The Ordinary მომხმარებლების ყურადღებას ამჯერად ახალი პროდუქტით კი არა, ინსტალაციით იპყრობს, რომელიც 10 მილიონი დოლარის ოდენობის ყალბი ფულის გროვას მანჰეტენზე არსებულ მაღაზიაში ათავსებს. თუმცა, რატომ? ასე სურთ, ის „უაზრო“ ხარჯი აჩვენონ, რომელსაც ბრენდები სელებრითებს უხდიან პროდუქტების რეკლამირებისთვის. როგორც ამბობენ, ტოპ ინფლუენსერები 10 მილიონ დოლარსაც კი ითხოვენ ერთ პოსტში…
„მართალია, ვიცით, რომ ცნობილი ელჩებით პროდუქტის დარეკლამება ღირებულია სილამაზის ინდუსტრიაში მოღვაწე ბრენდებისთვის, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ვერ აანალიზებს, რამდენად ძვირია ეს „ინგრედიენტი“, ამიტომაც გადავწყვიეთ ეს მათთვის ყველაზე თვალსაჩინო გზით გვეჩვენებინა“, — ამბობს ბრენდის სპიკერი.
თუმცა, სანამ ამას გააკეთებდნენ, დააანონსეს, რომ მომხმარებლებს სილამაზის ინდუსტრიის „საიდუმლო ინგრედიენტს“ გაუზიარებდნენ:
საინტერესოა, რომ ბრენდმა ამ საკითხზე წინა კამპანიებშიც გაამახვილა ყურადღება, ასე კი, Uncommon Creative Studio-სთან ერთად, კანის მოვლისა და სილამაზის სფეროში მოღვაწე სხვა ბრენდებისგან გამორჩევას ცდილობს. თანაც, არსებული ღირებულებების ერთგული რჩება და სურს, მომხმარებლებთან გულწრფელი იყოს.
„მოგვწონს გამჭვირვალობა, პირდაპირობა და ჰუმანურობა. ყოველთვის ვსვამთ კითხვას: რას ამბობს მეცნიერება? და ამ გზავნილით ვხელმძღვანელობთ. ძალიან ღია ვართ, ძირითადად ყველაფერს ვუყვებით ჩვენს მომხმარებლებს და სინამდვილეში ეს ძალიან მშვიდობიანი პოზიციაა“, — განმარტავს დიონ ლოის კალენი, The Ordinary-დან.