პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უკრაინამ მსოფლიო თავიანთი პირველი ციფრული ოლიმპიური გუნდის წარდგენით გააოცა, რომელიც ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენებისგან შედგება. შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიის გამო თითქმის 500 უკრაინელი სპორტსმენი გარდაიცვალა და მათი ოლიმპიური ოცნებებიც აუხდენელი დარჩა. ისინი უსამართლო ომში 2022-2024 წლებში დაიღუპნენ, თუმცა ახლა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მსოფლიო მათი ამბების მოსმენას შეძლებს.
მსხვერპლთა ოჯახების თანხმობით, The Revived დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების სახელებსა და მათ პოტენციალს გვაჩვენებს, რომელიც რუსეთმა მსოფლიოს მოჰპარა.
„ჩვენ გვინდა შევახსენოთ ადამიანებს, რომ უკრაინაში დაღუპული ადამიანები მხოლოდ ციფრებს არ შეადგენენ — ისინი არიან სახეები, ხმები, გულები და ოცნებები“, — აცხადებს ინა ტაბაჩენკო, BBDO Germany-ის ქოფირაითერი.
კამპანიის მთავარი გმირი ახალგაზრდა მოკრივე მაქსიმ ჰალინიჩევია, რომელიც გასულ წელს ფრონტის ხაზზე 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გვერდით კიდევ 5 სპორტსმენს ვხედავთ: ველოსიპედისტ ანასტასია ჰონჩაროვას, მოფარიკავე ფედირ იეპიფანოვს, მძლეოსან ოლექსანდრ პილაიშენკოს, მოცურავე ნიკიტა ზასიადკოსა და ფეხბურთელ მიკოლა ჟიდკოვს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოლიმპიური თამაშები მშვიდობის ძლიერი გზავნილის გასავრცელებლად გამოვიყენოთ. ამისთვის უნიკალურ AI ტექნოლოგიას მივმართეთ, რაც გარდაცვლილი სპორტსმენების „გაცოცხლებასა“ და მათი ამბების ემოციური გზით მოყოლას შესაძლებელს ხდის“, — ამბობს ფრანკ ჰანი, TEAMBBDO-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
The Revived პარიზის ოლიმპიურ სოფელში უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ, BRAND UKRAINE-თან ერთად, წარადგინა.