული მეურვის თანხლებით შეუძლია. „ოდისეამ“ ეს რეიტინგი ძალადობისა და გარკვეული ლექსიკის გამო მიიღო. ამასთან, ფილმის წარმოების ღირებულება დაახლოებით 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მიუხედავად ასაკობრივი შეზღუდვისა, მაყურებლის დაინტერესებაზე მას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

R-რეიტინგის რეკორდი ბოლო წლებში რამდენჯერმე შეიცვალა. 2019 წელს “Joker“ გახდა პირველი R-რეიტინგის მქონე ფილმი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ხუთი წლის შემდეგ ეს შედეგი Deadpool & Wolverine-მა გააუმჯობესა, ახლა კი რეკორდი ნოლანის „ოდისეას“ ეკუთვნის.

ფილმის წარმატებაში განსაკუთრებული როლი საერთაშორისო ბაზარმა შეასრულა. რეკორდის დამყარების მომენტისთვის „ოდისეას“ ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 516 მილიონი დოლარი, ხოლო სხვა ქვეყნებში – 835 მილიონი დოლარი ჰქონდა გამომუშავებული. შედარებისთვის, Deadpool & Wolverine-ს აშშ-სა და კანადის ბაზარზე უფრო მაღალი შედეგი ჰქონდა – დაახლოებით 637 მილიონი დოლარი.

ევროპა კი ნოლანის ფილმისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგიონი აღმოჩნდა. გაერთიანებულმა სამეფომ და ირლანდიამ დაახლოებით 92.7 მილიონი დოლარი შეიტანეს საერთო შემოსავალში, საფრანგეთმა – 69.3 მილიონი, იტალიამ – 55.6 მილიონი; თავის მხრივ, ჩინეთმა კი დამატებით 36.3 მილიონი დოლარი.

„ოდისეამ“ ნოლანის პირადი რეკორდებიც შეცვალა. აგვისტოს დასაწყისში ფილმმა „The Dark Knight Rises“-ს გადაასწრო, რომლის მსოფლიო შემოსავალიც დაახლოებით 1.08 მილიარდი დოლარი იყო და რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნოლანის ყველაზე შემოსავლიან ფილმად რჩებოდა. „ოდისეამ“ ასევე მნიშვნელოვნად გადაასწრო „Oppenheimer-ს”, რომლის შემოსავალიც 2023 წელს კინოგაქირავებაში 1 მილიარდ დოლარამდე იყო.

მთავარ როლში მეტ დეიმონი ოდისევსს განასახიერებს, ბერძენ მეფეს, რომელიც ტროას ომის დასრულების შემდეგ ითაკაში დაბრუნებას ცდილობს. ტომ ჰოლანდი მის ვაჟს, ტელემაქესს, თამაშობს, ენ ჰეთეუეი – პენელოპეს, ხოლო რობერტ პატინსონი – ანტინოსს. მსახიობთა გუნდში ასევე არიან ზენდაია, ლუპიტა ნიონგო და შარლიზ ტერონი.

IMAX-ის ფაქტორი

„ოდისეას“ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა IMAX-ის ფორმატმაც. ნოლანმა ფილმი სრულად IMAX 70mm კამერებით გადაიღო, რაც ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მთლიანად ამ ტექნოლოგიით არის გადაღებული.

ახალმა კამერებმა შეამცირა დიდი ფორმატის ტექნიკისთვის დამახასიათებელი ხმაური, რამაც ნოლანსა და ოპერატორს საშუალება მისცა, IMAX-ის კამერები დიალოგებით დატვირთულ სცენებშიც უფრო აქტიურად გამოეყენებინათ.

„ოდისეას“ წარმატებას კიდევ ერთი გარემოება გამოარჩევს: ის არ არის ფილმი სუპერგმირებზე და არც უკვე არსებული კინოფრენჩაიზის ნაწილია. Universal-მა ბლოკბასტერი თავად ნოლანის სახელზე, ვარსკვლავურ მსახიობთა გუნდსა და ჰომეროსის ყველასთვის ცნობილ ეპოსზე ააგო იმ გათვლით, რომ მაყურებელს უძველესი ისტორიის მასშტაბური კინოინტერპრეტაციის ნახვა მოუნდებოდა დიდ ეკრანზე.

Crocs-ის ახალი თილისმა: რატომ გააცოცხლა ბრენდმა ლოგოზე გამოსახული ნიანგი

Heinz-ის ინოვაცია: კეტჩუპის ახალი თავსახური