in

Adidas სამსუნგის გახმაურებული კამპანიის სიუჟეტს იმეორებს

ბრენდი სირბილის დროს ქალთა უსაფრთხოებაზე საუბრობს…

გასულ წელს Samsung-ის Night Owls-ის კამპანია, რომელშიც მთავარი თემა სირბილის დროს ქალთა უსაფრთხოება იყო, დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა. Advertising Standards Authority-ში (ASA) ამ რეკლამაზე 27 საჩივარი შევიდა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მის გამოშვებას რამდენიმე ქალის მკვლელობა დაემთხვა, რომელიც სწორედ ღამით სირბილისას მოხდა… დიახ, ახლა ადიდასი სწორედ მსგავს სიუჟეტს გვთავაზობს, თუმცა სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მოდით, განვიხილოთ, რა მოხდა სამსუნგის კამპანიის შემთხვევაში. 

სამსუნგის სიუჟეტი საკმაოდ მარტივი იყო, თავდაჯერებული ქალი ღამით ქუჩებში დარბოდა… ერთი შეხედვით, აქ არაფერი იყო ისეთი, რასაც მსგავსი ვნებათაღელვა უნდა გამოეწვია, თუ არ ჩავთვლით მკვლელობის ამბავს, რომელიც უბრალოდ ცუდი დამთხვევა გამოდგა… თვლიდნენ, რომ ეს დანაშაულის წამახალისებელი რეკლამა იყო და ქალებს დაუცველ მდგომარეობაში აგდებდა.

თუმცა ეს ის არ არის, რასაც ASA-ს მარეგულირებლები ამბობდნენ. მათი აზრით, იმის გამო, რომ რეკლამაში კარგად ჩანდნენ სხვა ადამიანები, ქუჩა კარგად განათებული და უსაფრთხო იყო, სამსუნგის სიუჟეტი მსგავსი თავდასხმების წახალისებად არ უნდა ჩაგვეთვალა. მეტიც, ამბობდნენ, რომ ეს ადამიანის კონტროლს მიღმა არსებული საკითხია, შესაბამისად, რეკლამა არც სახიფათო პრაქტიკას წაახალისებდა. მიუხედავად მარეგულირებლისგან მიღებული მწვანე შუქისა, სამსუნგმა რეკლამები ტელევიზიიდან და კინოდან მძაფრი კრიტიკის გამო ამოიღო. 

ახლა კი Adidas ზუსტად ამ თემას ეხება. Samsung-ის სიუჟეტი რამდენად ჩაითვლება შთაგონებად ეს ცოტა სადაო საკითხია ან ასე ბრენდი ხომ არ ცდილობს კონკრეტულ საკითხზე ამჯერად უფრო წარმატებით ისაუბროს, მაგრამ ფაქტია, რომ Adidas-ის კამპანიას წინ მრავალი კვლევა უძღოდა. კონკრეტულად კი, Adidas Running აპლიკაციით გამოკითხვა 9 000 ქალზე ჩატარდა, 68%-ს წინასწარ გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება უწევდათ, რათა ქუჩებში უსაფრთხოდ ვარჯიში შესძლებოდათ. აქ ცალი ყურსასმენით სირბილზე, გამაფრთხილებელი სასტვენის ქონასა და თავისუფალი ტანსაცმლის ტარებაზე საუბრობდნენ. 

სხვა კვლევებში გამოკითხულ ქალთა 92% უსაფრთხოების საკითხებზე სწუხდა, ნაწილს ფიზიკური თავდასხმის შიში ჰქონდა, 38%-ს კი უკვე განუცდია ფიზიკური თუ ვერბალური შეურაცხყოფა… Adidas-ის განცხადებით, კონკრეტული მაჩვენებლები მას ცვლილებებისა და დამოკიდებულებების გარდაქმნის საჭიროებებისკენ მიუთითებდა. აქ კიდევ ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელს გვიზიარებენ — მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცების 62% აცნობიერებს ამ საკითხს, მხოლოდ 18% იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, ქალებს დაეხმარონ, სირბილის დროს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. 

დიახ, ეს ყველაფერი გახდა Ridiculous Run-ის შექმნის მიზეზი — უპირისპირდება იმ სასაცილო ზომებს, რომლებსაც ქალებმა უნდა მიმართონ უსაფრთხოდ ვარჯიშისთვის. მიზანი სწორედ ცნობიერების გაზრდაა იმ რეალობის შესახებ, რომელსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან და მოუწოდებს მამაკაცებს, მეტად დაუჭირონ მათ მხარი. 

ერთ ეკიპაჟში გაერთიანებული ცალი ყურსასმენის მქონე და თავისუფალი ტანსაცმლის მატარებელი მორბენალები, ბაიკერები, ცხენოსნები, მოციგურავეები… ეს ყველაფერი იმისთვისაა ნაჩვენები, რომ გვითხრას, რამდენად სასაცილოდ გამოიყურება უსაფრთხოდ სირბილი ქალებისთვის… 

Adidas კამპანიის უკან კი ახლა TBWA/Neboko დგას, რომელიც მსგავსად უფრო დიდი პროექტის Wit Women We Run-ის ნაწილს წარმოგვიდგენს. ბრენდი White Ribbon-თანაც თანამშრომლობს, რათა უსაფრთხოდ სირბილი ყველასთვის შესაძლებელი გახადოს.

3D პრინტერით ჩიზქეიქი დაბეჭდეს — ახალი ეპოქა კულინარიაში

ერთ ღამეში გაჩენილი იდეა, რომელიც მსოფლიო ბრენდად იქცა – Hilton Hotels