ცოტა ხნის წინ გიამბეთ, როგორ გააოცა უკრაინამ მსოფლიო თავიანთი პირველი ციფრული ოლიმპიური გუნდის წარდგენით. ოლიმპიური ნაკრები ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენებისგან შედგებოდა.

კამპანიის იდეა BBDO გერმანიის არტ დირექტორ ლიზა ღლონტსა და ქოფირაითერ ინნა ტაბაჩენკოს გაუჩნდათ. აღსანიშნავია, ლიზა და ინნა 2024 წელს, კანის ახალგაზრდა ლომების საერთაშორისო ჩემპიონატზე ერთად ასპარეზობდნენ, გერმანიის სახელით.
როგორც იდეის ავტორები ჰყვებიან, ამ პროექტს არ ჰქონია ბრიფი. ის დიდი ტკივილისა და უსამართლობის განცდისგან დაიბადა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიის გამო, 2022-2024 წლებში, თითქმის 500 უკრაინელი სპორტსმენი გარდაიცვალა და მათი ოლიმპიური ოცნებებიც აუხდენელი დარჩა. AI-ის საშუალებით კი, ლიზამ და ინნამ მსოფლიოსთვის უკრაინელი სპორტსმენების დაკარგული პოტენციალის გაზიარება განიზრახეს. მათი ინიციატივით შეიქმნა კამპანია The Revived, რომელიც პარიზის ოლიმპიურ სოფელში უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ, BRAND UKRAINE-თან ერთად წარადგინა.
„იდეა ჩვენს კრეატიულ დირექტორს ერთი წლის წინ გავაცანით ინამ და მე. ჩვენთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია და გვინდოდა შეგვექმნა ნამუშევარი, რომელიც მსოფლიოს შეახსენებდა ამ ტრაგედიის შესახებ. კონცეპტმა ბევრი ტრანსფორმაცია გაიარა რომ აქამდე მოსულიყო.
თითოეულ კადრს, სიტყვას და დეტალს სათუთად ვეპყრობოდით ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. ემოციურად ძალიან რთული იყო მუშაობის პროცესი,“ – გვიყვება ლიზა ღლონტი.

„ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო. იდეა გასული წლის ივლისში დაიბადა. ამ იდეისთვის 1000 კლიენტი გვყავდა მხედველობაში, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, რომ ეს უკრაინიდან უნდა წამოსულიყო,“ – ამბობს ინნა ტაბაჩენკო.
მუშაობის პროცესი რთული და ხანგრძლივი იყო. ვიდეორგოლის მთავარი გმირი, 22 წლის მოკრივე მაქსიმ ჰალინიჩევია, რომელიც ომმა შეიწირა. ის საკუთარ ოცნებებსა და მიზნებზე გვიყვება, რომლებიც აუხდენელი დარჩა. მუშაობის პროცესში ჩართულები იყვნენ დაღუპული სპორტსმენების ოჯახები, რომელთა თანხმობითაც შედგა პროექტი.
ლიზა ღლონტი: „თითოეულ კადრს, სიტყვას და დეტალს სათუთად ვეპყრობოდით ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. ემოციურად ძალიან რთული იყო მუშაობის პროცესი. ძალიან ემოციური იყო ოჯახებთან კომუნიკაცია. მათ მოგვაწოდეს ფოტოები, ვიდეოები, ისტორიები,ხმოვანი ჩანაწერები, რომ პროექტი განგვეხორციელებინა.“
ინნა ტაბაჩენკო: „ჩავატარეთ მასშტაბური კვლევა, გავეცანით ასობით მტკივნეულ ამბავს, დავუკავშირდით ოჯახებს, მათ გაგვიზიარეს ყველაზე მტკივნეული ისტორიები და მასალები.
რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა ვნახო, რომ მსოფლიოს ყველა მედია აზიარებს The Revived-ის ისტორიებს. მაგრამ მე უკვე მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხმაურება – ეს გახლავთ მადლობა სპორტსმენების ოჯახებისგან“.
ციფრული ოლიმპიური ნაკრების პარალელურად, შეიქმნა ოლიმპიური მედლების ყუთები, სადაც მედლის ნაცვლად, სამხედრო ჟეტონი არის მოთავსებული:
ლიზა ღლონტი: „შევქმენით ოლიმპიური მედლის ყუთის მსგავსი ყუთები, რომლებსაც მედლისთვის განკუთვნილი ადგილიც აქვთ. თუმცა მედლის მაგივრად იქ მაკსიმის სამხედრო ჟეტონი არის მოთავსებული. ჟეტონის ქვეშ კი ამოიკითხავთ ფრაზას „ეს უნდა ყოფილიყო მისი ოლიმპიური მედალი. მაგრამ ეს მაკსიმის სამხედრო ჟეტონია. მან სიცოცხლე სამშობლოსთვის გაწირა”.
M: ლიზა, როგორც თქვი, კამპანიის შექმნის პროცესი ექსპერიმენტული ხასიათის იყო, რადგან არაერთი ახალი AI ხელსაწყო გამოიყენეთ…
ლიზა ღლონტი: იდეის განხორციელებაში დაგვეხმარა ბერლინში არსებული AI ფროდაქშენ კომპანია Tektite, რომელიც ახალი დაარსებულია. ეს ყველასთვის დიდი ექსპერიმენტი იყო. ხელსაწყოები რომლებსაც ვიყენებდით, სულ რამოდენიმე თვეა გამოვიდა. იმისათვის, რომ მიგვეღო ჰიპერრეალისტური გამოსახულებები, მოდელი თითოეული ათლეტისთვის გაიწრთვნა, ისე რომ, პროექტის საერთო ვიზუალური ესთეტიკა შენარჩუნებულიყო.
ხელოვნური ინტელექტით ემოციური ნარატივის შექმნა ადვილი არ არის. მსგავსი მაგალითი არც მახსენდება და ყველაზე დიდი რისკიც ეს იყო, როცა ამ ტექნიკით გადავწყვიტეთ პროექტის განხორციელება. იყო ალტერნატივებიც, როგორიცაა Unreal Engine Metahumans თუმცა ის რეალიზმი, რომლის მიღწევაც გვინდოდა სწორედ ამ (ხელოვნური ინტელქტის) გზით გამოდიოდა. ეს არ იყო ერთი რომელიმე ხელსაწყო, არამედ „ვორქფლოუ“, რომელიც რამოდენიმე ინსტრუმენტს აერთიანებდა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
















