მოლუსკის მიერ, მარგალიტის შექმნის ტექნოლოგია ასე გამოიყურება: როდესაც ნიჟარაში პატარა ნაწილაკი – ქვიშის მარცვალი, კენჭი, პარაზიტი თუ სხვა რამ იჭრება, მოლუსკი, თავდაცვის მიზნით, უცხო სხეულის ნაკელის ფენებით დაფარვას იწყებს და შედეგად, მარგალიტი ფორმირდება.
თუმცა არსებობს მარგალიტის კულტივირებით მიღების მეთოდიც, რომლის შემთხვევაში, ადამიანის ჩარევით, მოლუსკში უცხო სხეული თავსდება, რომელიც შემდეგ იმავე ფაზებს გადის, რასაც ბუნებრივი მარგალიტი. ეს ტექნოლოგია სასურველი ფორმის, ზომისა თუ ფერის მარგალიტის მიღების საშუალებას იძლევა.
დღეს, გაცნობთ მარგალიტის ქართულ კლუბ THE PEARL CLUB-ს, რომელიც ერთი მხრივ, საქართველოში მარგალიტის პირველი ფერმის შექმნის პასუხისმგებლობას იღებს, მეორე მხრივ კი – მარგალიტისა და ვერცხლის სამკაულების ბრენდის სახელით, თავს ქართულ ბაზარზე იმკვიდრებს.
სტარტაპის ავტორები: ანა ბარათაშვილი და მარიამ გოგიაშვილი არიან და მანამ, სანამ THE PEARL CLUB-ის საქმიანობაზე უფრო დაწვრილებით გვიამბობდნენ, ძალიან მოკლედ, საკუთარი თავის შესახებაც მოგვიყვებიან:
ანა ბარათაშილი: „მე პროფესიით მარკეტერი ვარ. წელს დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი, მარკეტინგის განხრით. THE PEARL CLUB ჩემი პირველი გამოცდილებაა. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა და პირდაპირ უკავშირდება ჩემს საქმიანობას“.
მარიამ გოგიაშვილი: „მე პროფესიით არქიტექტორი ვარ. სამხატვრო აკადემიის დამთავრებამდე და შემდგომაც სხვადასხვა მიმართულებით მიმუშავია, თუმცა რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყველაფერი მაინც ხელოვნებას უკავშირდება. 16 წლიდან ვმუშაობ ბრენდინგისა და არტ დაირექშენის განხრით. ვიღებ ფოტოებს, ვხატავ, ვაკეთებ გრაფიკულ დიზაინს და მაინტერესებს ყველაფერი, რაც ვიზუალს ეხება. THE PEARL CLUB საჭიროებს ყველა იმ რესურსს, რისი გამოცდილებაც მაქვს, ან უბრალოდ მაინტერესებს“.
ანა: მარგალიტის კლუბის დაფუძნების იდეა, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაჩნდა. ტაილანდში მოგზაურობისას მარგალიტის კუნძულზე აღმოვჩნდი, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემი თვალით ვიხილე მარგალიტის მოყვანის მთელი პროცესი. თბილისში სხვადასხვა ნიმუშითა და მარგალიტის კულტივირების ტექნოლოგების რჩევებით დავბრუნდი.
იმავე კვირას, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ექპერიმენტული ფერმის შენებას შევუდექით. აქ დაიწყო ყველაფერი.
ჩვენი ფერმისთვის საქართველოს მდინარეებში შეირჩა მოლუსკები, რომლებშიც მცირე ზომის ფრაგმენტს ვნერგავთ და შემდგომ მარგალიტს ვიღებთ. მის მიღებას, მინიმუმ, ერთი წელი სჭირდება.
M: როგორ განსაზღვრეთ The Pearl Club-ის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულება?
ჩვენს კლუბს ორი მიმართულება აქვს:
- პირველი მარგალიტის ფერმა საქართველოში – გვინდა, მარგალიტის კულტივაციას ჩავუყაროთ საფუძველი, რაც საქართველოს ბაზარზე ინოვაციაა. ვგეგმავთ, რომ საბოლოოდ, ჩვენივე კულტივირებული მარგალიტით შევქმნათ პროდუქტი;
- ბრენდი, რომელიც დღეს, მარგალიტისა და ვერცხლის ნაკეთობებს მოიცავს, ახლო მომავალში სამოსისა და სხვა აქსესუარების დამატებას გეგმავს. THE PEARL CLUB უფრო ფილოსოფიაა, რომელიც ხაზს უსვამს ბუნებრივობისკენ სწრაფვას, სილამაზისა და ბუნების მნიშვნელობას ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაში. ბრენდი ამ კონცეფციის გავრცელებასა და ჩვენი ფერმის პოპულარიზაციას მოემსახურება.
M: გამოდის, რომ სამკაულები თქვენი ფერმიდან მიღებული მოსავლიდანვე მზადდება?
ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე რაოდენობის და შეზღუდული ფორმის მოსავალი გვაქვს. ჩვენი სამკაულისთვის, ძირითადად, უცხოურ მარგალიტს ვიყენებთ. პარტნიორები გვყავს ინდონეზიაში, იაპონიასა და ტაილანდში, საიდანაც კულტივირებულ მარგალიტს ვყიდულობთ. ასევე, ტაილანდელ ტექნოლოგებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც ფერმის გამართვაში გვეხმარებიან. როდესაც ფერმა სრულყოფილ სახეს მიიღებს, სამკაულს ჩვენივე მარგალიტით დავამზადებთ.
M: სად და როგორ იქმნება მარგალიტების კლუბის სამკაულები და მათ რეალიზებას რა არხების საშუალებით ცდილობთ?
სამკაულს რაც შეეხება, საქართველოში – ქართველი ოქრომჭედლებისა და გამოცდილი სპეციალისტების მიერ მზადდება. მარგალიტის გარდა, ჩვენს მთავარ პროდუქტში ვერცხლის (925 სინჯი) დეტალებსაც ვიყენებთ, გრავირებით – THEPEARLCLUB.
ამ ეტაპზე პროდუქტი ონლაინ, ორი არხის საშუალებით იყიდება – Instagram და Facebook. მალე დაგვემატება ვებგვერდი, რომელიც მზადების პროცესშია.
შეიძლება ითქვას, რომ პირველი კამპანიის დაგეგმვის პროცესში ვართ. შევქმენით ორი ვიდეორგოლი და ყოველი ახალი პროდუქტის საპრეზენტაციოდ გადაღებები მოვაწყვეთ. ჩვენი კამპანია და კონტენტი ორ თემაზეა ორიენტირებული:
- პროდუქციის პრეზენტაცია: დეტალური ფოტოები, გამოყენებული მასალა;
- აუდიტორიისთვის ჩვენი ხელწერისა და ესთეტიკის გაცნობა.
M: რა ტიპის აუდიტორიაზე გაქვთ ორიენტაცია აღებული?
ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა ასაკის, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის ადამიანისთვის იქმნება. ჩვენი მიზანია, ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს THE PEARL CLUB-ში საკუთარი ნივთის, ან შთაგონების წყაროს პოვნა.
View this post on Instagram
M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული The Pearl Club-ის საქმიანობა და როგორ აპირებთ ამ გამოწვევების გადალახვას?
კლუბის საქმიანობის ყველა ეტაპი და დეტალი ჩვენთვის ახალი, სასიამოვნო და საინტერესოა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ორნი ვართ და ეს საქმე ჩვენს 24 საათიან ჩართულობას მოითხოვს. ჩვენი შექმნილია ლოგო, ბრენდინგი, ჩვენვე ვქმნით კონტენტს, ვგეგმავთ კამპანიებს და ვმართავთ სოც. ქსელებს. გვინდა, ყველაფერი ჩვენს თავზე გამოვცადოთ და მალევე შემოვიერთოთ კლუბის ახალი წევრები.
M: რა იქნება ის მთავარი კომპონენტი, რომელზეც მარგალიტების კლუბის განვითარების სტრატეგია აიგება?
ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით, საიდუმლოდ დავტოვებთ.
სტრატეგიას რაც შეეხება, პირველ რიგში, გავაკეთებთ იმას, რაც სიამოვნებას მოგვანიჭებს. მოვუსმენთ მომხმარებელს, რომელიც ყველაზე კარგად გვკარნახობს, რა მიმართულებით უნდა ვიაროთ. შევეცდებით, მოქნილები ვიყოთ და ადამიანებს ყოველთვის შევთავაზოთ ის, რაც მათ დღეს ოდნავ უკეთესს გახდის.
ავტორი: თიკა გეგენავა