in

რამდენად დიდია ბრენდინგის ძალა?

მისი საფუძვლები ჯერ კიდევ 10 000 წლის წინ გაჩნდა

დიზაინი და ბრენდინგი თითოეული საქმის ნაწილს წარმოადგენს. ეს არის გზა იმისათვის, რომ კომპანიები არავერბალურად დაუკავშირდნენ საზოგადოებას და დაანახონ, ვინ არიან, რისი სწამთ და რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. იყო დრო, როცა მომხმარებლებს ნამდვილად აწუხებდათ, როგორი იქნებოდა თუნდაც გაზიანი სასმლის ბოთლის ფორმა, თუმცა ახლა ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა, ვიდრე ოდესმე — ადამიანებს სურთ დარწმუნდნენ, რომ კომპანიებს დიდი წვლილი შეაქვთ სამყაროს განვითარებაში.

როგორ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, დიზაინი და ბრენდინგი ადამიანის ქცევის ყველაზე ადრეულ ნიმუშებს შორისაა. ჯერ კიდევ 10 000 წლის წინ, რწმენის გადმოსაცემად, სიმბოლოების შექმნა დავიწყეთ. ჩვენ ამ დიზაინებს უფასოდ ვქმნიდით ერთმანეთისთვის, რაც ე. წ. „ქვემოდან ზემოთ“ მოდელი იყო.

ხოლო ბოლო 250 წლის განმავლობაში ბრენდინგის მოდელი შეიცვალა, როცა კორპორაციებმა ამ ქცევის მორგება დაიწყეს, რათა ბრენდირებული პროდუქტების მასშტაბური გავრცელება უზრუნველეყოთ — იქნება ეს რელიგია, პოლიტიკური პლატფორმა, უშაქრო სასმელი თუ სხვა. ყველა ეს დიზაინი ერთნაირად იყენებს ბრენდირებას, ცნობადი კონსენსუსის შესაქმნელად.

ბოლო 10 წლის განმავლობაში კი აშკარა გახდა, რომ კვლავ „ქვემოდან ზემოთ“ მოდელზე ვბრუნდებით. მარტივად რომ ვთქვათ, ბრენდინგი არა მხოლოდ კაპიტალიზმის იარაღი, არამედ ადამიანის სულის ღრმა გამოვლინებაა. ხალხი გაცილებით კრიტიკული გახდა იმის მიმართ, რაც ორგანიზაციების უკან დგას. მაგალითად, გავიხსენოთ Black Lives Matter კამპანია, რომელშიც მთელი მსოფლიოს ბრენდები ჩაერთნენ და მის ფარგლებში უამრავი ახალი პროდუქტი შექმნეს. რა თქმა უნდა, საზოგადოებაც ერთიანად აჰყვა ამ დადებით ტალღას.

თუმცა არის შემთხვევები, როცა კომპანია გარკვეულ რისკზე მიდის და თამამ ნაბიჯს დგამს, თუ რას უცხადებს მხარდაჭერას. ასეთი იყო Nike, რომელმაც კოლინ კეპერნიკს დაუჭირა მხარი, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა. თუმცა უკმაყოფილების ეს საწყისი ტალღა ხანმოკლე აღმოჩნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ადამიანების უმეტესობა რეალურად ემხრობოდა კომპანიას.

ეს ყველაფერი იმაში გვარწმუნებს, რომ ბრენდინგს საზოგადოების ქცევის, მომხმარებელს კი პლანეტის მომავლის შეცვლა შეუძლია იმ მარტივი არჩევანით, თუ რომელი კომპანიის მატერიალურ ან არამატერიალურ პროდუქტს გამოიყენებს.

ვინც ფიქრობს ბრენდის შექმნაზე, პირველი კითხვა ასეთი უნდა იყოს: რაში გვჭირდება ეს ნივთი, იდეა, რწმენა, პროდუქტი? რატომ? მეორე კითხვა კი ასეთი: ხალხი მოგცემთ ფულს ამ პროდუქტისთვის ან ხალხი დაგიჯერებთ? რა სარგებელი მოაქვს კაცობრიობისთვის? და თუ გონივრული, სტრატეგიული პასუხები გაქვთ ორივე კითხვაზე, შეგიძლიათ, თამამად დაიწყოთ რაღაც ღირებულის შექმნა.

მეცნიერებმა პირველი კვანტური წრედი შექმნეს!

Glovo და SEU აბიტურიენტების მხარდასაჭერად ერთიანდებიან