6
Jun
2019

მეცნიერება სთორითელინგის მიღმა: რატომ გვიყვარს ამბები

6 Jun 2019

გსმენიათ ხომ ამბის თხრობის ხელოვნების, ე.წ. სთორითელინგის მნიშვნელოვან როლზე ბიზნესში, მარკეტინგსა და ზოგადად, ცხოვრებაში… რომ მას აქვს პოტენციალი, მასობრივი ზეგავლენის მოხდენის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი იყოს?!

pasha-statiebi
pasha-statiebi

და რატომ გვიყვარს ამბების მოსმენა ასე ძალიან? რა აძლევს მათ უნიკალურ ძალას? – ჯოშუა ვანდებრეიქი ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან მეცნიერება დგას.

ჩვენ ქმნილებები ვართ, ამბებზე დამოკიდებულნი. მაშინაც კი, როცა ჩვენს სხეულებს სძინავს, გონება მთელი ღამის განმავლობაში ფხიზლადაა და თვითონვე ჰყვება ამბებს – ჯონათან გოთშელი, “The Storytelling Animal: How Stories Make Us Human“.

როცა ვისმენთ ამბავს, რომელიც ჩვენში რეზონანსს იწვევს, ჰორმონ ოქსიტოცინის დონე ზევით იწევს.

ოქსიტოცინი – „კარგი შეგრძნებების“ ჰორმონი

ოქსიტოცინი ჩვენში ისეთ გრძნობებს ზრდის, როგორიცაა: ნდობა, დახმარების სურვილი და ემპათია. შესაბამისად, ამ ჰორმონსაც აქვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, ჩვენს პოზიტიურ სოციალურ ქცევაზე გავლენის პასუხისმგებლობა.

ამბებს ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების, თანაგრძნობის, თანაზიარობის უნიკალური უნარი აქვს. დიდმა და გამოცდილმა ბრენდებმა ეს ძალიან კარგად იციან და თავიანთი ძალისხმევის დიდ ნაწილს, საკუთარ აუდიტორიასთან მყარი და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ახმარენ.

უფრო ღრმად ამაზე

ენის პოროცესირება მოიაზრებს ადამიანების მიერ სიტყვების გამოყენებას იდეებისა და გრძნობების გადმოსაცემად და ასევე, იმას, თუ როგორ ხდება ამგვარი კომუნიკაციის დამუშავება და გაგება.

როცა პრეზენტაციას ვუსმენთ მოსაწყენი მონაცემებით, ტვინის მხოლოდ გარკვეული ნაწილები აქტიურდება. მეცნიერები ამას ბროკას არესა და ვერნიკეს არეს უწოდებენ – ენის პროცესირებაში მონაწილე ნერვულ სტრუქტურებს.

თუმცა, როცა ამბავს გვიყვებიან, ამ შემთხვევაში, მოვლენები დრამატულად იცვლება. აქ არა მხოლოდ ენის პროცესირებაზე პასუხისმგებელი არეები აქტიურდება, არამედ ამბის შესაბამისად, ჩვენი ტვინის სხვა ნაწილებიც.

მაგალითად, როცა ვინმე გემრიელ საჭმელზე გვიყვება, ცერებრული ქერქის სენსორული ზონა ინთება. თუ მოძრაობაზეა ამბავი, ჩვენი მოტორული კორტექსი აქტიურდება. კორტექსი, ანუ თავის ქერქი, რომელიც უზრუნველყოფს მოვლენების აღქმაზე ბიოლოგიურ პასუხებს – ავტონომიურ ფიზიოლოგიურ აგზნებას და სხვა სხეულებრივ რეაქციებს, რასაც სპეციფიკური ემოციის განცდამდე მივყავართ; აგრეთვე – სხვადასხვა ასოციაციისა და მოგონებების გამოწვევას, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურ გამოცდილებას სძენს.

პრინსტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერთა ჯგუფის კვლევა ამბობს:

„წინა ნამუშევარში შევთანხმდით, რომ ნამდვილად, კონკრეტულმა ამბავმა, ყველა მსმენელის ტვინის სხვადასხვა არეში ცვლილებები გამოიწვია“.

„კომუნიკაცია ტვინებს შორის გაცვლილი ინფორმაციის შედეგია. აქ ნაჩვენები დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ წარმატებული კომუნიკაციის დროს, მომხსენებლებისა და მსმენელების ტვინი ერთნაირ, დროებით რეაქციებს ავლენს“.

ამ ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) დროს, მთხრობელისა თუ მსმენელის ტვინში, ზუსტად ერთი და იგივე ადგილები ინთებოდა. იმიტომ, რომ ალეგორიულად, მსმენელის ტვინი მთხრობელის ტვინს აირეკლავს – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ამბავს კარგად გვიყვებიან, ჩვენი ტვინი ისე რეაგირებს, თითქოს ამ ამბის მონაწილეები თავადვე ვიყოთ.

გადავხედოთ მულტფილმებსაც

გახსოვთ „მეფე ლომი“, სქარი მუსაფას კლდიდან რომ აგდებს, ანტილოპების ზღვაში? ხომ ისევე სიმძაფრით განიცდით ამ ამბავს როგორც სიმბა?

და რას იტყვით „თოვლის გუნდაზე“ – ალბათ, ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი გულამოსკვნით რომ არ ეტიროს წვიმადგადაქცეულ თოვლის გუნდაზე…

ადამიანები ემპათიური ქმნილებები ვართ. ნახატი პერსონაჟის პერსონიფიცირება, მისი გაადამიანურება მაყურებელში ოქსიტოცინის გამოყოფას ეხმარება, რაც ამარტივებს პერსონაჟის ტყავში შეძრომას და მასთან ღრმა ემოციური კავშირის დამყარებას.

ამბები გვაგრძნობინებს ხოლმე, რომ რაღაც უფრო დიდებულის ნაწილები ვხდებით, ვიდრე ჩვენ თავადვე ვართ.

სთორითელინგი + მარკეტინგი

თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის სთორითელინგისკენ მიმართვით, უფრო ჩამთრევ კონტენტს შექმნით, ვიდრე უბრალოდ, პროდუქტის მახასიათებლებსა და სარგებლიანობაზე ხაზგასმით.

საიდან უნდა დაიწყოთ სთორითელინგის გამოყენება? – ამისკენ ორი ძირითადი გზა მიდის:

  1. „ჩვენ შესახებ“ გვერდი;
  2. სიტუაციის ანალიზის მეთოდი (Case study).

1. „ჩვენ შესახებ“

ბევრი ბიზნესისთვის „ჩვენ შესახებ“ მეორე, ყველაზე ნახვადი გვერდია ვებსაიტზე, მთავარი გვერდის შემდეგ. ამის გავრცელებული მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანებს თქვენი ისტორიის მოსმენა/წაკითხვა სურთ.

და თქვენც, მიეცით ადამიანებს ის, რისთვისაც მოგაკითხეს. დაწერეთ ამბავი, რომელიც თქვენს კომპანიაზე საინტერესოდ მოგვითხრობს:

  • მოუყევით მათ, როდის და რატომ დაფუძნდა კომპანია;
  • ისაუბრეთ დამფუძნებლის ხედვაზე, როგორი ის იყო კომპანიის ფუნქციონირების საწყის ეტაპზე;
  • აღწერეთ კომპანიის ევოლუცია დასაწყისიდან დღემდე;
  • დაწერეთ, რა არის კომპანიის მთავარი მიზანი და გააზიარეთ ის ღირებულებები, რომელზეც კომპანია დგას;
  • ბონუსად: გუნდის წევრების ფოტოებსაც თუ დაურთავთ, უკეთესი იქნება.

გამოიყენეთ ის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც თქვენს კომპანიას აქვს და რაც ასეთი მნიშვნელოვანია აუდიტორიისთვის.

2. ქეის სთადი

ქეის სთადი შესანიშნავი გზაა პირდაპირ კლიენტებისგან ამბებით უწყვეტად მოსამარაგებლად. ისინი, ასევე, საშუალებას გაძლევენ, თავი მოიწონოთ იმ შედეგებით, რომლის მიღწევაშიც სწორედ თქვენ დაეხმარეთ.

ქეის სთადის დასაწერად საუკეთესო გზაა, თქვენს აუდიტორიასთან ის მომხმარებელი დააკავშიროთ, ვისი პრობლემაც, თქვენი დახმარებით გადაიჭრა:

  • წესი #1 თქვენი მომხმარებელი ამბის მთავარ გმირად აქციეთ;
  • გააცანით ის თქვენს აუდიტორიას: მოუყევით მის ამბავს, მათი ბიზნესი რა პრობლემას ჭრის;
  • თუ ისინი ბაზარზე ლიდერები არიან, ეგეც აღნიშეთ;
  • თუ შეგიძლიათ, ჩამოთვალეთ იმ გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანების სახელები, ვისთან ერთადაც იმ კომპანიაში მუშაობდით. კარგი იქნება, კონკრეტული ადამიანის ფოტოსაც თუ გამოიყენებთ. სახელისა და ფოტოს ერთად დადება კავშირის დამყარებას აჩქარებს (მნიშვნელოვანი შენიშვნა: დარწმუნდით, რომ ამის ნებართვა წინასწარ მოიპოვეთ).

მას შემდეგ, რაც უკვე აუდიტორიასთან კავშირს დაამყარებთ, მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ იმ პრობლემის გამხელა, რომელიც თქვენი დამხარებით გადაიჭრა.

აღწერეთ სცენა, აჩვენეთ შედეგები და მოჰყევით ამბავს.

მოკლედ, ასე შეგიძლიათ, სთორითელინგ ბრენდად იქცეთ

მეცნიერება ამბობს: ადამიანებს კარგად მოყოლილი ამბები აინტერესებთ, რადგან ჩვენ ბიოლოგიურად და ნეიროლოგიურად, ამბებთან ვართ დაკავშირებულები და…

გარდა ამისა,

უბრალოდ, ყველას უყვარს კარგი ისტორიების მოსმენა.

მომზადებულია medium-ის სტატიაზე დაყრდნობით.



განხილვა