რა ძალა აქვს უარს? ქალისა და კაცის პროფესიული განვითარების გზა ერთმანეთისგან მრავალი ასპექტით განსხვავდება. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება თიბისისა და Forbes Woman Georgia-ს ერთობლივი სამიტი The Power of No. ღონისძიების მთავარი აქცენტი ეძღვნება იმ სტრუქტურულ და კულტურულ ბარიერებს, რომლებიც ქალთა კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. The Power Of No – მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და პროფესიულ გზაზე მათ მოტივირებას. კონფერენციაზე დამწყები და შემდგარი პროფესიონალი ქალები გაეცნობიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი წარმატებული ქალების პროფესიულ ბიოგრაფიებს, მათ კარიერულ განვითარებაში „არას“ როლს და ამ გამოცდილებას
ცოდნად აქცევენ.
ღონისძიება, 22 აპრილს, 12:00-20:00 საათამდე, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართება. მოწვეული სპიკერები აუდიტორიას თავიანთ ისტორიებს გააცნობენ და პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ.
„ქალთა გაძლიერება თიბისისთვის ის სივრცეა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ბრენდის კულტურასთან და ESG სტრატეგიასთან. ეს ინიციატივა ბევრი ქალისთვის მოტივაციის მიმცემი და შთამაგონებელია, მნიშვნელოვანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. წარმატების მაგალითი მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც ქალებს ცხოვრებისეული და პროფესიული ბარიერების გადალახვაში დაეხმარება. გვჯერა, რომ Forbes Woman-თან ჩვენი მორიგი პარტნიორობა ბევრი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მუხტად იქცევა, რომ უკეთესობისკენ შეცვალონ ის, რისი შეცვლაც შეუძლიათ“, – ამბობს თამთა კუპრაძე, თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდერი.
სამიტის შესახებ დეტალებზე ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ქეთა ლომიძე გვესაუბრა.
M: სამიტის მთავარი თემა ქალისა და მამაკაცის პროფესიული განვითარების სხვაობას უკავშირდება. რა არის ის მთავარი საკითხები, რისი ხაზგასმაც გსურთ, ღონისძიების ფარგლებში?
ყველა ადამიანს და განსაკუთრებით, ქალს აქვს ისეთი გამოცდილება, რომელიც უკავშირდება სიტყვა „არას“. შემდეგ კი ეს „არა“ იმ ისტორიებად გადაიქცევა, რომლებიც ჩვენი სპიკერების შემთხვევაში, მათი წინსვლის ამბად ყალიბდება ხოლმე. ქალისა და კაცის პროფესიული განვითარების გზა ერთმანეთისგან მრავალი ასპექტით განსხვავდება. დისკუსიის საშუალებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ როგორც დამწყებ და ახალგაზრდა, ასევე, უკვე შემდგარ პროფესიონალებს, გავაცნოთ სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქართველი ქალის პროფესიული ბიოგრაფია და დამსწრე საზოგადოება წინააღმდეგობების გადააზრებისა და გადალახვის მაგალითებზე დავაფიქროთ.
M: რა აფერხებთ ქალებს კარიერულ განვითარებაში ყველაზე მეტად და როგორ გსურთ ამ მოცემულობის შეცვლა, სამიტის საშუალებით?
“NO”-ს, ანუ „არას“ ჩვენ მეტაფორად ვიყენებთ. მასში გაერთიანებულია ყველა ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ქალის წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. ეს ფაქტორებია: სოციალური კონტექსტი, კულტურული და გენდერული ნორმები, უხილავი ფორმით ჩაგვრა ინსტიტუციურ მოწყობაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითდამაკნინებელი განწყობა, ანუ ის „არა“, რომელსაც საკუთარ თავს ვეუბნებით.
ქალის პროფესიული განვითრების შემაფერხებელი ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი ნატიფი, კულტურაში გათქვეფილი, არა-თვალშისაცემი ფენომენებია; ისინი ჩვენს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო არსებობასა და კომუნიკაციაში იმდენად ღრმად არის ინტეგრირებული, რომ მათი შემჩნევა და გამოცალკევება თითქმის შეუძლებელია.
რაც შეეხება ცვლილებას, ბუნებრივია, ამ მოცემულობის შეცვლა ასე ადვილი არ არის. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები მუდვივად იყოს ყველას დღის წესრიგში და მათზე დისკუსიამ მოიცვას საზოგადოების ყველა სეგმენტი.
M: რა არის The Power Of No-ს მთავარი სათქმელი?
The Power of NO-ს ამ წამოწყებით ჩვენ ადამიანების ავთენტურსა და ცოცხალ ისტორიებს შევკრებთ, თეორიულ ჩარჩოში გავაანალიზებთ, ცნებით კატეგორიებად ვთარგმნით და ცოდნად ვაქცევთ.
M: ყველაზე მეტად, რით გინდათ, რომ იყოს სამიტი დასამახსოვრებელი?
მოტივიაციის ზრდის, ინსპირაციის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა “The Power of No”-ს მონაწილეები ცოდნას ინტერაქციულად, საველე პირობებში წარმოქმნიან. ქალისა და ზოგადად – ადამიანის – განვითარების ეროვნული დისკურსი კი რამდენიმე ასეული ადამიანის შემოქმედებითი თანაავტორობით აიგება.