სიგარეტის საწინააღმდეგო რეკლამების უმეტესობა ჯანმრთელობის გრძელვადიან ეფექტებზეა ფოკუსირებული, როგორიცაა მაგალითად, კიბოს გაზრდილი რისკი. უახლესი ნაშრომი კი, FDA-ის მიმდინარე კამპანიაში „მოწევის რეალური ღირებულება“, მოწევის უშუალო ეფექტებს იკვლევს მენტალურ ჯანმრთელობაზე. კამპანიაზე სააგენტო FCB New York-მა იმუშავა.
30-წამიან ვიდეოში „აუქციონერი“ (Auctioneer) თინეიჯერთა ჯგუფი ფსონს დებს სიგარეტის კოლოფზე — ისინი უარს ამბობენ კარგ ძილზე, კონცენტრირების უნარსა და სიმშვიდეზე. სხვა სიტყვებით, შფოთვის ყველა სიმპტომს იღებენ, რომელიც შეიძლება სწორედ სიგარეტისადმი ლტოლვით იყოს გამოწვეული.
„ზეტ თაობას სურს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ჩაერთოს. ამიტომაც, ნიკოტინის შემცირების, სიგარეტის ზემოქმედებისა და შფოთვის საკითხები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ კამპანიის დამაჯერებლობით და მოუთმენლობით ველით დიალოგის გაგრძელებას“, — ამბობს ქეითი კროსბი, თამბაქოს პროდუქტების ცენტრის დირექტორი.
ყოველი ოთხი მოზარდიდან სამი ეწევა
რაც შეეხება მეორე რეკლამას Every Smoker Said, ნაჩვენებია თინეიჯერი გოგონა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ საზოგადოებაში ეწევა და ამ ჩვევას „სულ მალე მიატოვებს“. შემდეგ კადრში კი ნაჩვენებია ზრდასრულთა ჯგუფი, რომლებიც სიგარეტზე დამოკიდებულები გახდნენ.
„ახალგაზრდა მწეველთა უმეტესობა ცხოვრობს ილუზიით, რომ მათ შეუძლიათ, მოწევა ნებისმიერ დროს მიატოვონ. საბოლოოდ კი ამას ვერ ახერხებენ და დამოკიდებულების რისკებს ამართლებენ. ეს კამპანია ამ ილუზიას იმედგაცრუებად აქცევს, იყენებს ხანდაზმულ მწეველთა სინანულის ხმებს, რომლებიც ერთ დროს ამ მავნე ჩვევის მიტოვებას აპირებდნენ“, — აღნიშნავს FCB New York-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, გარი რეში.